16:42 | 2020-04-17 ავტორი: Prime Time

ოთხი ხელისუფლება და ერთი პატრიარქი – ვინ გამოვა ბისზე

ოთხი ხელისუფლება და ერთი პატრიარქი – ვინ გამოვა ბისზე

ხმაურიანი შეთანხმება

 

„აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი… აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი… მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი…“

 

ლოცვაში ცოცხალთათვის ერთგვარად სიმბოლურადაც გამოიყურება იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთა ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გარშემოც დღეს დიდი ვნებათაღელვაა.

 

ისინი, ვისთვისაც სრულიად მართლმადიდებელი მრევლი ლოცულობს, ერთი შეხედვით, შეთანხმებულად ზრუნავენ მათზე მლოცველ მრევლზე.

 

აკი ეს შეთანხმება საჯაროდ ამცნეს კიდეც საზოგადოებას თავის მხრივ მთავრობამ – ოთხშაბათის ბრიფინგზე და ასევე საპატრიარქომ – იმავე საღამოს.

მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა - რას ითვალისწინებს ის
2020-04-15მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა - რას ითვალისწინებს ის

 

თუმცა, ბევრს ეს შეთანხმება ფასადურად მიაჩნია. იქნებ აქვთ კიდეც ამის მიზეზი:

 

მას შემდეგ, რაც ორივე ინსტიტუტმა ერთობლივად ამცნო ერს, რომ სააღდგომოდ ეკლესიის კარი არ დაიკეტება, ოპოზიციას გაუხსნილდა:

 

უწყვეტ ნაკადად წამოვიდა კომენტარები, რომ ეკლესიასა და მთავრობას შორის მიმდინარეობს ფეოდალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი დისკურსი, რაც ამ შემთხვევაში მიუღებელი, გაუმართლებელი და დანაშაულებრივია და ა.შ.

 

თუმცა, ამ შემთხვევაში, საზოგადოების განცდები და რეაქციებია მნიშვნელოვანი და არა „მოარჩევნეების“ პათოსი. საზოგადოების რეაქციაში კი ძირითადად, სამი გრძნობა გამოიკვეთა – აღშფოთების, თანაგრძნობის და გაწბილების.

 

რაც შეეხება ფასადურობას:

 

ე.წ. შეთანხმებამდე ორი დღით ადრე ილია მეორეს საპატრიარქოში მთავრობა ეახლა – პრემიერმინისტრის ჩათვლით. მათი მოკლე, უტექსტო და მხოლოდ მოჭმუხნულ შუბლზე ღარიანი კომენტარები თავშივე ქმნიდა მოლოდინს, რომ შეთანხმება შედგებოდა, თუმცა…

 

თუმცა მოსალოდნელი იყო ის, რაც მოგვიანებით ცხადი გახდა:

 

ხელისუფლებამ ერთი მხრივ დაუშვა დიდ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება, მრევლის დასაცავად ჭიშკრებთან პატრულის გამწესება, საპატრიარქომაც დაიწყო გამალებული მზადება მრავალრიცხოვანი მრევლის შემოხაზულ ადგილებზე განსალაგებლად, მაგრამ…

 

ერთი ხელით თანხმობა გაიცა, მეორეთი კი ძახილის ნიშნები დაისვა! – მრევლს ავტომობილებით გადაადგილება აეკრძალა.

 

საპატრიარქოს საგანგებო განცხადება - აკრძალვა შეთანხმებული არ ყოფილა
2020-04-17საპატრიარქოს საგანგებო განცხადება - აკრძალვა შეთანხმებული არ ყოფილა
საპატრიარქო დღესღა მიხვდა, რომ გააცურეს და საგანგებო განცხადებით ამცნეს საზოგადოებას, რომ ავტომობილების აკრძალვა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

 

აღდგომამდე კიდევ 2 დღეა და დიდი ალბათობით ამჯერად საპატრიარქოსგან უნდა დაველოდოთ საპასუხო ზომებს…

 

ამ ჭიდილის ფონზე კი ამასობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 370 გახდა და მათ შორის ორი მღვდელია.

 

თუ ცოტა ხნით გადავავლებთ თვალს პანდემიამდე საქართველოს, თვალწინ დაგვიდგება გადაჭედილი, საპროტესტო ტალღაში გახვეული რუსთაველის გამზირი და ამავდროულად, არსებობის ისტორიაში წარმოუდგენლად ტალახნასროლი საპატრიარქო…

 

დღეს ეს სურათები წაშლილია და სახეზეა: ჯიუტი საპატრიარქო ისევ მრავალრიცხოვანი მრევლით და მთავრობა, რომელსაც უკვე ისინიც ენდობიან, ვინც ცოტა ხნის წინ გადაჭედილ რუსთაველზე იდგა.

 

ორივეს მიმართ გაზრდილი ნდობის მდგენელი გახდა შიში! – ერთის მხრივ უცნობი დაავადების, მეორე მხრივ კი ღვთის რისხვის მიმართ.

 

ორივე ინსტიტუცია დღეს სულზე მოსწრებულად გამართული იმიჯით წარდგა ერის და ბერის წინაშე. მათ ენდობიან, მათ უსმენენ…

 

ამიტომაც, მათი განხეთქილება ისევ წინაპანდემიურ სურათში დაბრუნებას უდრის.

 

შესაბამისად, გვრჩება ის რაც სახეზეა – ცალი ხელით შემდგარი დიდი თანხმობა და ფარული ფეხის წამოდებები. ამავდროულად, სეკულარიზმის მხარდამჭერთა ინტენსიური, მაგრამ ამ დავიდარაბაში თითქმის ჩაკარგული ხმაური.

 

ოთხი ხელისუფლება და ერთი პატრიარქი

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მართლაც განებივრებულია ავტორიტეტული პატრიარქებით, მის უახლეს ისტორიაში იცვლებოდნენ ხელისუფლებები, მაგრამ პატრიარქი ერთი იყო.

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ათვლა როცა დაიწყო, ილია მეორეს პატრიარქობის უკვე 13 წლის გამოცდილება ჰქონდა. მას შემდეგ კიდევ მრავალი წელი გავიდა, იცვლებოდნენ ხელისუფლებები, მაგრამ აგერ უკვე რამდენიმე თაობას მხოლოდ ერთი პატრიარქი ახსოვს.

 

შესაბამისად, რაც უფრო აძლიერებდა ილია მეორე ეკლესიას, ამრავალრიცხოვნებდა ტაძრებსა და მრევლს, ელექტორატის გულის მოგებისთვის, მით მეტად საჭირო ხდებოდა ის ხელისუფლებებისთვის.

 

ყველაზე ნაკლებად ეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას სჭირდებოდა. ვინაიდან ავტორიტეტულ ლიდერს სიკვდილის მერეც, დღესაც კი „მხარდამჭერთა“ დიდი არმია ჰყავს.

 

რაც შეეხება შევარდნაძის ხელისუფლებას, მისი დამოკიდებულების თვალნათელი მაგალითია საქართველოს მეორე პრეზიდენტის ნათლობა. როცა სამოქალაქო ომის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე ქვეყანას „მხსნელად მოევლინა“, მისი ერთ-ერთი პირველი საიმიჯო მანევრი სწორედ ილია მეორესთან თბილი ურთიერთობის აფიშირება და ნათლობა გახლდათ.

 

მაშინ მას პატრიარქმა ნათლობის სახელი – გიორგი – უბოძა.

 

სწორედ შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში შედგა პირველი კონკორდატი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.

 

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას „შავ ლაქად“ ადევს ბასილი მკალავიშვილის ეკლესიის დარბევა. მიუხედავად იმისა, რომ ის განკვეთილი იყო საპატრიარქოდან, ეკლესიის დარბევა წარუშლელ კვალად დარჩა მაინც მრევლში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეცადა სააკაშვილი სასულიერო პირების გული მოეგო და მათ ჯიპებიც კი უძღვნა, მის მხარდამჭერებად მხოლოდ ცალკეული ეპისკოპოსები დარჩნენ.

 

სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჟონავდა საპატრიარქოს კედლებიდან ათასგვარი შეთქმულების თეორია და ამბები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებიდან „ვიღაცას“ პატრიარქის მოწამვლა სურდა…

 

არადა „ციანიდის“ საქმე სულ სხვა ხელისუფლების პირობებში გასკდა, მაგრამ ეს „ოცნების“ და საპატრიარქოს ურყევ თანაცხოვრებას არაფრით დატყობია. მაშინ ვერც ვერავინ იფიქრებდა, რომ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო.

 

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს პატრიარქის გადაყენების გეგმა ამოძრავებდათ და მითითება ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა!“ – სინოდის ერთ-ერთი ავტორიტეტული წევრის, მეუფე იაკობის ეს განცხადება და მისი თანმდევი სხვა განცხადებები ლამის განხეთქილების ვაშლად იქცა ერსა და ბერს შორის.. თუმცა, ესეც გადაიყლაპა – კათოლიკოს-პატრიარქმა მეუფე იაკობს აპატია და ხელისუფლებამაც ეს ისტორია „დაივიწყა“…

 

ცხადია არც არავის აწყობს ამის განცხადება, ვინაიდან დღეს დიდი ერთობის დროა, როცა „ურწმუნონი“ ვირუსის შიშით მთავრობას უნდა ენდობოდეს, მორწმუნენი კი, ღვთის რისხვის შიშით – ეკლესიას.

 

ორ პოლუსზე დათბა

 

ამასობაში, ეკლესიის და ხელისუფლების ურთიერთობა აქტუალური არამხოლოდ საქართველოში ხდება…

 

მართლმადიდებლური სამყაროს ორი მთავარი პოლუსის პატრიარქებმა – მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა და რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს შინ ლოცვისკენ მოუწოდეს.

მსოფლიო პატრიაქმა ბართლომეოსმა, 11 აპრილს მართლმადიდებლებს ვრცელი ეპისტოლეთი მიმართა, რომლის ნაწილს უცვლელად გთავაზობთ:

 

„…ძმანო და შვილნო, დარწმუნებულები იყავით, რომ თუკი თქვენ გული შეგტკივათ დაკეტილი ტაძრების გამო, თქვენი პატრიარქი ძლიერ სულიერ ტკივილს განიცდის და იტანჯება. თუმცა, გარწმუნებთ, რომ სხვაგვარად ვერ მოხდებოდა. პანდემიის კრიტიკულ დღეებში, ექიმები და მეცნიერები რეკომენდაციებს გვაძლევენ და მთავრობის წარმომადგენლები საჭირო და აუცილებელ ზომებს მიმართავენ და ჩვენც წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი ძმების დაცვის საქმეში.უნდა გავიგოთ და თანხმობა განვაცხადოთ, რომ მიღებული ზომებით, არ ილახება და იზღუდება ჩვენი რწმენა და სრულებით არ კნინდება ტაძრისა და მასში აღსრულებული საიდუმლოებების ცენტრალური როლი (ადგილი). დროებით მიღებული შემზღუდველი ზომები, არ წარმოადგენენ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებებს. ეს ყოველივე არ მოგვემართება ჩვენ, როგორც მორწმუნეებს, არამედ როგორც „ხორცშემოსილ და სამყაროში მცხოვრებ“ ადამიანებს.

 

მაშასადამე, ჩვენც თანმიმდევრულად ვაგრძელებთ საგანგებო ზომების განხორციელებას. ჩვენს ტრადიციაში, აღდგომა არ გახლავთ მხოლოდ ერთი “დაპატიჟებული და წმიდა დღე“. აღდგომა ეკლესიის მთელი ცხოვრებაა. აღდგომა „ეკლესიის დიდება“ და „სასუფევლის სიმდიდრეა“. აღდგომა გახლავთ მართლმადიდებლობის სრულყოფილი რწმენა, მორალი და კულტურა. ყოველი საღმრთო ლიტურგია გახლავთ აღდგომა. აღდგომა გახლავთ ყოველი სამრეკლო და ყოველი წმიდა ტაძარი.“

 

12 აპრილს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიაქმა კირილმაც მრევლს კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში ლოცვისკენ მოუწოდა. როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, მორწმუნეებმა ღვთისმსახურებას ტელეეთეერის მეშვეობით უნდა ადევნონ თვალი. „მოდით საკუთარ სახლებში ძლიერ ვილოცოთ, გავატაროთ დრო ტელევიზორებთან, განსაკუთრებით როცა ეთერში ღვთისმსახურების ტრანსლაციებია. იმედი გვაქვს, რომ ასე ამ იძულებითი მწუხარებით დღეები საკუთარ თავზე გამარჯვების სიხარულს მოგვიტანს“, – მიმართა პატრიარქმა კირილმა მორწმუნეებს.

 

ამ მოწოდებებამდე რამდენიმე დღით ადრე, აღნიშნული პატრიარქებიც აპროტესტებდნენ ლიტურგიებზე ხალხის დასწრების შეზღუდვებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო დროს სასულიერო პირების ინფიცირების (ასევე, გარდაცვალების ფაქტებმა) და ვირუსის გავრცელების ტენდენციამ მათ აზრი შეაცვლევინა.

 

მსოფლიო უხერხულობა

 

უხერხულობის მდგომარეობა მსოფლიო მასშტაბითაც არსებობს, რადგან საგანგებო ვითარების გამო ერთი კოვზით ზიარების წესი მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა, თუნდაც დროებით, არ შეცვალეს. ეპიდემიის გავრცელების საფრთხის გაძლიერებაზე პასუხისმგებლობას კი მათ ისევ მრევლის შინდარჩენა თუ აარიდებს.

 

შეგახსენებთ, რომ ერთი კოვზით ზიარების თემაზე მსოფლიოს მასშტაბით გაჩაღებული დისკუსიის დროს, ეკლესიის მესვეურები (რუსეთის, ბელარუსის, სერბეთის, საქართველოს და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები) აცხადებდნენ, რომ შეუძლებელია კორონავირუსით ინფიცირება, ვინაიდან სარიტუალო ღვინო ალკოჰოლს შეიცავს და დაავადებას კლავს.

 

სამედიცინო სფეროს სპეციალისტთა უმრავლესობა ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა. მათი თქმით, ყველაზე მაგარი ღვინოც კი მაქსიმუმ 20% ალკოჰოლს შეიცავს. ღვინოების უმრავლესობა კი – დაახლოებით 12%-ს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კი განმარტა, რომ ეთილის ალკოჰოლი, რომელსაც შეიცავს ალკოჰოლური სასმელები, მართლაც სპობს ნაკლებად აგრესიულ ვირუსებს თუ სასმელში ალკოჰოლის კონცენტრაცია 60-80% იქნება.

 

საქართველოში 12 აპრილს კათოლიკურ ეკლესიებში აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგიას მრევლი არ დასწრებია. მორწმუნეები მას თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ. იგივე სცენარით აღინიშნა ეს დღე სხვა ქვეყნების კათოლიკურ და სომხური ეკლესიების უმეტესობაში.

 

პანდემიის მიუხედავად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მექანიზმებზე სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის კამათის გამო არაერთმა სახელმწიფო ლიდერმა შეახსენა საჯაროდ საკუთარი ქვეყნის რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს სამხრეთ კორეის მაგალითი.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში პირველი დადასტურებული შემთხვევიდან, 1 თვის განმავლობაში ათასობით ადამიანს ჩაუტარდა ტესტი (ამის ფუფუნება ბევრ სახელმწიფოს არ ჰქონდა) და კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ 30-ს შეადგენდა. ორი კვირის განმავლობაში კი ქვეყანაში ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რიცხვი 9000-ს მიუახლოვდა. „პაციენტ #31-ის გამოჩენამდე, ვირუსის შეჩერების ჩვენი სტრატეგიები მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ პაციენტმა უამრავი ადამიანი დააინფიცირა, კონტროლი ძალიან გართულდა”- თქვა ALJAZEERA-სთან საუბრისას სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ჰუანგ სუნგ-სიკმა.

 

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, 7 მარტის მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 63.5 % სწორედ ქალაქ დაეგუში შინჩონჯის ეკლესიის მრევლ ქალთან – მაციენტ #31-თან იყო დაკავშირებული.

 

გავრცელდა კადრები, სადაც ლი მან-ჰი, სინჩეონჯის ეკლესიის დამფუძნებელი მუხლებზე დაჩოქილი ითხოვდა ბოდიშს კორონავირუსის გამო. ქალაქ სეულის ხელმძღვანელობა ამ ჯგუფის წინააღმდეგ მკვლელობის მუხლით ოფიციალურად ჩივის.

 

აპრილი ცხელი თვეა, რადგან რამდენიმე რელიგიის დღესასწაულები მიმდინარეობს ან იწყება. მუსლიმური რამადანის წმინდა თვე წელს 23 აპრილს იწყება. პასექი 8 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით აღინიშნება.

 

გამოცემა Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ორშაბათს, მინისტრთა კაბინეტის მიერ შემუშავებული საგანგებო მდგომარეობის ახალი შეზღუდვები აამოქმედა. საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულია ფულადი ჯარიმა. ქუჩაში ორ ადამიანს ერთად გადაადგილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

 

აშშ-ის შტატების ნაწილში ლიტურგია დასაშვებია წესების მკაცრი დაცვით. ზოგიერთ შტატში კი საერთოდ აკრძალეს ტაძრებში მრევლის მისვლა. შტატ კენტუკის გუბერნატორის, ენდი ბიშერის განცხადებით, ყველას ვინც აღდგომის დღესასწაულზე შეკრებებში მონაწილეობას მიიღებს და ხელისუფლების მიერ სახლში დარჩენის ბრძანებას დაარღვევს, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს. გუბერნატორის თქმით, სულ ცოტა 7 ეკლესია შტატის მასშტაბით, მაინც აპირებს სააღდგომო მსახურება ჩაატაროს.

 

იტალიაში უკვე დააჯარიმეს ადამიანები სააღდგომო რიტუალში კარანტინის წესების დარღვევით მონაწილეობის გამო. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, აღდგომის დღესასწაულზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესების დარღვევისთვის, სულ მცირე, 42 000 პირი დააჯარიმეს.

 

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაბმული ქვეყნების ლიდერები რელიგიურ დღესასწაულებს უკავშირებენ საგანგებო მდგომარეობის შემდგომი განვითარების სტრატეგიას.

 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის იენს შპენის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება კორონავირუსის გამო მიღებული ზომების შემსუბუქებაზე იმსჯელონ.

 

ცეკვა წყვილში

 

 

აშკარაა, რომ პანდემიის ხანაში მთავრობების და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობები ერთ რიტმში შეთანხმებული მოძრაობის მაგალითებს გვიჩვენებენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ წყვილის ცეკვისას ერთი მაინც წამყვანია და ბისზე მხოლოდ წარმატებული ცეკვის დასასრულს იძახებენ.

 

ავტორი: რუსუდან ხუბულავა

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები