fbpx
17:04 | 2020-10-29 ავტორი: Prime Time

სააკაშვილი მოდის? – რას გეგმავს არჩევნების დღეს ოპოზიცია და როგორ პასუხობენ ხელისუფლების ხმაურიან ბრალდებებს

სააკაშვილი მოდის? – რას გეგმავს არჩევნების დღეს ოპოზიცია და როგორ პასუხობენ ხელისუფლების ხმაურიან ბრალდებებს

საქართველოში არჩევნებამდე 2 დღით ადრე პოლიტიკურმა ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწია. პოლიტიკურ ვერტიკალზე მოთამაშე მთავარი პარტიები ერთმანეთს რევოლუციური სცენარის მზადებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებენ.

 

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციის მოწყობას ცდილობს, თუმცა გეგმას ვერ ახორციელებს.

 

გეგმავს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებისთვის რევოლუციის მოწყობას – რას ამბობენ ოპოზიციური პარტიები

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, კობახიძე ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებით არის დაკავებული, რადგან არჩევნების მოსალოდნელი წაგების გამო მისი გუნდი შეშინებულია.

 

„ცირკი წავიდა, ბოროტი კლოუნები დარჩნენ და ამ შემთხვევაში, დარჩა ერთი ბოროტი კლოუნი. ბიძინას ფული შეჭამეს და ახლა აეწვათ ძალიან, მოეთხოვებათ, სად წაიღეს ფული“,-განაცხადა შაშკინმა.

 

კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძეც. მისი განცხადება “ევროპული საქართველოს” პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

„ირაკლი კობახიძის არცერთ სიტყვას ფასი არ აქვს, ის ახლა არის გადასული ჩვეულებრივ წინასაარჩევნო ტყუილების რეჟიმზე, რასაც ყოველთვის აკეთებს ხოლმე არჩევნების წინ. ესმის ახლა, რომ ამ არჩევნებს წააგებს და ბიძინა ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, ის საუბრობს ძირითადად არასწორ, მცდარ რაღაცებს და უბრალოდ იტყუება. რაც შეეხება იმას უსმენენ თუ არა ჟურნალისტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს – ნამდვილად შემიძლია წარმოვიდგინო და ვივარაუდო, რომ სწორედ ასე ხდება და იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ აღიქვამს ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანს, ჟურნალისტი იქნება ეს თუ ოპოზიციონერი, თავის მტრად, ივანიშვილის მტრად, რადგან მას არ შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად, ვისზეც ხელი მიუწვდებათ, მათ არალეგალურად უსმენენ, ამას, რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ, მაგრამ ნამდვილად არ გამიკვირდება ეს ასე რომ იყოს“, – წერია განცხადებაში.

რას გეგმავს „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მიმდინარეობის პერიდოში კოვიდ-წესების განზრახ დარღვევასა და საზღვართან სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასაც გეგმავს.

 

„იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება (მაგალითად, პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა), რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ სპეკულირებისათვის; იგეგმება საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არმონაწილეობა ან წილისყრით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი; მთელ რიგ უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის ან დოკუმენტაციის (მაგალითად, რეგისტრატორის ან კომისიის ბეჭდის, სარეგისტრაციო ჟურნალის, ჩანაწერთა წიგნის) დაზიანება ან მოპარვა;

 

იგეგმება უბნებიდან ბიულეტენების გატანა რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ და შემდგომ სიუჟეტების ინიცირება, თითქოსდა ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს; ასევე იგეგმება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ უბნებზე გაკრული ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის ჩამოხევა და იმ მომენტის დაფიქსირება, როდესაც უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის;

იგეგმება სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობა უბნებზე, სადაც აღინიშნება ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების განსაკუთრებით დაბალი დინამიკა; იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების სიტყიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით; იგეგმება საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შემცირების მიზნით”, – განაცხადა კობახიძემ.

 

გეგმავს თუ არა სააკაშვილი საარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას

 

“პრაიმტაიმის” მიერ დასმული ამ შეკითხვის საპასუხოდ, დიმიტრი შაშკინმა გვითხრა, რომ სააკაშვილი საქართველოში აუცილებლად ჩამოვა, თუმცა – როდის, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს.

 

„მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ქართველი ხალხი არის ძალაუფლების წყარო. ძალაუფლების წყაროზე არის დამოკიდებული, როდის ჩამოვა სააკაშვილი საქართველოში“,-განაცხადა შაშკინმა.

 

შაშკინს ვთხოვეთ კომენტარი გააკეთებინა კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომლის მიხედვით, “ნაცმოძრაობის” მიერ დაანონსებული 31 ოქტომბრის აქციაზე პარტია პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.

შაშკინის განცხადებით, პროვოკაციების მოწყობის შესახებ საუბარი არასერიოზულია.

 

„ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს,  ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ ერთ პასუხს – ცირკი წავიდა, კლოუნები დარჩნენ. ერთი ბოროტი კლოუნის განცხადებების სერიოზულად მიღება შეუძლებელია.

 

საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელშიც არის გაწერილი, რომ ყველა ადამიანს აქვს შეკრების თავისუფლება. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს შეკრების უფლება. თუ ვინმეს დემოკრატული ფასეულობები ჰგონია ძალადობა, ეს მისი პრობლემაა, სავარაუდოდ, ის ან სამკურნალო არის, ან ჩვეულებრივად არის რუსეთის აგენტი“,- განაცხადა შაშკინმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X