20:45 | 2020-05-23 ავტორი: Prime Time

საქართველო – შავი ზღვის გასაღები

საქართველო – შავი ზღვის გასაღები

ამერიკის საზღვაო ძალების ვებგვერდი აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო-შავი ზღვის გასაღები“.

 

გთავაზოვთ სტატიის თარგმანს სრულად.

 

„მართალია, თავდაცვის სფეროს ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირი და ანალიტიკოსი ყურადღებას, თითქმის მთლიანად, უთმობს საფრთხეებს ჩინეთის მხრიდან, რუსეთის უგულებელყოფა ამ მხრივ შეცდომა იქნებოდა.

 

გრძელვადიან ჭრილში ჩინეთი მართლაც წარმოადგენს უფრო დიდი შეშფოთების საგანს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის მზარდ მოსახლეობას, სამხედრო ხარჯებს და საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას,

 

ასევე ვერ მიჰყვება ფეხდაფეხ ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ ჩინეთის ეკონომიკურ სიძლიერეს – მიუხედავად ამისა, ეს არ გამორიცხავს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი მოკლევადიან ჭრილში წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის.

 

ისტორია გვასწავლის, რომ ძალაუფლებისთვის წარმოებული ბევრი დიდი კონკურენცია კონფლიქტით მთავრდება, როცა ახალი ძალა „საბრძოლველად იწვევს“ დიდი ხნის განმავლობაში დომინანტ ძალას.

 

ფენომენი, რომელსაც ისტორიკოსი გრემ ელისონი „თუკიდიდეს ხაფანგს“ უწოდებს, თავს იჩენს, როცა ჰეგემონი სირთულეებს აწყდება ახალ მსოფლიო წყობასთან მორგების თვალსაზრისით, რომლის ფარგლებშიც მას მოუწევს ძალაუფლების გაზიარება – შედეგად, ჰეგემონი ხშირად უნებლიედ იწყებს კონფლიქტს და ცდილობს აღზევების გზაზე მდგარი ახალი ძალის დათრგუნვას.

 

პელოპონესის ომის დროს ასეთმა კონფლიქტმა გამოიწვია ჰეგემონის განადგურება, რომელმაც სათანადოდ არ დააფასა ახალი ძალის სიმტკიცე და მოსახლეობის ნება.

 

თუკი ამერიკის შეერთებული შტატები გაება ასეთ მახეში ჩინეთთან მიმართებაში, იგი მზად უნდა იყოს აღმოსავლეთში ბრძოლისთვის და, ამავე დროს, თავი უნდა აარიდოს მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთში.

 

ასეთ სიტუაციაში რუსეთი, დიდი ალბათობით, შეეცდება ამერიკის შეერთებული შტატების (რომლის ყურადღება გადატანილი იქნება სხვა მიმართულებით) და ნატოს ალიანსის სიმტკიცის გამოცდას, როგორც მან ოდესღაც სათავისოდ გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში უყურადღებობა შუა აღმოსავლეთში და კვლავ მოიკიდა ფეხი შავ ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

 

ორ ფრონტზე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ჰყავდეს ისეთი მოკავშირეები, რომლებიც მზად იქნებიან, საკუთარი ძალებით წინ აღუდგნენ რუსეთს.

 

ნატოს ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი განმარტავს: „გლობალურ არენაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდ უპირატესობას წარმოადგენს მისი მოკავშირეების, პარტნიორებისა და მეგობრების ქსელი“. მოკავშირეებს შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალის გაათმაგება რთულად მისადგომ ადგილებზე წვდომის, ლოგისტიკის ხელშეწყობის და დაზვერვის ღირებული ინფორმაციის გაზიარების გზით.

 

ამჟამინდელი საფრთხე

მოკლევადიან ჭრილში კონფლიქტი უფრო სავარაუდოა რუსეთთან. მთლიანი შიდა პროდუქტის წილის თვალსაზრისით, რუსეთი მეტს ხარჯავს შეიარაღებულ ძალებზე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები თუ ჩინეთი (თუკი ჩინეთის ოფიციალურ მონაცემებს შევადარებთ).

 

რუსეთი კონცენტრირებულია შეიარაღებული ძალების გაზრდაზე, საზღვრების გაფართოებაზე და, კონფლიქტისთვის მზადების პროცესში, თავისი შესაძლებლობების ამაღლებაზე.

 

რუსეთი აგრესიულად იქცევა და შეიჭრა კიდეც ამერიკის პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე. გარდა ჰიბრიდული ომისა, რომელიც ბოლო წლებში საინფორმაციო საშუალებებში წამყვან თემად იქცა, რუსეთი განაგრძობს ზღვასა და ჰაერში ამერიკის შეერთებული შტატების ტექნიკისთვის თავისუფლად მიმოსვლაში ხელის შეშლას და ემუქრება სავაჭრო მარშრუტებს.

 

კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონში კი რუსეთის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის დაბრკოლებების შექმნა.

 

რუსეთი შავ ზღვაზე

 

შავი ზღვა, ხმელთაშუაზღვისპირეთის და შუა აღმოსავლეთის გავლით, წარმოადგენს რუსეთის კარიბჭეს მსოფლიოში.

 

მონტროს კონვენციით იზღუდება არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდების რაოდენობა, რის გამოც შავი ზღვა რუსეთისთვის იდეალური ადგილია წვრთნების მინიმალური დაბრკოლებებით ჩასატარებლად.

 

საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანახმად, რუსეთი ხშირად აწესებს შეზღუდვებს შავი ზღვის დიდ სექციებზე, სადაც ატარებს წვრთნებს და ფართო ტერიტორიებზე ზღუდავს წვდომას სატვირთო და სხვა ტიპის ხომალდებისთვის.

 

რუსეთმა მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალები გადატყორცნა რეგიონში და აქცია სამხრეთის სამხედრო ოლქი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და უნარიან ოლქად.

 

2008 წელს, ჰიბრიდული ომის გამოყენებით და რუსეთთან კულტურული კავშირების მქონე სეპარატისტებთან თანამშრომლობით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შედეგად მიღებული გამოცდილებით 2014 წელს განახორციელა ყირიმის ანექსია და მოგვიანებით აგრესია მოლდოვას წინააღმდეგ.

 

ამ კონფლიქტებმა რუსეთს მისცა შესაძლებლობა, გამოეცადა ჰიბრიდული ომის ახალი ფორმები, გამოეყენებინა ახალი ტაქტიკები და შეეფასებინა აშშ-ის და ნატოს მზადყოფნა ჩარევისთვის – ეს კი პოტენციურად წარმოადგენდა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის უფრო რთული ამოცანისთვის მზადებას.

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, რის გამოც აშშ-ის სუსტმა გაფრთხილებებმა საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გაზარდა 2014 წელს უკრაინაში შეჭრის ალბათობა. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას მტკიცე ნაბიჯები მკაფიო გზავნილით, რომ კიდევ სხვაგან კონფლიქტს წინააღმდეგობა მოჰყვება. აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, და იგი უნდა დაიწყოს შავ ზღვაზე.

 

საქართველოს მზადყოფნა პარტნიორობისთვის, როგორც ბერკეტი

 

მართალია ამერიკამ, რეგიონში პოზიციების განმტკიცების მიზნით, უნდა გააგრძელოს ნატოს პარტნიორებისთვის წვრთნების ჩატარება და მათი განვითარება, მაგრამ მან ასევე უნდა გააძლიეროს ნატოს არაწევრი ქვეყნებიც: საქართველო და უკრაინა.

 

კერძოდ, საქართველო წარმოადგენს იდეალურ კანდიდატს პარტნიორობის გასაღრმავებლად. ეს პატარა ქვეყანა სტრატეგიულადაა განლაგებული რუსეთსა და შუა აღმოსავლეთს შორის და, დამოუკიდებლობის არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორიის და დემოკრატიის გზაზე ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ყოფნის მიუხედავად, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამერიკას.

 

2008 წლის რუსეთის მხრიდან შემოჭრის შემდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და ქვეყანამ თავზე აიღო დამატებითი ვალდებულებები ნატოში შესვლის მიზნით.

ერაყისა და ავღანეთის ომების დროს, ოპერაციებში მონაწილე მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო იყო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი და, ამ მხრივ, 2008 წლის აგრესიის მომენტისთვის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა.

ჩვეული პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველომ არ დააწესა შეზღუდვები ოპერაციებში საკუთარი მებრძოლების მონაწილეობის ფორმაზე – და ისინი მსახურობდნენ აშშ-ის მებრძოლების გვერდიგვერდ ყველაზე სახიფათო რეგიონებში (მაგალითად, ჰელმანდი), რასაც ნატოს წევრთა უმრავლესობაც კი არ აკეთებდა.

 

გარდა ამისა, ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, რაც წარმოადგენს მოთხოვნას ნატოს წევრებისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო მკაფიოდ გააჟღერა ქვეყნის ურყევი გადაწყვეტილება, როცა განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეიძენს სამხედრო ტექნიკას.

 

შემზადდა საფუძველი, რათა ქვეყანა იქცეს პრაგმატულ, წინსვლაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ მსხვილი სამხედრო ბაზებით და გაფართოების პოტენციალით, რაშიც მოიაზრება 2 კარგად განვითარებული შავიზღვისპირა პორტი და სამხედრო სისტემები, რომლებიც უკვე ინტეგრირებულია ამერიკულ შეიარაღებასა და დაზვერვის სისტემებთან.

 

შედეგად, საქართველო დღეს რუსეთს გულზე ეკალივით ესობა და თავისი დემოკრატიული და კაპიტალისტური სისტემებით გავლენას ახდენს მეზობლებზე კავკასიის რეგიონში. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზის მილსადენები და სავაჭრო მარშრუტები, რაც რუსეთის სუსტ წერტილს წარმოადგენს.

 

გარდა ამისა, საქართველო იქცა ფიზიკურ ბარიერად, ერთი მხრივ, რუსეთს და, მეორე მხრივ, შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში რუსეთის მოკავშირეებს შორის, რის შედეგად მან განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა რუსეთისთვის. ამერიკამ უნდა ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა გაზარდოს თავისი გავლენა შავი ზღვის რეგიონში და შეასუსტოს რუსეთის გავლენის სფერო.

 

ნატოს წევრობა

 

სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, თავდაცვის დეპარტამენტმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს შესვლას ნატოში, როგორც გრძელვადიან მიზანს. ერაყსა და ავღანეთში ომში მონაწილეობის გარდა, საქართველო კიდევ უფრო აქტიურად მონაწილეობს ნატოს წვრთნებში. 2019 წელს, საქართველოს ეგიდით გაიმართა საქართველო-ნატოს სწავლება „მტკიცე სული“.

 

ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმაღლესი შეფასება მისცა ქართველების პროფესიონალიზმს და კვალიფიკაციას, ასევე კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები შეიარაღებული ძალების განვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საქართველო-ნატოს სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობას.

 

მართალია, რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია წარმოადგენს აშკარა დაბრკოლებას ნატოს წევრობის გზაზე, მაგრამ წევრობისკენ წინსვლაზე უარის თქმა შექმნის დაუცველობას და იქცევა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად ამერიკისთვის.

 

რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა 2008 წელს, სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ნატომ გააჟღერა სამომავლო წევრობის შეთავაზება, თუმცა არ უზრუნველყო წინსვლა წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.

 

გერმანია და საფრანგეთი, რუსეთის პროვოცირების შიშით, დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებიან საქართველოს წევრობას. შედეგად, ნატომ ფარულად მიანიშნა რუსეთს, რომ მას სურს საქართველოს წინაშე ვალდებულებების აღება – რუსეთმაც ხელიდან არ გაუშვა ეს შესაძლებლობა, იცოდა რა, რომ ოკუპაცია კიდევ უფრო გადაავადებს სამომავლო წევრობას.

 

როგორც საქართველოს, ისე უკრაინის შემთხვევაში რუსეთმა ცხადყო, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიაზე შეჭრა, თუკი ისინი ჯერ არ არიან ნატოს წევრები. შესაბამისად, ამერიკამ მტკიცე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს საქართველოს შესვლას ნატოში და მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთს არ აქვს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება სხვა ქვეყნებში შეჭრის გზით. ეს არის გრძელვადიანი მიზანი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი აშშ-ის ინტერესების დაცვის კუთხით.

 

ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში

 

მიუხედავად ნატოში შესვლის გადავადებისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის გაზრდისკენ.

 

საქართველო წარმოადგენს ძალიან მოწადინებულ პარტნიორს, რომელიც ამერიკას სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ამერიკული ბაზის შექმნა საქართველოში არარეალისტურია, არა მხოლოდ ლოგისტიკური სირთულეების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამერიკული ბაზა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპანტი რუსული ჯარების სიახლოვეს უადგილო პროვოცირებას გამოიწვევს.

 

მიუხედავად ამისა ამერიკელმა სამხედროებმა უნდა გააგრძელონ ქართული ჯარების წვრთნა, გააუმჯობესონ დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობები, გაზარდონ საგარეო სამხედრო გაყიდვები და ხელი შეუწყონ საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის და მისი მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების განვითარებას.

 

ქართული ბაზების განვითარება საქართველოს შეიარაღებული ძალების (და როტაციის პრინციპით მომსახურე ამერიკელი მებრძოლების) მხარდაჭერის გასაზრდელად რეალისტური ამოცანაა, რომელიც პასუხობს ამერიკის ინტერესებს. თავისი განლაგების წყალობით, საქართველო იქნება ძალიან კარგი „მოწინავე საოპერაციო/მოქმედი ლოკაცია“ რუსეთსა თუ ირანთან კონფლიქტამდე ან კონფლიქტის დროს.

 

ამერიკელი მებრძოლებისთვის სასარგებლო იქნება სწავლებები რეგიონში, რადგან მათ მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, შეისწავლონ ადგილობრივი კლიმატი და ტოპოგრაფია, ასევე გაეცნონ იმ უნიკალურ გამოწვევებს, რომლებიც ახასიათებს ახალ ლოკაციებს.

 

გაუმჯობესებული ქართული ბაზები აშშ-ს საშუალებას მისცემს, გააფართოოს სწავლების შესაძლებლობები ერთობლივი სახმელეთო, საზღვაო (მათ შორის ზღვიდან ცეცხლით მხარდაჭერით) წვრთნების ჩატარების გზით, ასევე ადგილობრივ გარემოში სპეციალური დანიშნულების ტაქტიკების გამოყენებით.

 

თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებმა ასევე მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის, სტატუსის გაფართოებას. შედეგად, საქართველოს ექნება წვდომა დამატებით დაფინანსებაზე და აღმოფხვრილი იქნება ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების გზაზე არსებული პოლიტიკური ბარიერები.

 

გარდა ამისა, რუსეთი მიიღებს მკაფიო გზავნილს აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ურყევი გადაწყვეტილების შესახებ. ორმხრივი პარტნიორობა შედის აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებში და უზრუნველყოფს, საქართველოს თავის დაცვის უნარს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან აგრესია გაუმართლებლად ძვირი დაუჯდება რუსეთს.

 

თანამშრომლობა შავ ზღვაზე

 

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ერთპიროვნულად ყველა გლობალურ გამოწვევაზე პასუხის გაცემა. სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორობები აათმაგებს აშშ-ის ძალებს საზღვარგარეთ.

 

პარტნიორების სანდო ქსელს კი არსებითი მნიშვნელობა ექნება რუსეთისა თუ ჩინეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის წარმატებისთვის. ძლიერ ალიანსებს შეუძლია აშშ-ის ძალების გაათმაგება შეიარაღების სისტემების და ჯარების ინტეგრირების, ასევე დაზვერვის ქსელების გაფართოების გზით, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ომში გამარჯვებასა თუ მის პრევენციაში.

 

პირველ რიგში, აშშ უნდა იქცეს შავიზღვისპირა სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ქვაკუთხედად,  მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში აშშ შეზღუდულად არის წარმოდგენილი.

 

ადგილობრივი პარტნიორების კოლექტიურ შესაძლებლობებს არსებითი მნიშვნელობა ექნება რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რუსეთის შავიზღვისპირა ფლოტი დიდია და საკმაოდ განვითარებული („კალიბრის“ ტიპის სარაკეტო სისტემით აღჭურვილი 6 „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის  ფრეგატი და „კილოს“ კლასის წყალქვეშა ნავი), რის წყალობითაც იგი დღემდე უარს ამბობს თანამშრომლობაზე.

 

მიუხედავად ამისა, ისტორია გვასწავლის, რომ აშშ-ის მხრიდან ფეხის მტკიცედ მოკიდება [ამა თუ იმ რეგიონში] ქვეყნებს თანამშრომლობის მოტივაციას უჩენს. ამ  მიზნით, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა დააარსოს შავიზღვისპირა ქვეყნების კონსორციუმი.

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეიმუშავოს თავდაპირველი დღის წესრიგი, რათა პასუხი გაეცეს იოლად მოგვარებად საკითხებს: მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობა ზღვით და მილსადენების მეშვეობით. ნდობისა და თანამშრომლობის ხარისხის ზრდის კვალდაკვალ, განხილული უნდა იყოს უფრო რთული საკითხები (მაგალითად, ზღვაზე თავისუფლად გადაადგილება), რომლებიც, საბოლოო ჯამში, მოიცავს ეგრეთწოდებული საზღვაო სფეროს შესახებ ინფორმირებულობას, უსაფრთხოება და სადაზვერვო მონაცემთა გაზიარება.

 

ეს კონსორციუმი გახდება თანამშრომლობის საფუძველი, რასაც დაემატება საზღვაო და სახმელეთო სწავლებები ჯერ აშშ-ის თაოსნობით, ხოლო დროთა განმავლობაში მინიმალური ამერიკული მონაწილეობით.

 

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოიძიოს შესაძლებლობები იმ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის დასამყარებლად, რომლებიც, სხვაგვარად, არ თანამშრომლობენ, მაგრამ აქვთ საერთო ინტერესები.

 

მაგალითად, საქართველოსთვის სასარგებლო შეიძლება იყოს საბერძნეთსა და ისრაელთან პარტნიორობის გაღრმავება. აშშ-ის მონაწილეობა ხელს შეუწყობს თავდაპირველი ნდობის გაღვივებას და სამუშაო ჩარჩოს შემუშავებას, რომელიც ამ ქვეყნებს სჭირდებათ უსაფრთხოების ქსელის შესაქმნელად.

 

თავდაცვის დეპარტამენტს შეუძლია სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება საქართველოს, საბერძნეთის და ისრაელის სამხედრო ლიდერების მონაწილეობით, რომლის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყება უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესებითა და გამოწვევებით, ასევე „როლების გათამაშებით“ საგანგაშო სიტუაციის შემთხვევაში.

 

დროთა განმავლობაში ყოველივე ეს შეიძლება გადაიზარდოს უცხოეთში მებრძოლთა გაგზავნასა და ერთობლივ სწავლებებში, რის წყალობითაც ამაღლდება მზადყოფნის ხარისხი და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების ქსელის სიმწიფე.

 

საქართველოს უსაფრთხოებაში ძალისხმევის ჩადება საუკეთესო შესაძლებლობაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თუმცა ეს ჯერ პირველი ნაბიჯია. რუსული გავლენა ქვეყანაში და, ზოგადად, რეგიონში დღითიდღე იზრდება.

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა უახლოეს მომავალში მხარი დაუჭიროს სხვა პარტნიორებსაც – მაგალითად, უკრაინას. აშშ-ის მხრიდან ურყევი გადაწყვეტილების მკაფიო დემონსტრირების გარეშე, ქვეყნებმა, რომლებიც იძულებულნი არიან, აირჩიონ რუსეთსა და დასავლეთს შორის,

 

ადრე თუ გვიან (და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ) რუსეთი შეიძლება ამჯობინონ, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ხალიდან გაუშვებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან შესაძლებლობას.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X