15:02 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

„სად წამოვიყვანო, სახლი აღარ მაქვს“,- კაცს, რომელსაც სახლი დაეწვა, ცოლი საავადმყოფოდან ვერ გამოჰყავს

„სად წამოვიყვანო, სახლი აღარ მაქვს“,- კაცს, რომელსაც სახლი დაეწვა, ცოლი საავადმყოფოდან ვერ გამოჰყავს

„ექიმმა დამირეკა, იქნებ მეუღლე სახლში წაიყვანო, აქ მკურნალობის აზრს ვეღარ ვხედავო“,- სოფელ კისისხევში, ხანძრით დაზარალებული ოჯახის დიასახლისი, ონკოლოგიური ავადმყოფია. საავადმყოფოდან მის დასაბრუნებლად და სახლის აღსადგენად, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი, დახმარებას ითხოვს.

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ხანძრით დაზარალებული ცისკარიშვილების ოჯახს, ფულს თანასოფლელები უგროვებენ, სოციალურ ქსელში კი, მათ დასახმარებლად კამპანია დაიწყო.

 

სახლის მეპატრონის, რობიზონ ცისკარიშვილის ინფორმაცით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია.

 

„უპირველესი ამოცანაა, რომ მეუღლე სახლამდე ჩამოვიყვანო. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. პანდემიის გამო ნახვაც ვერ მოვახერხე. ექიმმა დამირეკა, იქნებ წაიყვანო, აქ მკურნალობის აზრს ვეღარ ვხედავო.

 

სად ჩამოვიყვანო, სახლი აღარ მაქვს, ერთი ხელი ტანსაცმელი დამრჩა, რაც ზედ მაცვია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. მგონია, რომ გაზის კომპანიამ ტექნიკური შეცდომა დაუშვა. მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს, ყველას მივაკითხავ“,- ამბობს პრაიმტაიმთან დაზარალებული.

 

„ავადმყოფობის გამო სიარულიც უჭირს“ - მარტოხელა კაცი მძიმე ისტორიით, უკიდურეს გაჭირვებას ებრძვის
2020-05-14„ავადმყოფობის გამო სიარულიც უჭირს“ - მარტოხელა კაცი მძიმე ისტორიით, უკიდურეს გაჭირვებას ებრძვის

 

ცისკარიშვილების ოჯახის დახმარების კამპანიის ინიციატორი, სოფელ კისისხევში მცხოვრები, ვალერი ბოჭორიშვილია. მისი ინფორმაციით, თანხის შეგროვება დაზარალებულის ოჯახის დასახმარებლად უკვე დაწყებულია.

 

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ, ვისაც ძალიან სჭირდება დახმარება. სხვა შემთხვევებშიც გაერთიანებულა სოფელი და ასეა ახლაც. თანხა უკვე გროვდება.

 

ამ ოჯახის დიასახლისი, ონკოლოგიური პრობლემების გამო, თბილისში, საავადმყოფოში იმყოფება. მათთვის ჩვენი თანადგომა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კამპანია სოფლის ფეისბუქ-გვერდზე დავიწყეთ, ალბათ შემოგვიერთდებიან“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

სოფელ კისისხევში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ზურაბ გრძელიშვილის ინფორმაციით, ცისკარაშვილებს გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.

 

„დიასახლისის ავადმყოფობით, ისედაც გაწამებულები არიან. ხანძრის შედეგად, მარჩენალი სამარშუტო ტაქსიც დაეწვათ. ძალიან აქტიური ხალხია ჩვენს სოფელში, ერთმანეთის გვერდში დგომა იციან.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გაჭირვებულის დასახმარებლად ერთიანდებიან. ცისკარაშვილები ხუთსულიანი ოჯახია, მერიაც დაპირდათ დახმარებას“,- განაცხადა გრძელიშვილმა პრაიმტაიმთან“.

 

უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი დედა-შვილის ისტორია - 17 წლის ბიჭი შშმ პირია
2020-05-13უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი დედა-შვილის ისტორია - 17 წლის ბიჭი შშმ პირია

 

შეგახსენებთ, საცხოვრებელი სახლი სოფელ კისისხევში გუშინ დაიწვა. ხანძრის შედეგად, განადგურებულია, ცისკარიშვილების ოჯახის კუთვნილი ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და სამარშუტო ტაქსი.

 

მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, სახლის მეპატრონე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

 

ავტორი: ხათუნა გულაიშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +