fbpx
10:19 | 2020-10-12 ავტორი: Prime Time

რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოწამლეს?! – ვინ იყო როლანდ „ქუთაისკი“?

რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოწამლეს?! – ვინ იყო როლანდ „ქუთაისკი“?

ომსკის ციხეში, გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, კახა ფარფალიას ბუნდოვანი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთში ასევე ბუნდოვან ვითარებაში კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“, როლან ჩიკვაიძე გარდაიცვალა.

 

65 წლის ჩიკვაიძეს კრიმინალურ წრეებში „როლანდ ქუთაისკის“ სახელით იცნობდნენ.

 

ის 10 ოქტომბერს, პეტერბურგის საავადმყოფოში მწვავე სეფსისით შეიყვანეს, რომელიც მომწამამლავი ინექციით იყო გამოწვეული. ექიმებმა ჩიკვაიძის გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

გარდაცვლილის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ქართველი „კანონიერი ქურდი“ ინექციის გზით მოწამლეს.

 

ცნობილია, რომ როლან ჩიკვაიძეს მწვავე კონფლიქტი ჰქონდა ე.წ. „დედ ჰასანის“ კლანთან. გარდა ამისა, მას ქურდულ სამყაროში პირადი მტრებიც ჰყავდა.

 

ჩიკვაიძე „კანონიერი ქურდის“, ბაიკო ქუთათელაძის უახლოეს გარემოცვად მიიჩნეოდა. ჯერ კიდევ 1999 წელს, ერთ-ერთ შეხვედრაზე როლანდ ჩიკვაიძემ ცეცხლსასროლი იარაღით ხერხემალში დაჭრა კრიმინალური „ავტორიტეტი“ დავით სებისკვერაძე, რომელსაც ბაიკო ქუთათელაძესთან დიდხნიანი მტრობა ჰქონდა. მას შემდეგ სებისკვერაძე ეტლს არის მიჯაჭვული.

 

რა ვიცით თავად ბაიკო ქუთათელაძეზე?

 

კრიმინალურ სამყაროში ქუთათელაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, თუმცა სულ რამდენიმე დღით. ის 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში დააკავეს.

 

მაშინ ქუთათელაძე საქართველოში დედის დაკრძალვაზე ისრაელიდან ჩამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელშეუხებლობის გარანტიები ჰქონდა მიღებული, თუმცა ბაიკო ქუთაისში ისე დააპატიმრეს, რომ არც სახლამდე მისვლის და არც გარდაცვლილ დედასთან გამომშვიდობების უფლება არ მისცეს.

 

ქუთათელაძე მისივე უსაფრთხოების გამო ორთაჭალის ციხეში გადაიყვანეს, ვინაიდან ქუთაისის ციხეში მყოფი ქურდები – ამბროლაძე და კუხიანიძე მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. მათ ციხის ადმინისტრაციას უთხრეს კიდეც, რომ თუ ბაიკოს აქ შემოიყვანთ, სისხლი დაიღვრებაო.

 

ფოტოები: „კანონიერი ქურდი“ თბილისში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს - „ოჯახს ცხედარს უმალავდნენ“
2020-10-05ფოტოები: „კანონიერი ქურდი“ თბილისში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს - „ოჯახს ცხედარს უმალავდნენ“

 

ასე აღმოჩნდა ბაიკო ქუთათელაძე ორთაჭალის ციხის #49 საკანში, სადაც მას სხვა „კანონიერ ქურდებთან“ ერთად ალეკო ქურსაბედიანი („წრიპა“) და ზვიად პაპიაშვილი დახვდნენ. როდესაც ეს ცნობილი გახდა ლაშა შუშანაშვილისთვის, უცხოეთიდან დაუკავშირდა ზვიად პაპიაშვილს და უთხრა, რომ „ბაიკო ხერხემალში გადაემტვრია“, რათა შური ეძია დათო სებისკვერაძის გამო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს უკანასკნელი სწორედ ბაიკო ქუთათელაძის და როლანდ ჩიკვაიძის წყალობით დაინვალიდდა.

 

ამის შემდეგ პაპიაშვილმა და „წრიპამ“ რადიკალურად შეცვალეს დამოკიდებულება ქუთათელაძის მიმართ და კონფლიქტიც გამოიწვიეს, თუმცა ადმინისტრაციის დროული ჩარევით, სიტუაცია განიმუხტა, რამდენიმე დღეში კი ყველასთვის მოულოდნელად ბაიკო ქუთათელაძე თბილისი-მოსკოვის ავიარეისზე რუსეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგორ ივანოვთან ერთად აღმოჩნდა.

 

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც იმ დროისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გახლდათ, ამ მოვლენებს ასე იხსენებს:

 

„ქუთათელაძის პატიმრობა გრძელდებოდა დაახლოებით ორი თვე. ერთ ღამეს დამირეკა ზურაბ ადეიშვილმა და მითხრა, რომ ბაიკო უნდა გაესამართლებინათ თბილისში, თანაც – დაუყოვნებლივ, ამიტომ შენი მოსამართლე თბილისში უნდა ჩამოვიდესო. ქუთაისის მოსამართლე სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ჩვენი განსჯადი საქმე იყო, რადგან თავიდანვე ქუთაისის პროკურორს დააწერეს.

 

მე, ადეიშვილის მითითების შესაბამისად, მართლაც დავურეკე მოსამართლე კოზმავას, რომ მომზადებულიყო თბილისში გასამგზავრებლად. ასევე, გვიან ღამით გააღვიძეს ქუთაისის პროკურორი და ორივე სასწრაფოდ ჩაიყვანეს თბილისში, მიიყვანეს მე-7 საპყრობილეში. პროცესიც იქვე სახელდახელოდ ჩატარდა. მანამდე მოსამართლეს ჰქონდა მითითება, ქუთათელაძეს დაკისრებოდა მინიმალური ჯარიმა, თუ არ ვცდები, 2 ათასი ლარი. იმავე ღამეს გამოიყვანეს ციხიდან. როგორც ამ მოსამართლემ და პროკურორმა მითხრეს, ქუთათელაძეს ციხის გარეთ ელოდებოდა ორი ავტომობილი – „მერსედესი“ და ლიმუზინი. ლიმუზინთან „კანონიერ ქურდს“ დახვდა იგორ ივანოვი.

 

მაშინ, თუ არ ვცდები, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ. შემდეგ, როგორც ქუთაისში ბაიკოს ნათესავებისგან გავიგე, პირადად ივანოვმა სთხოვა სააკაშვილს, გაეთავისუფლებინა რუსეთის მოქალაქე, გვარად ქუთათელაძე. ესკორტი მივიდა თბილისის აეროპორტში და გამთენიისას ერთად გააცილეს ქუთათელაძე და ივანოვი მოსკოვში. ეს შეუძლიათ დაადასტურონ იმ მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმაც, რომლებიც მე-7 საპყრობილეში გამართულ ე.წ. სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ“.

 

მოკლედ, ბაიკო რუსეთში წაიყვანეს, თუმცა შუშანაშვილმა „წრიპასა“ და პაპიაშვილს ამაგი მაინც დაუფასა და რამდენიმე თვეში „კანონიერ ქურდებად“ აკურთხეს მათი ძმები – ბესო პაპიაშვილი და სანდრო ქურასბედიანი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X