16:26 | 2020-04-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“სამი კვირაა არ მიცეკვია და 5 კილო მოვიმატე, თავი მეზიზღება” – თეა დარჩია ქალების აყოლიებას იწყებს

“სამი კვირაა არ მიცეკვია და 5 კილო მოვიმატე, თავი მეზიზღება” – თეა დარჩია ქალების აყოლიებას იწყებს

თეა დარჩია და ცეკვის სახელოსნო “თედასი” ქალბატონებს ახალ გამოწვევას სთავაზობს. “ამყევი” ასე ჰქვია კონცეფციას, რომლითაც მოცეკვავე ყოველ საღამოს ონლაინ ავარჯიშებს და მოძრაობებში აიყოლიებს მსურველებს.

 

მთელი პანდემიის პერიოდში თავისი ვიდეო-ცეკვის გაკვეთილებით, დარჩია, მუდამ აქტიურად ჩანს. სახლში გამოკეტილი ქალბატონებისთვის, მოცეკვავე, სხვადასხვა ცეკვის გაკვეთილს ატარებდა, “იუთუბზე” ტვირთავდა და ასე უმრავალფეროვნებდა თანამემამულეებს კარანტინის ერთფეროვან და უჩვეულო დღეეებს.

 

სამი კვირაა არ უცეკვია და როგორც ამბობს, 5 კილო მოიმატა. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, თავს საშინლად გრძნობს, კისრის მალები ატკივდა. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ თავიც მოიყვანოს ფორმაში და ქართველ ქალბატონებზეც იზრუნოს.

 

თეა დარჩია: – ვნების კვირამდე არ მიცეკვია, არც ვნების კვირაში და არც ერთი კვირის შემდეგ. ტაძარში სიარულის, მარხვისა და წირვა-ლოცვაზე დასწრების დროს, ტვინი სხვაგან არის. სამუშაოზე გადმოსაწყობად ერთი კვირა გჭირდება.

 

სამი კვირა არ ვიცეკვე და 5 კილო მოვიმატე, ვერაფერში ვეღარ ვეტევი და თავი მეზიზღება. სარკეში ვერ ვიხედები, სახე დავკარგე.

 

საკუთარი თავი თუ არ მოგეწონა, ვერც იცეკვებ. 5 კილო კარტოფილი რომ აგკიდონ კისერზე და იცეკვო, ახლა ასე ვგრძნობ თავს.

 

მოცეკვავე ყოველ საღამოს ფეისბუქ გვერდზე თავის “მიმდევრებს” პირდება: შეიპინგს, გაწელვებს, მუცლის პრესის, კუნთების გასაღვიძებელ მოთელვებს. კუნთების თავიანთ ადგილებზე დალაგებას. შემდეგ ცეკვა-ტრენაჟით ამ ალაგებულ კუნთებს ააცეკვებს. ყველანი ხერხემლისა და კისრის მალების სასარგებლო ტრენაჟს გაიკეთებთ.

 

“ეს სამი კვირა კისერი ისე გამიშეშდა, რომ სისხლი არ ადის თავში და საშინელი ტკივილები მაქვს.

 

უბრალოდ უნდა ამყვეთ. ცეკვა სხვა რამაა და ცეკვის სწავლა – სხვა. ცეკვის სწავლა უკვე გავიარეთ, ახლა აყოლა ვისწავლოთ და მერე სწავლა მოძრაობას დავამთხვიოთ. 

 

ახლა ქალებმა 3 D აზროვნება – სხეულისა და ტვინის კონტროლი უნდა ისწავლონ. ეს ყველაფერი ჩემთან ერთად და ჩემნაირად.

 

მთავარია აქცენტი. მოცეკვავის ხარისხი მოძრაობის ხარისხით კი არ განისაზღვრება, არამედ, რა მუსიკაზე, რა მოძრაობით, რა აქცენტებს აკეთებს, აი, ამით.

 

თუ გინდა ჩემნაირად იცეკვო, მაშინ ჩემი აქცენტებით უნდა იცეკვო” – ამბობს დარჩია “პრაიმტაიმთან”.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X