fbpx
22:44 | 2020-03-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

საქალაქო სასამართლოში შესვლამდე მოქალაქეებს ტემპერატურას შეუმოწმებენ

საქალაქო სასამართლოში შესვლამდე მოქალაქეებს ტემპერატურას შეუმოწმებენ

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიებმა უნდა უზრუნველყონ საქმეების განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა.

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა უნდა მოხდეს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ვადებში და დისტანციურად უნდა მოხდეს პროცესის მონაწილეების სასამართლო განხილვაში მონაწილეობა; შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა მათ შორის მასმედიის წარმომადგენლების დასწრება.

 

მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ნაკადის მართვა, არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვა.

 

სასამართლოს შენობაში მოქალაქეებს შესვლისას შესაბამისი მოწყობილობით ტემპერატურას შეუმოწმებენ. ასევე, მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სასამართლოს მომსახურების ცენტრებში მოქალაქეების 20-მდე შეზღუდვა.

 

საქალაქო სასამართლოს ბრძანებით, სარჩელების და დოკუმენტაციის მიღება მომსახურების ცენტრებში უნდა მოხდეს სპეციალური ყუთების საშუალებით და მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ დისტანციური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 

მოქალაქეს ეკრძალება სასამართლოში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები. შეზღუდვები ეხება სასამართლოში დასაქმებულ პირებსაც.

 

სასამართლოში დასაქმებულ პირს ეკრძალება ათი დღის განმავლობაში სამსახურში გამოცხადება, თუ ის იმყოფებოდა პირველი მარტის შემდეგ საზღვარგარეთ ან კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნის მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი ან კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ პირმა ათი დღე თვითიზოლაციაში უნდა გაატაროს.

 

დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის სასამართლოში დასაქმებული ის პირი, რომელიც არის ორსული, ქრონიკული დაავადებების მქონე ან 60 წელზე მეტი ასაკის. დისტანციურ რეჟიმზე გადავა ის პირიც, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო დაწყებითი კლასების მოსწავლე შვილი.

 

მოსამართლეთა თვითიზოლაციაში ყოფნა ჩაითვლება კანონით დადგენილ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, შეიზღუდება სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები სასწავლო ვიზიტები.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X