12:16 | 2020-03-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, – ამის შესახებ წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

საპატრიარქის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება.

 

ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.

 

ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ:

 

ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება).

 

დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

 

ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ.

 

ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით.

 

განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა.

 

ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!

 

გვესმის, რომ ზოგიერთი შეიძლება რწმენაში დაბრკოლდეს იმ პროპაგანდით, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს; არიან სასულიერო პირებიც, რომლებიც ტაძარში ხალხის დასწრებაში პრობლემას ხედავენ, პრობლემას ხედავენ მრევლის ზიარებაშიც….. (არ ვგულისხმობთ უცხოეთში მკაცრ საგანგებო რეჟიმში მყოფ მოძღვრებს).

 

გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ, მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს.

 

ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე.

 

2020 წლის 20 მარტის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, კვლავაც ყველას (ეკლესიაში მოსულთ და სახლში დარჩენილთ) მოვუწოდებთ ლოცვისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვათა გაცნობიერებისაკენ, გულწრფელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისკენ, რათა წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი გვექმნას საკურნებლად სულისა და ხორცისა.

 

ყველას გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!
ჩვენთან არს ღმერთი!

 

იყავნ ნება შენი, უფალო, ამინ!“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

დატოვე კომენტარი