15:08 | 2020-05-20 ავტორი: ნინი ტაველიძე

რუსეთში COVID19-ით გარდაცვლილების მოწმობაში სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებები წერია

რუსეთში COVID19-ით გარდაცვლილების მოწმობაში სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებები წერია

რუსეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დოკუმენტებში სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებებს წერენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

74 წლის ლიუბოვ კაშაევა თვის დასაწყისში მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

გარდაცვალებამდე კაშაევას კორონავირუსზე ტესტირებამ ორივეჯერ დადებითი პასუხი აჩვენა. თუმცა, მისი სიკვდილის მიზეზად სიმსივნე დაწერეს, რომლითაც ის იტანჯებოდა.

 

 

„გარდაცვალების მოწმობაში წერია, რომ ის ავთვისებიანმა სიმსივნემ იმსხვერპლა. კორონავირუსი ნახსენები არსად არ არის“,- ამბობს კაშაევას რძალი, დარია კორნილოვა.

 

კაშაევას სიმსივნე იანვარში დაუდგინეს. ის ქიმიოთერაპიის დაწყებას აპირებდა, ოჯახი კი ელოდებოდა, რომ მასთან კიდევ დიდი დროის გატარების შესაძლებლობა ექნებოდა.

 

 

3 მაისს კაშაევა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ორივე ფილტვზე პნევმონია ჰქონდა. მისი ტესტი კორონავირუსზე დადებითი იყო. კაშაევა 8 მაისს გარდაიცვალა.

 

„კორონავირუსმა მოკლა ის. კორონავირუსი რომ არ ყოფილიყო, ქიმიოთერაპიას ჩაიტარებდა და ჩვენთან უფრო მეტ დროს გაატარებდა“,- ამბობს კორნილოვა.

 

კაშაევას შემთხვევა ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომლებიც რეალურად კორონავირუსით გარდაიცვალნენ, თუმცა გარდაცვალების ცნობაში სიკვდილის მიზეზად სხვა რამ უწერიათ.

 

ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვირუსით გარდაცვლილთა დოკუმენტებში არასწორი ინფორმაციის მითითებას უარყოფენ და განმარტავენ, რომ ინფექციით გამოწვეული ყველა გარდაცვალების შემთხვევაში იციან სიკვდილის მიზეზი და დოკუმენტაციაშიც სრულად უთითებენ პაციენტის დაავადებებს.

 

რუსეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა – 299,941 ინფიცირებული და 2,837 გარდაცვლილი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +