17:55 | 2020-04-30 ავტორი: თამარ გონგაძე

პურები უნდა გამოვაცხო – ნინო ქათამაძემ სცენიდან სამზარეულოში გადაინაცვლა

პურები უნდა გამოვაცხო – ნინო ქათამაძემ სცენიდან სამზარეულოში გადაინაცვლა

ნინო ქათამაძისთვის სამზარეულო, პანდემიის პერიოდში, შემოქმედებით ადგილად იქცა. პურს აცხობს, ბავშვობის გემოებს იხსენებს, ქობულეთურს.

 

დედას მადლობას უხდის იმ შრომისთვის, რაც მან გასწია და რისი ფასიც, ნინომ ახლა, სამზარეულოში ტრიალისას გაიგო.

 

ახალი ეტაპი უდგას – საორკესტრე მუსიკით არის დაინტერესებული და მისი პროგრამის შესწავლა სურს…

 

“პრაიმტაიმს” იმასაც უმხელს, თუ ვინ დაახელოვნებს ამაში…

 

ნინო ქათამაძე: – ძალიან საინტერესო რამეების კეთების დროა. მითუმეტეს ამხელა, პაუზის შემდეგ. პაუზა მუსიკასთან სწორი გადაბმის საუკეთესო საშუალებაა. შეგიძლია ნებისმიერი ახალი ფორმით წარსდგე შენი მსმენელის წინაშე.

 

ჩემთვის ეს პერიოდი საჩუქარია. ვემზადები და განვიცდი, მინდა გაჩერების შემდეგ საინტერესოდ წარვდგე. გაჩერების შემდეგ სიახლის მოტანა ადვილი არ არის.

 

ახალი მუსიკალური კომპოზიცია არ შემიქმნია. მე თუ თანამოაზრე არ მყავს, ვერ ვქმნი. მონახაზები გავაკეთე. დაწყებული კომპოზიციები დავასრულე.

 

ახლა საორკესტრე მუსიკით ვარ დაინტერესებული. მინდა პროგრამულად ვისწავლო. მეგობრები დამპირდნენ, რომ მასწავლიან.

 

პირველი, ვისაც ვკითხე, მასწავლიდა თუ არა, პაპუნა შარიქაძე იყო. მერე ნიკა ნიკვაშვილმა მითხრა, მე გასწავლი ყველაფერსო.

 

ნიკა რაჭველის გარეშე ხომ არა მგონია, რაიმე გამომივიდეს. ის ჩემი მუსიკალური ფიქრების მთავარი გამგებია.

 

საორკესტრე მუსიკა ჩემთან ყველაზე ახლოს არის. იმდენი შესაძლობა აქვს… შეგიძლია ექსპერიმენტები ატარო, ჟღერადობები შეუცვალო ინსტრუმენტებს.

 

მევიოლინეს ალტის ჟღერადობით დააკვრევინო და პირიქით… ელექტრო მუსიკის სინთეზთან კიდევ უფრო საინტერესოა.

 

როგორც ვატყობ, დისტანციების მორღვევისას დიდი სიახლეებით დაბრუნდები…

 

– იმედი მაქვს. ეს დისტანცია ისედაც არ იყო ცხოვრებაში საჭირო (იცინის)…

 

სამზარეულოში ჯდომა მოგბეზრებია…

 

– სამზარეულოში ჯდომა რთულია. თუმცა არ მომბეზრებია. ახლა პურები უნდა გამოვაცხო. ვერ მოიბეზრებ. ყველაზე შემოქმედებითი ადგილია.

 

შენზეა დამოკიდებული, რა არომატს და რა გემოს მიიღებ. აქ ყოფნა ყველაზე კეთილი საქმეა, აპურებ შენი ოჯახის ყველაზე საყვარელ წევრებს. თავისუფლად შეიძლება შინ ყოფნა დღესასწაულად აქციო. ყველაფერი ხელოვნებაა.

 

შემომიტევს სიყვარული და დედაჩემს მადლობებს ვუხდი ყველა იმ შრომისთვის, რასაც ის წევდა ჩვენთვის ბავშვობაში და რასაც დღემდე ვერ ვაფასებდი. ძალიან შრომატევადია სამზარეულოში ტრიალი და მადლობა დედას.

 

მრავალრიცხოვან ოჯახში გავიზარდე. ზაფხულობით ჩვენთან 12 ბავშვი იყრიდა თავს. რთულია არა? ყველას თავისი ხასიათი აქვს და…

 

თუ რამე მაშინ დამკლებია, ახლა ვეძებ იმ ძალას. ამიტომ რჩევაა – შვილებს არაფერი არ უნდა მოაკლოთ, არც მოფერება, არც ყურადღება, არც თავისუფლება…

 

შეცდომების დაშვების უფლება არ უნდა შეუზღუდოთ, რომ მერე იმ დროს არ დაუშვას, როცა ჰგონია, რომ ყველაფერს უმკლავდება. მთავარია, მოუსმინოთ მათ.

 

ამ ეტაპს შვილთან ახლა გავდივარ. ნიკოლოზი ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერია ჩემი სახლში ყოფნით.

 

– რაში დახელოვნდი ამასობაში?

 

– ევროპულ სამზარეულოზე არ გადავსულვარ. ჩემი ბავშვობის გემოებს ვიხსენებ. იქ ქობულეთურს ვამზადებ, იქ გავიხსენე რაღაც სტუდენტობის დროინდელი კერძები…

 

სტუდენტობის პერიოდში მე მიწევდა ჩემ თავზე ზრუნვა. დიდი ხანია არ გამიხსენებია ეს კერძები და ახლა მომეცა ამის საშუალება.

 

სამზარეულოს რა მუსიკას მოარგებდი?

 

– ძალიან უხდება კლასიკური მუსიკა. საინტერესო კონცერტებსაც აქ ვუსმენ. ფილმების ყურებაც შეგიძლიათ მზადების პარალელურად, აუდიო წიგნების მოსმენაც… ყველაფერი შეგიძლიათ სამზარეულოში აკეთოთ.

 

– მადლობა…

 

– მადლობა, რომ გახსოვართ, ბედნიერად!

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X