11:35 | 2020-05-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„სააკაშვილის დაცვის რამდენიმე წევრი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა“ – ვალერი გელაშვილი

„ზოგი ფიქრობს, რომ დამნაშავეების დიდმა ნაწილმა პასუხი არ აგო და სათანადოდ არ დაისაჯა, მაგრამ, მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალების“ მსგავსად რომ დაეწყო მასიური დაჭერები, ესეც არაფერს კარგს არ მოგვიტანდა“ – ამბობს დეპუტატი ვალერი გელაშვილი.

 

– მიხეილ სააკაშვილის მსგავს რეპრესიებს ეს ხელისუფლება ვერ გამოაცხადებდა. სააკაშვილს ვინც არ ეთანხმებოდა, ან ისე არ გააკეთებდა რამეს, როგორც პირადად მას სურდა, ანადგურებდა ყველას და ყველაფერს.

 

ეს ხომ ჩვენ წარსულში მოვიტოვეთ. იგივეს ხომ ვერ გააკეთებდა ახალი ხელისუფლებაც. გადახედეთ ისტორიას, არ გაინტერესებთ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამსახურიდან რამდენი ადამიანია გარდაცვლილი?

 

ვალერი გელაშვილის სკანდალური ინტერვიუ უკრაინულ თოქ-შოუში - რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილზე
2020-04-29ვალერი გელაშვილის სკანდალური ინტერვიუ უკრაინულ თოქ-შოუში - რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილზე

 

– რას გულისხმობთ? – ვგულისხმობ იმას, რომ სპეცსამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც სააკაშვილის დაცვას ახორციელებდა, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

 

ისინი ხდებოდნენ რაღაც ისეთის თვითმხილველები, რომ მათი მოცილება, როგორც ჩანს, ვიღაცას აწყობდა.

 

ზოგი ავარიაში კვდებოდა, ზოგიც სხვა გაურკვეველ ვითარებაში. ამოიღეთ ეს ისტორიები და გაარკვიეთ, რა ვითარებაში დაიღუპნენ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრები.

 

– თუკი რაიმე საეჭვო ვითარება მართლაც არსებობს, ამას, ალბათ, პროკურატურა უნდა არკვევდეს…

 

მე მაინტერესებს, პირადად თქვენ, რამდენად კმაყოფილი ხართ სამართლიანობის აღდგენის პროცესით, რომელსაც სწორედ პროკურატურა ხელმძღვანელობს?

 

– რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ეს იყო იმხელა ზარალი, რაც სააკაშვილმა მიაყენა არაერთ მოქალაქეს, რომ ამ ყველაფრის გასტუმრება ფიზიკურად შეუძლებელია.

 

ქვეყანა ფინანსურად ამას ვერ აიტანდა. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, ცოტა მეტის გაკეთება იყო საჭირო.

 

ვფიქრობ, ზედმეტად ფაქიზად მოვექეცით წინა რეჟიმის წარმომადგენლებს და დღეს ამიტომაც არიან ჰონორზე. „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, დანაშაულებრივ ორგანიზაციად რომ გამოგვეცხადებინა, დღეს ამდენის უფლებას აღარ მისცემდნენ საკუთარ თავს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X