19:47 | 2021-04-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

საარსებო მინიმუმი შეიცვალა! – რა აეჭვებთ ექსპერტებს

საარსებო მინიმუმი შეიცვალა! – რა აეჭვებთ ექსპერტებს

მარტში საარსებო მინიმუმი შემცირდა და საშუალო მომხმარებლის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 178,1 ლარით განისაზღვრა. ეს 4,5 ლარით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი თვის მონაცემთან შედარებით, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მარტში “შრომისუნარიანი მამაკაცის” საარსებო მინიმუმი 5,1 ლარით, 201 ლარამდე შემცირდა. ეს გაანაგრიშება წლიურ ჭრილშია მოცემული.

 

რაც შეეხება წინა თვის მაჩვენებელს, მარტში, მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით, საარსებო მინიმუმი საშუალო მომხმარებლისთვის 3,4 ლარით, ხოლო “შრომისუნარიანი მამაკაცის” 3,8 ლარით გაიზარდა.

 

მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

 

ამის გარდა, გასათვალისწინებელია ეკონომიკური ინფლაციის დონე – 2021 წლის მარტის თვის ინფლაცია 4.2 პროცენტია, ხოლო გასული წლის მარტის თვის ინფლაციის დონე 0.7 პროცენტი იყო. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ეს მაჩვენებელი 7.2 პროცენტს შეადგენს, გასულ წელს 6.1 პროცენტი იყო, ანუ შარშანდელთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონე 1.1 პროცენტით გაზრდილია.

 

მაშინ, როცა საარსებო მინიმუმის ახალი ოდენობა მცირდება და ამის პარალელურად, ქვეყანაში ინფლაციის დონე იზრდება, როგორ აიხსნება კომპეტენტური პირების მიერ?! სწორედ ამიტომ, “პრაიმტაიმი” ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი კეპულაძეს დაუკავშირდა.

 

როგორც გიორგი კეპულაძე აცხადებს, დადგენილ საარსებო მინიმუმს მინიმუმ 100 ლარი უნდა დაემატოს, რათა ადამიანები ფიზიკურად გადარჩნენ. ის ეკონომიკურ კრიზისზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ მექანიზმებზე საუბრობს და არ სჯერა, რომ სწორედ ახლა, საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესშია…

 

“ვფიქრობ, საქსტატის მეთოდოლოგიაა შეცვლილი, მარტში საარსებო მინიმუმის დათვლაზე გავლენა თებერვლის თვის ჩათვლით არსებულმა სუბსიდირებამ მოახდინა, ან კონკრეტული რომელიმე პროდუქტი გაიაფდა. საქსტატს განმარტება არ გაუკეთებია, მეთოდოლოგიური ცვლილებები ხომ არ მოხდა. რეალურად კი ფაქტია, რომ დღეს, ადამიანს არსებობისთვის მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე გასულ წელს – ამ დროს. წარმოუდგენელია, ადამიანს 200 ლარი თვის განმავლობაში ეყოს. ეს თანხა ალბათ, იმისთვისაა საკმარისი, რომ ფიზიკურად გადარჩეს. მოგეხსენებათ, პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირებულია.

 

 – რამდენი უნდა იყოს რეალურად საარსებო მინიმუმის ოდენობა? 

 

– ყოველთვე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. ის, რომ ძალიან ცოტაა 200 ლარი, ეს ცალსახაა. ვფიქრობ, საქსტატის დათვლის მეთოდოლოგია გადასახედი, რეალობა ისაა, რომ საარსებო მინიმუმის ოდენობა მეტი უნდა იყო, დაახლოებით 100 ლარით მაინც.

 

 – პროდუქტების ფასები ძვირდება, ადამიანებს მეტი თანხა სჭირდებათ თავის სარჩენად, რაშია გამოსავალი?

 

– ეკონომიკური პრობლემები დიდი წილით პანდემიას უკავშირდება, მათ შორის ტურიზმის განულება და ჩაკეტვა, ინვესტიციების განახევრება. ახალი ინვესტიციები აღარც განხორციელებულა, ლარის კურსი გაუფასურდა, რამაც იმპორტირებული პროდუქციის ფასზე იმოქმედა და გაზარდა.

 

 – რა ელის საქართველოს ეკონომიკას უახლოეს მომავალში?

 

– ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსი, რადგან ეს ეკონომიკის შედეგს წარმოადგენს. ლარის კურსი კი არ განსაზღვრავს ეკონომიკას, ეკონომიკა განსაზღვრავს ლარის კურსს. როცა ეროვნული ვალუტა უფასურდება, თავისთავად ეს ყველაფრის ფასზე მოქმედებს. ამის გამომწვევი მიზეზი ეკონომიკური კრიზისია, ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ვარდნის პროცესშია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს შესაძლოა, პესიმისტურ ვარიანტში არ გვქონდეს 4 პროცენტიანი და გვქონდეს 1 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ამ პირობებში, როცა ქვეყანა ისევ ჩაკეტილია, ისევ კომენდანტის საათია და ვერ ვახერხებთ ბიზნესების გახსნას, ძნელია ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება.

 

 – თუმცა, ამბობენ, რომ ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესშია… 

– ვერ გეტყვით პიარ განცხადებები რას უკავშირდება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არნახული ზრდა გვექნება და ეკონომიკა ჯანსაღდება, ჯობია მათ რეალობას თვალი გაუსწორონ და იფიქრონ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან.

 

 – როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური კრიზისის სწრაფი მართვა?

 

– ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზეც, როგორ გავუმკლავდებით პანდემიას. დღითიდღე ინფიცირებულთა და კარანტინის რეჟიმში გადასულ ადამიანთა რიცხვი იზრდება, ჩვენ ვაქცინაციით რამენაირად უნდა მივაღწიოთ ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტს. რაც მეტად დავაგვიანებთ ამ პროცესს, მით მეტად ჩამოვრჩებით მსოფლიოს. წამყვანი ქვეყნები გვიჩვენებენ მაგალითს, როგორ მართავენ პანდემიურ მდგომარეობას, ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. თუ მესამე ლოქდაუნი გამოცხადდება ქვეყანაში, უმუშევრობის დონეც გაიზრდება. რომ ვამბობთ, გასულ წელს 6.2 პროცენტიანი ვარდნა იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის უკან 100 ათასობით ადამიანი დგას. ბიზნესებს ნაკლებად აქვთ მოტივაცია ადამიანები დაასაქმონ.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X