20:50 | 2020-04-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რუსეთი ლუგარის ცენტრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს – რას პასუხობს საგარეო უწყება

რუსეთი ლუგარის ცენტრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს – რას პასუხობს საგარეო უწყება

„რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ლუგარის ცენტრის შესახებ პროვოკაციული განცხადებებისგან და ძალისხმევა მიმართოს არა დეზინფორმაციის გავრცელებაზე. არამედ მთელი მსოფლიოსათვის საშიშ დაავადებასთან რეალურ ბრძოლაზე“, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებას.

 

კონსტანტინიდის თქმით, ყველასათვის ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ რა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ერთეული – რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი კორონავირუსის „COVID 19“ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, განსაკუთრებით ტესტირების კუთხით.

 

„ცენტრის წვლილი ნამდვილად ფასდაუდებელია და მისი 24 საათიან რეჟიმში მუშაობის გარეშე ჩვენ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში არა თუ ვერ მივაღწევდით იმ წარმატებებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო აღიარებს, არამედ შესაძლოა რეალურად კატასტროფულ ვითარებაში აღმოვჩენილიყავით.

 

ცენტრის ამ საქმიანობისა და როლის თაობაზე კარგადაა ცნობილია რუსეთშიც და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერის პროვოკაციული განცხადებები. გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა და მისი დამარცხება მხოლოდ ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი, რუსეთის მხარე კი, თანამშრომლობის ნაცვლად, ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ამ საერთო ფრონტის წინა ხაზზე წარმატებით მოქმედ სტრუქტურას,” – აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

 

ცნობისთვის, 17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლებას ლუგარის ცენტრში მიმდინარე ცდების დიაპაზონის გაფართოება შესთავაზა და არ უნდა გამოირიცხოს, რომ მსგავს ლაბორატორიებში და განსაკუთრებით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ამერიკელების მიერ სხვადასხვა სახიფათო დაავადებების შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები