fbpx
22:56 | 2020-09-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რას შეცვლის მიხეილ სააკაშვილი, თუ მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მიეცემა

რას შეცვლის მიხეილ სააკაშვილი, თუ მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მიეცემა

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მიხეილ სააკაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და განმარტავს იმ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელსაც პრემიერობის შემთხვევაში განახორციელებს.

 

პირველ რიგში, ეს არის ძალოვანი სტრუქტურები და სასამართლო ხელისუფლება.

 

რას აპირებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია გაიმარჯვებს და მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი კიდევ ერთხელ მიეცემა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

პოლიცია – მხოლოდ ფორმალურად უნდა დარჩეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პოლიციის უფროსი კონკურსის წესით უნდა შეირჩეს, არასამთავრობო ორგანიზაციების და მთელი საზოგადოების მიერ – უნდა დამტკიცდეს პარლამენტში ხმების უმრავლესობით. ამას ოპოზიციის მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი.

 

სასჯელაღსრულების სისტემა – ისიც იუსტიციის სამინისტროს უნდა გამოეყოს, შეიძლება მხოლოდ ფორმალური ბმა დარჩეს და მისი ხელმძღვანელიც უნდა შეირჩეს პარლამენტში ხმების უმრავლესობით საჯარო კონკურსის შემდეგ და ასევე მინიმუმ, ოპოზიციის მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი.

 

რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ უზენაეს სასამართლოში აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ მუდმივ სამუშაოზე ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი, სხვა უცხოელი მოსამართლეები, ხოლო ქვემდგომი მოსამართლეები საზოგადოებამ უნდა აირჩიოს და ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ ჩაერევა ასეთ სასამართლოში, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო.

 

ე.წ მოსმენის გასაღები ექნება მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს და მთლიანი კონტროლი სახალხო დამცველის მიერ განხორციელდება და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ, რომლის თავმჯდომარეც იქნება აუცილებლად ოპოზიციიდან.

 

სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო გაუქმდება და დარჩება მხოლოდ კონტრდაზვერვა, რომელიც შეებრძოლება ძირგამომთხრელ საქმიანობას უცხოეთიდან, მაგრამ შიდა პოლიტიკას საერთოდ არ შეეხება. ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური სამართალდამცავი ინსტიტუტები უნდა ჩაბარდეს წარსულს.

 

ასევე, საგადასახადო პოლიცია გაუქმდება და პრაქტიკულად, ყველა საგადასახადო მუხლი იქნება დეკრიმინალიზებული. ბიზნესში ჩარევის ინსტრუმენტები სამართალდამცავ სისტემას საერთოდ აღარ ექნება – ეს ეკონომიკის განსავითარებლად უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს სააკაშვილი.

 

მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის დროს დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს, ამისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და იმედოვნებს, რომ ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი მიეცემა.

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X