fbpx
11:51 | 2020-08-17 ავტორი: Prime Time

საოცარი სიყვარულის ამბავი და აღთქმა – სანამ ქალის თანხმობას არ მიიღებდა, სასთუმალზე თავს არ დადებდა

საოცარი სიყვარულის ამბავი და აღთქმა – სანამ ქალის თანხმობას არ მიიღებდა, სასთუმალზე თავს არ დადებდა

ხშირად ნამდვილი ამბავი უფრო ძნელი დასაჯერებელია, რადგან ცხოვრება რეალურად ისე ხლართავს და ალაგებს ჩვენს ცხოვრებას, რომ ადამიანის ფანტაზიას გაუჭირდება ასეთი სცენარის მოგონება.

 

აბაშის რაიონში ბევრმა იცის კიჭო  ჯიჯეიშვილის  საოცარი სიყვარულის ამბავი ვერა ნოდიას მიმართ, თუმცა ამბავი აქამდე არ გახმაურებულა და ასე ვთქვათ, არ გაცვეთილა.

 

ტრაგიკული სიყვარულის ამბავი სეფიეთის  სკოლის დირექტორმა, პაატა რურუამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უამბო.

 

– ჩვენთან, სოფელ სეფიეთის  ცენტრში არის მოსაცდელი. გასული საუკუნის 70-იანი წლები იყო, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ერთ დღეს, იქ ვნახე წამოწოლილი მოხუცი კაცი და ძალიან მეუცნაურა, რომ თავი ჰაერში ჰქონდა, – თითქოს ვიღაცამ ბალიში გამოაცალა და ასე დარჩაო.

მეგონა, სხვა დედა აირჩია, ჩემს ჯიბრზე - ბავშვთა სახლის ბინადარის ემოციური ისტორია
2020-05-10მეგონა, სხვა დედა აირჩია, ჩემს ჯიბრზე - ბავშვთა სახლის ბინადარის ემოციური ისტორია

 

შემდეგ ვიკითხე სოფელში და მითხრეს, – ეს დიდი სიყვარულის ამბავია, რომელიც სათავეს შორიდან იღებსო. მაშინ კიჭე უკვე მოხუცი იყო და ცოტა მეუცნაურებოდა მისი ასეთი სიყვარული.

 

კიჭეს ახალგაზრდობაში ჩვენივე სოფლის მცხოვრები, ლამაზი ქალი შეჰყვარებია – ვერა ნოდია, რომელმაც ბიჭის სიყვარული უარყო.

 

შემდეგ ეს ქალი ვიღაცას მოუტაცია და ქმარი მალევე გარდაცვლია. დარჩა ქვრივი, ერთი შვილით – გოგონა ჰყავდა. გარკვეული ხნის მერე ისევ მისულა კიჭე დაქვრივებული ვერას ხელის სათხოვნელად, მაგრამ ისევ უარი მიიღო.

 

არ იქნა და არ იქნა ამ ქალის თანხმობა და სწორედ მაშინ დაუდია ფიცი, რომ სანამ ქალის თანხმობას არ მიიღებდა, სასთუმალზე თავს არ დადებდა და ეს პირობა შეასრულა კიდეც. სხვათა შორის, ვერაც მახსოვს.

 

ისიც უკვე მოხუცი იყო, 80 წელს გადაცილებული, მაგრამ ძალიან ლამაზი გახლდათ. ისეთი თვალები და გამომეტყველება ჰქონდა, რომ ელვა ჩანდა მის მზერაში და ახალგაზრდობაში ალბათ თვალს ვერ მოწყვეტდი. კიჭეც კარგი ვაჟკაცი ყოფილა.

 

მეც მახსოვს, რომ მაღალი, ათლეტური აღნაგობის იყო, საოცარი გარეგნობის და შეძლებულიც ყოფილა. დღემდე არავინ იცის ვერას უარის მიზეზი.

 

ქალი ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ეს კაცი მოხუცებულობაშიც კი სულ იქ იჯდა, ბიბლიოთეკის წინ და სამსახურში მიმავალ და იქიდან მომავალ ვერას ელოდა და თვალებით გააცილებდა ხოლმე.

„მაყურებლისთვის მაინც „პატარა აკაკი“ ვიყავი“ - ომარ ჩიტაიას კადრს მიღმა დარჩენილი ისტორიები
2020-04-20„მაყურებლისთვის მაინც „პატარა აკაკი“ ვიყავი“ - ომარ ჩიტაიას კადრს მიღმა დარჩენილი ისტორიები

 

მაშინ მე პატარა ბიჭი ვიყავი და მოხუცების სიყვარულის ამბის ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ ახლა ხომ მესმის… უკვე ჭაღარა კაცი ვარ და ასეთი სიყვარულის შესახებ არ გამიგონია.

 

სტუდენტი რომ გავხდი, სიყვარულზე როცა ჩამოვარდებოდა სიტყვა, მეგობრებთან ყოველთვის ამ ამბავს ვყვებოდი, მაგრამ არავინ მიჯერებდა. ჩემი თვალით რომ არ მქონოდა ნანახი, იქნებ მეც არ დამეჯერებინა, ისეთი უცნაურია.

 

უკვე გითხარით, რომ ვერას ერთი გოგო ჰყავდა – სოხუმის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. წარმოიდგინეთ, ეს გლეხი კაცი სოხუმში წავიდა, შეხვდა საყვარელი ქალის შვილს, დაელაპარაკა, აუხსნა, მოუყვა თავისი სიყვარულის ამბავს და დახმარებაც სთხოვა.

 

შვილს უშუამდგომლია და უთქვამს დედისთვის, – ასე ძალიან უყვარხარ და გაჰყევი ცოლადო, მაგრამ მაინც უარზე დადგა ქალი. ალბათ ფიქრობდა, – დაე ასე ვუყვარდე, როგორც ახლა ვუყვარვარო და მაგიტომ გაჯიუტდა. ეს ჩემი აზრია.

 

ქალი უფრო ადრე გარდაიცვალა. თურმე კიჭე ყველაზე გვიან მისულა სასაფლაოზე გასვენების დღეს და ყველაზე გვიან წამოსულა, მაგრამ შემდეგ იქ დასახლდა. იქ ათენებდა და აღამებდა.

 

სასაფლაოზე ცხოვრობდა, ფაქტობრივად. იქ ყოფნით, შიმშილითა და საფლავის ქვეზე წოლით ისე დაუძლურდა, ძლივს წამოიყვანეს შინ, მეზობლებმა.

 

ისიც იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა, თორემ ნებით არ გამოჰყვებოდა. ყველაზე ახლოს მაშინ იყო თავის საყვარელ ქალთან. აღარავინ უშლიდა მასთან ასე ახლოს ყოფნას და აღარ შორდებოდა იმ ადგილს.

 

მამას ვთხოვდი ხოლმე, რომ დაწვრილებით მოეყოლა მათი სიყვარულის შესახებ, მაგრამ მეუბნებოდა, – არ გინდა შვილო, არ გამოიკითხო, ისე ჩაიფერფლა ის სიყვარული, რომ ყველას გული გვტკივაო.

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს თემურ ბაბლუანის უმცროსი ქალიშვილი პარიზში
2020-05-23როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს თემურ ბაბლუანის უმცროსი ქალიშვილი პარიზში

 

შემდეგ კიჭე ლოგინს მიეჯაჭვა. არავინ ჰყავდა და მეზობლები უვლიდნენ. მაშინ მიცვალებულებს ეკლესიის ეზოში მარხავდნენ და მოგეხსენებათ, საფლავების წყობა ისეთია, რომ ყველა მიცვალებულს თავი ერთ მხარეს აქვს.

 

კიჭეს უთხოვია მეზობლებისთვის, – თუ მის შორიახლო დამმარხავთ, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ თავი მისი საფლავისკენ მომიქციეთო და ასეც დამარხეს.

 

მთელი სოფელი თანაუგრძნობდა მის სიყვარულს. სხვათა შორის, სოფელში ამბობდნენ, ამას რომ სიყვარული ეწვია, ბევრი ვერ დაიკვეხნისო.

 

ბედნიერი კაცი ყოფილა კიჭე, რომ უსიყვარულოდ არ წავიდა ამ ქვეყნიდან. თუმცა, რომ დაქორწინებულიყვნენ, ალბათ ერთი ჩვეულებრივი ოჯახი იქნებოდა და ასეთი საოცარი სიყვარულის ამბავი არ დარჩებოდა.

 

ახლა კი ჩვენს რაიონში თითქმის ყველამ იცის კიჭეს საოცარი სიყვარულის ამბავი და აი, ხედავთ, ამდენი წლის შემდეგ თქვენც კი დაინტერესდით.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X