16:10 | 2020-03-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სახელმწიფო მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სათანადო დახმარება გაუწიოს.

 

მისივე თქმით, არც ოკუპირებულ აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში ამ დაავადების დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს, შესაბამისად, საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიულად გამოვლენა ვერ მოხდება.

 

„მეც ვარ ჩართული ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია, რომ იყოს ვირუსის შესაძლო შემთხვევა სამწუხაროდ, არ აქვთ საშუალება დიაგნოსტიკის. ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ, დავეხმაროთ დიაგნოსტიკაში და თუ საჭირო გახდა, მერე გადმოყვანა ავადმყოფის და მკურნალობა. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ მზად ვართ, მივეხმაროთ მათ, პირველ რიგში იდენტიფიცირებაში შესაძლო შემთხვევისა და მათ შემდგომ მართვაში. ასევე, რა თქმა უნდა, თუ თანახმა იქნებიან, ჩვენ მზად ვართ, როგორც სხვა საკითხებშიც დავეხმაროთ. მოგეხსენებათ, ვეხმარებით ანტიტუბერკულოზური ვაქცინების მიწოდებით, შიდსის საწინააღმდეგო წამლებით, ტრენინგები უტარდებათ შიდსი როგორ მართონ, ტუბერკულოზი როგორ მართონ, ჰეპატიტზე გვქონდა ასეთი ურთიერთობები და აქაც სრულად მზადყოფნა იმის, რომ დავეხმაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X