15:33 | 2020-11-12 ავტორი: Prime Time

საბერძნეთის ციხეში მყოფ ქართველ პატიმრებს კოვიდი დაუდასტურდათ

საბერძნეთის ციხეში მყოფ ქართველ პატიმრებს კოვიდი დაუდასტურდათ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში პატიმრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთის ციხეში ქართველი პატიმრებიც იმყოფებიან, „პრაიმტაიმი“ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულთ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

 

ციხის ადმინისტრაციას უკვე ესაუბრა საქართველოს კონსული თესალონიკში. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

მასშტაბური რეიდი ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში - საბერძნეთის პოლიცია შოკშია
2020-05-30მასშტაბური რეიდი ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში - საბერძნეთის პოლიცია შოკშია

 

„თესალონიკში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზეა ციხის ადმინისტრაციასთან, იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოს ქართველი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და  მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას  იმისათვის რომ თესალონიკის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული.

 

აღსანიშნავია, რომ თესალონიკში საქართველოს საკონსულოს კონტაქტი ციხის ადმინისტრაციასთან შედგა  მყისიერად, მას შემდეგ, რაც ბერძნულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, ციხეში კოვიდ ინფექციის შესახებ.

 

საქართველოს საკონსულო  დაუკავშირდა უშუალოდ ციხის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია მიეღო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.  კონსული იმყოფებოდა ციხეში, სადაც კარანტინის არსებობის გამო, ვერ მოხერხდა უშუალოდ პატიმრებთან შეხვედრა,  თუმცა შეხვდა პენიტენციური დაწესებულების ხელძღვანელს.

 

ციხის ადმინისტრაციის განცხადებით,  პატიმრები არიან განთავსებულები შენობის 3 ზონაში.  შენობის ერთ ფრთაში მოთავსებულები არიან პატიმრები, რომელთაც უკვე გაუკეთდათ კორონას ტესტი და დაუდასტურდათ ვირუსი,  შენობის მეორე ფრთაში  იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტესტი და აქვთ უარყოფითი პასუხი, ხოლო მესამე ფრთაში არიან პატიმრები რომლებსაც მომდევნო დღეებში ჩაუტარდებათ  კოვიდ-19 ტესტი. ციხის ადმინისტრაციამ საქართველოს საკონსულოს გამოუგზავნა ოფიციალური კორესპონდენცია, რომელშიც აცხადებს რომ ციხეში დაცულია საერთაშორისო პროტოკოლი.

 

საკონსულო კონტაქტზე რჩება როგორც ბერძნულ მხარესთან, ასევე პატიმრების  ოჯახის წევრებთან  და ახლობლებთან“, – გვითრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ავტორი: Prime Time


X