12:00 | 2020-03-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვცა ერთმა მცირე კვლევამ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსზე იმ პაციენტების ნიმუშებიც შეამოწმეს, რომელთა კვლევა ჩვეულებრივ გრიპზე მიმდინარეობს და მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურებულა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

 

გამყრელიძის თქმით, ეს საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაციია.

 

„საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვცა ერთმა მცირე კვლევამ. ჩვენ გვაქვს გრიპის ზედამხედველობის ე.წ. სენტინელური 10-მდე საიტი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ნიმუშებს გრიპის კვლევისთვის და პარალელურად, ჩვენ ეს ნიმუშები გავტესტეთ კორონავირუსზე, სადმე ხომ არ გვეპარება გრიპის სიმტომებით.

 

კლინიკურად ძალიან ჰგავს გრიპი და შევამოწმეთ ხომ არ გვეპარება კორონავირუსი მოსახლეობაში. ყველა ნიმუში კორონავირუსზე აღმოჩნდა უარყოფითი. დამაიმედებელია, რომ ჩვენს მოსახლეობაში ვირუსი არ ცირკულირებს თავისუფლად.

 

ყველა ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად მიდის პანდემია. ჩინეთს გარეთ სამყარომ გადააჭარბა ჩინეთს აბსოლუტური ციფრებით. განსაკუთრებით ბევრი ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ როგორც ევროპის ერთი ნაწილი, გასაკვირი არ არის გვქონდეს შემთხვევების მატება, ჩვენი ამოცანაა რომ ეს მატება არ იყოს სწრაფი და რადიკალური“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 40 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც,  კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X