
სამი დღის წინ მოსული უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენში მეწყერული პროცესები განვითარდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეწყერული პროცესები რამდენიმე ადგილას განვითარდა, გზის გაწმენდითი სამუშაოები კი დღემდე არ დაწყებულა.
„სამი დღეა 14 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილი ვართ. გზაც კი არ არის გაწმენდილი. მიწის მასა კედელზეა მომდგარი. აქ გაჩერება უსაფრთხო არ არის და ოჯახი ბიძაშვილთან ჩავიყვანე. იქ უარესი მდგომარეობა დახვდა. სახლის ფუძე გასკდა. 16 ადამიანი გარეთ ველოდებოდით როდის დაინგრეოდა. ეხლა სახლებს დავუბრუნდით, რადგან სხვა გზა არ გვქონდა, ქუჩაში რამდენ ხანს გავჩერდებოდით. მაგრამ ძალიან გვეშინია.
მეწყერ საშიშ ზონაში ვცხოვრობთ, გვაქვს გეოლოგიური დასკვნებიც, არაერთხელ მივმართეთ მერიას, თუმცა უშედეგოდ. ვითხოვთ ყურადღებას, ასევე გზის დროულად გაწმენდას. სასწრაფოც კი ვერ მოდის. მოვიდა სოფლის რწუმენებული, დაათვალიერა, გადაიღო ფოტოები და წავიდა. მას შემდეგ არავის მოვუკითხივართ. გვპირდებიან და ველოდებით როდის გახსნიან გზას“,- განაცხადა მანუჩარ კობალაძემ.
შეგახსენებთ, აჭარაში პირველ ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 200-მდე მეწყერული პროცესი განვითარდა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა შარაბიძეების, ახალშენის, ორთაბათუმის, ფერიის, ერგეს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლები.
ავტორი- ნაირა ქობულაძე