16:25 | 2020-03-19 ავტორი: ნინი ტაველიძე

საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა – გოცირიძე

საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა – გოცირიძე

საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

„საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება თუ არა, ყველაზე კარგად ამის აუცილებლობას უნდა მიხვდეს მთავრობა, რომელიც ფლობს გაცილებით მეტ ინფორმაციას, ვიდრე ჩვენ და ჩვენი თითოეული მოქალაქე. თუმცა, ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს.

 

გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მათი პრეროგატივაა. საგანგებო მდგომარეობას მოჰყვება სხვა სირთულეები, მათ შორის, ეკონომიკის გაჩერების სახით, ამიტომ როდის უნდა იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, ეს უნდა შეაფასოს მთავრობამ და მნიშვნელოვანია, ამის შემდეგ რა დახმარების პაკეტს შესთავაზებს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს. საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და ხელები დამიბანია, ასე არ არის.

 

ადამიანი, რომელიც ყოველდღიური შრომით შოულობდა სარჩოს – 60 000 ტაქსია საქართველოში და აქედან 30 000 თბილისში და როცა ის სახლში დარჩება, უნდა იცოდეს, რომ შუქი არ გამოერთვება და წყალს არ გაუთიშავენ.

 

საგანგებო მდგომარეობას უნდა ახლდეს მომზადებული ფინანსური, ეკონომიკური და საორგანიზაციო პაკეტი. საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა“,- განაცხადა გოცირიძემ.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები