11:02 | 2021-08-04 ავტორი: ნინი ტაველიძე

ცნობილმა ფინელმა მსახიობმა სამშობლოში ხაჭაპურის ბიზნესი წამოიწყო

ცნობილმა ფინელმა მსახიობმა სამშობლოში ხაჭაპურის ბიზნესი წამოიწყო

სამსახიობო კარიერიდან ხაჭაპურის ბიზნესამდე, – ასეთია 49 წლის ცნობილი ფინელი მსახიობის, ვილ ჰაპასალოს ისტორია, რომელიც დღეს თავის სამშობლოში ხაჭაპურის წარმოების და გაყიდვის ფართო ქსელს ფლობს.

 


ვილ ჰაპასალოსთან ინტერვიუ „პრაიმტაიმმა“ ჩაწერა.

 

როგორც ვილემ გვითხრა, ყველაფერი 1991 წელს დაიწყო, როდესაც სასწავლებლად ლენინგრადში ჩავიდა და გემრიელი საჭმლის ძიებაში შემთხვევით ქართველები აღმოაჩინა, რომლებიც ხაჭაპურსა და ლობიოს ამზადებდნენ.

 

ვილ ჰაპასალო
ვილ ჰაპასალო

 

 

„დიდი ხნის განმავლობაში უიმედოდ ვეძებდი რაიმე გემრიელ საჭმელს. მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. მერე შემთხვევით ერთ ქალბატონს შევხვდი, რომელიც ლობიოსა და ხაჭაპურს ამზადებდა. იმდენად მომეწონა ორივე, რომ ერთი წლის განმავლობაში მარტო ლობიოსა და ხაჭაპურზე ვცხოვრობდი. მაშინ გადავწვიტე, რომ თუ ოდესმე კვების ინდუსტრიაში წავიდოდი, აუცილებლად ქართულ რესტორანს გავხსნიდი და ხაჭაპურებს გამოვაცხობდი“,- გვიყვება ვილე.

 

ვილე პირველი იყო, ვინც ჰელსინკიში ქართული რესტორანი გახსნა. როგორც თავად ამბობს, ყოველდღე 10 ათას ხაჭაპურს აცხობს. ვილეს ხაჭაპურები ზომით უფრო პატარაა, ამიტომ მას ხაჭაპურილოებს ეძახის. მათი ღირებულება 12 ევროა.

 

Haapasalon hatsapuri
Haapasalon hatsapuri

 

„ვიცი ქართველებს ხაჭაპურის უამრავი სახეობა გაქვთ, თუმცა მე არჩევანი იმერულ ხაჭაპურზე შევაჩერე. ჩემს ხაჭაპურებს ხაჭაპურილოებს ვეძახი, რადგან ტრადიციულთან შედარებით ბევრად პატარაა. ხაჭაპურილო ანუ ხაჭაპურის პატარა ვერსია“,- ამბობს ვილე.

 

ხაჭაპურილო
ხაჭაპურილო

 

 

სულ ცოტა ხნის წინ, ვილემ ჰელსინკის გარდა ხაჭაპურების გაყიდვა სხვა პატარა სოფლებსაც და ქალაქებშიც დაიწყო. პარალალელურად, „ხაჭაპურილოებით“ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებსაც ამარაგებს.

 

Haapasalon hatsapuri
Haapasalon hatsapuri

 

საქართველოს პირველად 20 წლის წინ ეწვია და მას შემდეგ თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოდის. განსაკუთრებით ბორჯომი მოეწონა.

 

„წესით ახლაც წამოსასვლელად უნდა ვემზადებოდე, მაგრამ პანდემიის გამო, ეს ყველაფერი გადაიდო. ფაქტობრივად ადგილი არ მოიძებნება საქართველოში, რომელიც  არ მინახავს. თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი, მიყვარს ქართველი ერი, ძალიან მეგობრულები არიან,“ – უყვება „პრაიმტაიმს“ ვილე.

 

ამ ზაფხულს ვილემ თავის მენიუს კუბდარიც შემატა. გული სწყდება, რომ საქართველოს შესახებ ბევრმა არ იცის, ამიტომ როცა სტუმრებს ხაჭაპურით უმასპინძლდება, ჩვენ ქვეყანაზეც უყვება.

 

„ვფიქრობ, რომ ქართული ტრადიციული საკვები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და საკმაოდ უცნობიც. სამწუხაროა, მაგრამ ბევრმა არ იცის საქართველოს შესახებ და როდესაც ჩემს ხაჭაპურს სინჯავენ მუდმივად მეკითხებიან სადაური საკვებია, როგორ ცხოვრებენ ქართველები და ა.შ. მე კი სიამოვნებით ვუყვებდი ყველაფერს“,- ამბობს ვილე.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე


X

error: Content is protected !!