17:36 | 2020-03-28 ავტორი: Prime Time

სამყარო აქციების გარეშე – როგორ იმოქმედა პანდემიამ სამოქალაქო პროტესტზე მსოფლიოსა და საქართველოში

სამყარო აქციების გარეშე – როგორ იმოქმედა პანდემიამ სამოქალაქო პროტესტზე მსოფლიოსა და საქართველოში

კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს მასშტაბით აქციები შემცირდა. სხვადასხვა მიზეზით, მასშტაბური გამოსვლები გასული წლის თვეებში ძალიან ბევრ ქვეყანაში მძვინვარებდა, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში, კარანტინის პირობებშიც კი ახერხებენ სამოქალაქო პროტესტის გამოხატვას.

 

ინდოეთი

 

ინდოეთის დედაქალაქ დელიში, რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა მშვიდობიანი პროტესტი, რომლის ეპიცენტრი მუსლიმების რაიონი, შახინ ბახი იყო. მღელვარების თემა საკანონმდებლო ცვლილება იყო, რომელიც ამარტივებდა პაკისტანელი, ბანგლადეშელი და ავღანელი მიგრანტებისთვის ინდოეთის მოქალაქეობის მიღების პროცესს იმ პირობით, თუ ისინი მუსლიმები არ იქნებოდნენ.

 

15 დეკემბერს, პოლიციამ სტუდენტების მიერ დაგეგმილი აქცია ჩაშალა, რომელზეც ორი ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. ახალგაზრდებმა საჯარო ბიბლიოთეკაში გაქცევა მოასწრეს, მაგრამ პოლიცია მათ დაეწია და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციების შედეგად, ათობით ადამიანი დააკავეს და ასობით კი დაშავდა.

 

დელიში ბოლო მსხვილი აქცია 29 თებერვალს გაიმართა, რომელზეც ინდუსებს, პოლიციელებსა და მუსლიმებს შორის შეტაკებების დროს, 38 ადამიანი დაიღუპა და 189 კი დაშავდა. მთლიანად, ამ აქციის ფარგლებში გასული წლიდან მოყოლებული, 78 ადამიანი დაიღუპა.

 

24 მარტს ინდოეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. იმავე დღეს, ასობით პოლიციელი მივიდა აქციის მონაწილეებთან და მოთხოვა, რომ კარვები აეღოთ. ზოგიერთი მონაწილე არ დანებდა და დაპირისპირების დროს 9 ადამიანი დააკავეს.

 

 

ალჟირი

 

ყოველკვირეული დემონსტრაციები ალჟირში, რომელმაც მიიღო სახელწოდება „ღიმილის რევოლუცია“, 2019 წლის თებერვლიდან იმართებოდა, როდესაც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა აბდელზაიზ ბუტეფილკამ განაცხადა, რომ სურს მეხუთედ იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე. გასული წლის მარტში ალჟირის ქუჩებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა და პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 20 წელი მართავდა, მოსახლეობამ გადააყენა. ამის შემდეგ, დააკავეს რამდენიმე ჩინოსანი და ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფი მილიარდერები, თუმცა აქციის მონაწილეებმა ეს ზომები არასაკმარისად მიიჩნიეს და დემონსტრაცია გააგრძელეს. ისინი მთელი მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.

 

17 მარტს, ალჟირის ახალმა მეთაურმა აბდელმაჯიჯ ტებუნმა ქალაქში დემონსტრაციები აკრძალა. „მოქალაქეების სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, დასჭირდება ამას თავისუფლების შეზღუდვა თუ არა“, – განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა. ამავე დროს, ოპოზიციის ლიდერებმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. 20 მარტს, 57 კვირის განმავლობაში პირველად, ქუჩაში აღარავინ გამოვიდა – პოლიციელებისა და ჟურნალისტების გარდა.

 

 

ჩილე

 

2019 წლის ოქტომბერში ჩილეში მასობრივი პროტესტი და არეულობა დაიწყო, რაც ეკონომიკურმა უთანასწორობამ და უმუშევრობამ გამოიწვია. საბაბი მეტროს ბილეთის ფასის მატება გახდა. ჩილეს მოსახლეობა ახალ კონსტიტუციას ითხოვს, რომელიც გაზრდის გადასახადებს მდიდრებისთვის, გაზრდის მინიმალურ ხელფასს და წყალმომარაგების ნაციონალიზაციას მოახდენს. 2019 წლის ბოლოს, არეულობისგან მიყენებული ზარალი ჩილეში 1,5 მილიარდ დოლარად შეაფასეს.

 

კორონავირუსმა ბევრი არაფერი შეცვალა. დემონსტრანტები აგრძელებენ ქუჩაში გამოსვლას ყოველ პარასკევს. მორიგი ანტისამთავრობო დემონსტრაცია 20 მარტს ჩატარდა, რომელზეც პოლიციამ მოქალაქეები წყლის ჭავლით დაშალა. Euronews-სთან ინტერვიუში, ერთ-ერთი აქციის მონაწილე ამბობს, რომ მათ არ ეშინიათ კორონავირუსისგან დაღუპვის, რადგან მათ უკვე ჰყავთ ხელისუფლება, რომელიც „კლავს“. 20 მარტს, ჩილეს ხელისუფლებამ საკონსტიტუციო რეფერენდუმი გადადო, რომელიც აპრილში იყო დაგეგმილი.

 

 

 

ჰონგ-კონგი

 

The Interpreter-ი რამდენიმე ჰონგკონგელს გაესაუბრა, რომელიც ადგილობრივ აქციებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მათი თქმით, „თავისუფალმა დრომ“ აქტივისტებს საშუალება მისცა უფრო უკეთესად დაეგეგმათ ქუჩის მომავალი აქციები. შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, შეიქმნა ახალი პროფკავშირები, რაც მათ პროტესტების კოორდინირების სტრუქტურირებაში დაეხმარება. ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ამჟამად ბევრი აქტივისტი დაკავებულია მოხალისეობრივი საქმიანობით და კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, არიგებენ ხელთათმანებს, ნიღბებს და სხვა საჭირო პროდუქტებს.

 

ამავდროულად, „შესვენებას“ პოლიციელებიც იყენებენ. დილით, 8 მარტს, ორგანიზებული დანაშაულის ბიურომ ჩაატარა ჩხრეკა, რომლის დროსაც სამი თვითნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება და 2,6 ტონა ქიმიკატი იპოვეს. დაკავებულია 17 ადამიანი. ისინი ეჭვმიტანილები არიან ამ წლის დასაწყისში, აქციის დროს მომხდარ სამი აფეთქების ორგანიზებაში.

 

მიუხედავად პანდემიისა და პოლიციის რეიდებისა, ჰონგ-კონგში აქციები გრძელდება, თუმცა არა ისეთი მასშტაბით, როგორც შარშან ხდებოდა. დაკავებების შემდეგ, ქალაქში  სტუდენტის პატივსაცემად, მდუმარე მარში გაიმართა, რომელმაც ნოემბერში, აქციის დროს, თავის ქალის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამ აქციის შემდეგ კიდევ იპოვეს ასაფეთქებელი ნივთიერებები რის შემდეგ, კიდევ 40 ადამიანი დააკავეს.

 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰონგ-კონგი უკვე დაასახელა ერთ-ერთი ტერიტორიად, სადაც კორონავირუსს ყველაზე წარმატებით ებრძვიან.

 

 

პროტესტის ახალი ფორმატი

 

ინდოეთში პროტესტი სიმბოლური ფორმით გრძელდება. კოლკატაში აქტივისტები ქუჩიდან წავიდნენ, თუმცა ბევრმა მათგანმა დატოვა წარწერა, პლაკატი და ფეხსაცმელიც კი.

 

 

ისრაელში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეჩერების პასუხად, პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგებმა ვირტუალური მიტინგი მოაწყვეს, რომელსაც 600 ათასმა ადამიანმა უყურა. ისინი ნეთანიაჰუს ადანაშაულებენ იმაში, რომ მას კრიზისული სიტუაციის გამოყენება თავის სასარგებლოდ სურს, რათა კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში.

 

 

ბრაზილიაში, სადაც ხელისუფლებამ 15-დღიანი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, პროტესტი აივნებიდან გაგრძელდა. ყოველ დღე, 20:30 საათზე, ბრაზილიელები აივნებიდან და ფანჯრებიდან იყურებიან, ურტყამენ ჭურჭელს და გაიძახიან – „ბოლსონარუ წადი!“

 

აქციების მიზეზი კორონავირუსზე ბოლსონარუს რეაქცია გახდა: თავიდან პრეზიდენტი ვირუსს მედიის „ტრიუკს“ უწოდებდა. მარტში, ამერიკაში საქმიანი ვიზიტის დროს, ექიმებმა ურჩიეს, რომ სახლიდან არ გასულიყო, თუმცა ის მაინც გავიდა გარეთ და მონაწილეობა მიიღო სახელისუფლებო აქციაში.

 

 

საქართველო 

 

ქუჩის აქციები თბილისში 2019 წლის, 20 ივნისს დაიწყო. ათასობით ადამიანის პროტესტის მიზეზი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი გახდა, რომელიც თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

 

საქართველოს მოქალაქეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ასამბლეა, რომელიც პარლამენტის შენობაში ტარდებოდა, რუსმა დეპუტატმა გახსნა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა და აუდიტორიას რუსულად მიმართავდა.

 

პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და იმავე ღამეს, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაარბიეს აქტივისტები. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ორმა მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა.

 

დარბევის შემდეგ, მთელი 100 დღის განმავლობაში აქცია ყოველდღე იმართებოდა, თუმცა ამ ეტაპზე სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში პანდემიის გამო შეჩერებულია.

 

 

„გასაგებია საარჩევნო წელი, დაძაბულობა და ყველაფერი, თუმცა სამყარო გაერთიანებულია ახლა მთავარი მტრის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს „პრაიმტაიმთან“ საუბარში მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კრიზისული სიტუაციაა, ხელისუფლება მაინც ახერხებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას.

 

„სამწუხაროა რომ ქართული ოცნება თავის მხრივ კიდევ პოულობს რთულ ვითარებაში დროს და ფულს იმისათვის რომ დააფინანსოს ტროლები და ბოტები. ბატონი თენგიზ ცერცვაძეც შეცდომაში შეიყვანეს ამას წინათ ამ ფეიკ ნიუსებით. ეს არის ძალიან სამწუხარო. თანამედროვე სამყაროში არ არის იმის პრობლემა, რომ აქციის გარეშე შენი სათქმელი გაგონილი იყოს. ჩვენ გვაქვს ახალი მედია ინსტრუმენტი, ფეისბუქი, ტვიტერი, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებასთან ვურთიერთობთ“, – აღნიშნავს დიღმელაშვილი.

 

დიღმელაშვილის თქმით, ამჟამად „სირცხვილია“ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს და ამისათვის იყენებენ ინტერნეტ პლატფორმებს, ხოლო რაც შეეხება პროტესტს, აქტივისტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების კრიტიკასთან დაკავშირებით მორატორიუმი აქვთ გამოცხადებული.

 

„ხელისუფლების კრიტიკაზე ცოტა მორატორიუმი კი გვაქვს გამოცხადებული, როდესაც ფოკუსი გადატანილია კორონავირუსზე. ჩვენ რაღაცნაირად დიდსულოვნება გამოვიჩინეთ მაგ თვალსაზრისით რომ ხელისუფლების კრიტიკა აქტიურ ფაზაში არ ყოფილიყო, თუმცა ტროლებისგან რომ ვიღებთ იერიშებს, აუცილებლობის ფარგლებში ვიგერიებთ“, – განაცხადა აქტივისტმა.

 

ცნობისთვის, 4 აპრილს დაანონსებული აქცია თბილისში, რომლის ორგანიზატორიც გაერთიანებული ოპოზიცია იყო, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გადაიდო.

 

ამავე თემაზე იხილეთ:

 

პროტესტის 2019 წელი ყველგან! - რას აპროტესტებდნენ წელს მსოფლიოში
2020-01-06პროტესტის 2019 წელი ყველგან! - რას აპროტესტებდნენ წელს მსოფლიოში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X