20:51 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში მომხდარ ინციდენტს განმარტავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში მომხდარ ინციდენტს განმარტავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, საქართველოს საელჩოსთან მომხდარ ინციდეტს ეხმაურება და განმარტავს, რომ პოლონეთის ავიახაზებმა 3 აპრილს დაგეგმილი რეისის ბილეთების რეალიზაცია ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად განახორციელა.

 

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და იმ დიდი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესთან, გვსურს, გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 3 აპრილის ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის მიმართულებებზე ბილეთების რეალიზაციის საკითხს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა საელჩომ პოლონეთის რესპუბლიკაში პოლონეთის ავიახაზებისგან, რომლის მიერაც სრულად იყო ორგანიზებული ბილეთების გაყიდვის პროცესი, გამოითხოვა 3 აპრილის რეისზე ბილეთების რეალიზაციის მონაცემები.

 

პოლონეთის ავიახაზების მონაცემებით, დღეს – 1 აპრილს, ავიაკომპანიამ 3 აპრილის ვარშავა-თბილისის რეისზე გასაყიდად გამოიტანა 67 ბილეთი. ბილეთების გაყიდვა დაიწყო ვარშავის დროით 10:00 საათზე.

 

32 ბილეთი გაიყიდა ვარშავის აეროპორტში მდებარე ავიაკომპანიის სალაროდან, ხოლო დარჩენილი 35 ბილეთი – ონლაინ, ანუ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით, კომპანიის ინფორმაციით, 20 წუთის განმავლობაში. ბილეთის ფასი იყო 199 ევროს ექვივალენტი პოლონურ ეროვნულ ვალუტაში.

 

რაც შეეხება დანარჩენ 46 ბილეთს, როგორც ცნობილია, თავდაპირველად, კომპანიამ 3 აპრილის რეისზე ბილეთების ნაწილის გაყიდვა მოახდინა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად – 26 მარტს. (ამ ფაქტის აღმოჩენის შემდგომ, კომპანიას ქართული მხარისგან ეთხოვა დაუყონებლივ შეეწყვიტა ბილეთების რეალიზაცია, რადგან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განრიგით გაწერილ რეისებზე ბილეთების გაყიდვა უნდა მოხდეს ავიარეისამდე 2 დღით ადრე).“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

ვარშვაში, საქართველოს საელჩოსთან რამდეიმე ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ „კურიერში“ სატელეფონო ჩართვისას ვარშვაში მცხოვრებმა ქართველმა, მირიან ხერხეულიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, იქ მცხოვრები ქართველების ნაწილმა ვარშავა-თბილისის 3 აპრილს დაგეგმილ ავიარეისზე ბილეთი ვერ იყიდა და სიტუაციაში გასარკვევად საქართველოს საელჩოსთან მივიდნენ. საელჩოს თანამშრომლებმა კი პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები