fbpx
00:04 | 2020-07-04 ავტორი: რუსა ღვანიძე

„როცა მიჭირს, ყოველთვის ჩემთან არის… „გოგიჩა“ ღმერთის საჩუქარი იყო!“ – ნათია ბანძელაძე გოგიჩასგან გამოგზავნილ „სასწაულებზე“

„როცა მიჭირს, ყოველთვის ჩემთან არის… „გოგიჩა“ ღმერთის საჩუქარი იყო!“ – ნათია ბანძელაძე გოგიჩასგან გამოგზავნილ „სასწაულებზე“

„აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა“ -ამ სიტყვებით ეხმიანებოდა გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებას, „ბასტი ბუბუს“ ხელმძღვანელი თამრიკო სხვიტარიძე.

 

 

დღეს, 4 ივლისს, ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობის, შოუმენის და ტელეწამყვანის გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილის გარდაცვალების ერთი წლისთავია. ადამიანის, რომელიც არა მარტო თბილისს, არამედ მთელ საქართველოს დააკლდა. სხვადასხვა შოუების პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია „ბასტი-ბუბუს“ პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი. „პრაიმტამი“ მსახიობის მეუღლე, ნათია ბანძელაძეს დაუკავშირდა და „გოგიჩას“ გარეშე გატარებულ ერთ წელიწადზე, ექსკლუზიურად ესაუბრა:

 

 

ძალიან მიჭირს, ამ თემაზე საუბარი. 31 წელი გავატარეთ მე და გიორგიმ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კვლავ ერთად ვართ. ჩემთვის ათვლა გრძელდება, იმიტომ, რომ როცა ადამიანი გიყვარს და შენში ცხოვრობს, არ არსებობს „შეჩერდეს“ და აღარ იარსებოს. ამის აღქმა, ჩემთვის მარტივი არ იყო, დღემდე ვგრძნობ მის სიყვარულს. განსაკუთრებით როცა მიჭირს, ყოველთვის ჩემთან არის. ხშირად მეძახიან ხოლმე ქუჩაში – „გოგიჩა“, ხო! იმდენი სიყვარული დაგვიტოვა, რომ დღემდე არსებობს და არ ქრება.

 

 

ადამიანი, რომელიც მთელ საქართველოს დააკლდა, განურჩევლად ასაკისა…

 

ლოჭინში, ბროწეულას დასახლებაში აგარაკი გვაქვს, რომელიც კინოსტუდია „ქართული ფილმს“ ეკუთვნის. რამდენიმე დღის წინ, გადაწყდა, რომ ერთ-ერთ ქუჩას, გიორგი გოგიჩაიშვილის „გოგიჩას“ ქუჩა ეწოდოს. მთავარი ქუჩა „ქართული ფილმის“ სახელწოდებით არის. ქართველი მსახიობების პატივსაცემად, რამდენიმე ქუჩაა მათი სახელობის. ეს თავად მოიფიქრეს, „გოგიჩას“ სიყვარულით. სიმბოლურად, 4 რივხვს ელოდებოდნენ და სავარაუდოდ, მალე გაიხნება.

 

 

სრულიად უცხო ადამიანები, დღემდე მიგზავნიან ვიდეოებს, სადაც არბეჭდილია კადრები, თუ რა რეაქცია აქვთ ბავშებს, გიორგის დანახვაზე. იმდენად ვერ ვუშვებ, რომ გიო აღარ არის, რომ იმ ადგილს, სადაც დატოვეთ (სახელსაც არ ვეძახით). გვინდა, რომ უფრო მხიარული სახე მივცეთ და როცა მივდივართ, ვამბობთ „გოგიჩას სკვერში“ ავდივართ მეთქი. ბაღიც კი არ დავარქვით, რადაგან ბავშვების მიმართ მისმა დამოკიდებულებამ, შეიძლება სხვა ემოციაში წაგიყვანოს. ყოველ მისვლაზე, ქვიშაში წარწერებს ვტოვებთ, ვაგრძელებთ ჩვენ თამაშს. ქარი რომ წაშლის, ვფიქრობთ, იმიტომ წაშალა, ახალი რომ დავწეროთ-მეთქი. როცა ვესაუბრებით, ყოველთვის რაღაც გვეფერება მისი სახით. შეიძლება ვინმეს, ცოტა უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ადამიანი, ყველაფერ და ყველას, სულიერ თუ უსულოს ისე გვაყვარებდა, როგორც თავად უყვარდა.

 

ყველასგან გამორჩეული… უცხო იყო მისთვის ადამიანების მიმართ ბოღმა, შური, ზიზღი…

 

მთელი ჩვენი ოჯახის წევრები, დიდი ტრაგედიით ვცხოვრობთ. დავკარგეთ გიორგი, როგორც კარგი შვილი, ძმა, მეუღლე, მამა, მაგრამ ვცდილობთ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. როცა გვტკივა, ვცდილობთ, გიორგის არ ვატკინოთ, ერთმანეთსაც კი არ ვაჩვენებთ ცრემლს. ყველაფერი ისე შევინახეთ, როგორც გიომ დატოვა. მისი აურა, თითქოს შემოჭრილია ჩვენ სახლში, რაც ერთმანეთს, კიდევ უფრო მეტად გვაყვარებს. ის ჩვენთან ერთად დარჩა.

 

 

 

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ დარდს, მეტი პატივისცემა უნდა, ვიდრე სიყვარულს – სხვაგვარი მოვლა და „შეფუთვა“ ჭირდება. სულ ვეკითხები ჩემ თავს, რა უფრო მიყვარდა მასში ბიჭი, კაცი, რომელიც ჩემ გვერდით იყო, თუ მისი ღირებულებები – პატივისცემა, მეგობრობა და კულტურა. ამ ადამიანში, ეს ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული – სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა. ხანდახან შემეშინდება ხოლმე, გიორგი„ჯავშანი“ იყო ჩემი, დიდი იმედი. იმხელა სიყვარულის მატარებელი, რომ ასე მგონია, „სალ კლდეზე“ ვიდექი და ეს ბიჭი, თავისი სიყვარულისთ „მფუთავდა“.

 

 

ერთი წელი გავიდა, რაც გიორგი შენ გვედით აღარ არის – გრძნობ მის სიახლოვეს?

 

ზოგჯერ, ისე ვიწროვდება ჩემ გარშემო სამყარო, რომ მგონია უცებ „დავიმსხვრევი“. ამ დროს, ისეთი სასწაული მოხდება ხოლმე, დაუჯერებელი – თითქოს გიორგი მოდის და მშველის, თუნდაც სხვა ადამიანის სახელით. რამდენიმე ხნის წინ, მინდოდა დამეწერა გიორგიზე და პატარა ფურცელს ვეძებდი. უჯრა გამოვაღე და რაც ხელში მომხვდა ამოვიღე. როცა წერა დავასრულე, ამოვატრიალე და გავოცდი.

 

ფურცელზე, წარწერა დამხვდა – ნათი, როგორ მიყვარხარ და მენატრები! შოკში ჩავარდი. ამ ფაქტს, ჩემი შვილებიც ესწრებოდნენ. ეს არ იყო გიორგის ხელწერა, მაგრამ იმ წუთში, ძალიან დამეხმარა – შენთან ვარო, მაგრძნობინა. ერთხელ, სათვალე დავკარგე და გიოს ვთხოვე, მაპოვნინე რა, ხომ იცი შენს გარეშე, ვერ ვიპოვნი მეთქი. მოვიხედე და ისეთ ადგილზე დამხვდა, არასდროს რომ არ დავდებდი. ასე მპატრონობს „პატარა“ და ზოგჯერ, კიდეც „დამცინის“ ხოლმე, სულ მაშაყირებდა. მისი ტელეფონი, არასდროს ამიღია ხელში. ახლა კი, როცა რამე მჭირდება, ვიღებ და თან ბოდიშს ვუხდი, მეუხერხულება.

 

როცა შეუღლდით, ძალიან ახალგაზრდები იყავით, მაგრამ ყოველთვის „სამაგალითო წყვილი“ – გიკამათიათ ისე, რომ საქმე გაყრამდე მისულიყო?

 

18 წლის ვიყავით, როცა დავქორწინდით. ამ პატარა ბიჭმა, ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც პრობლემის გადაჭრა. მასში უზომოდ მაღალი, შინაგანი კულტურა არსებობდა. შეუძლებელია, ცოლ-ქმარს შორის, არ მოხდეს უკმაყოფილება, მაგრამ ამ ყველაფერს, ისე შენიღბავდა, არასდროს მიიყვანდა კონფლიქტამდე. ყოველთვის იძულებული ვიყავი, ფარ-ხმალი დამეყარა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ისე გაგილამაზებდა და დაგილაგებდა ამ ყველაფერს, რომ არც შენ იქნებოდი შეურაცხყოფილი და არც კონფლიქტამდე მივიდოდა.

 

 

ყველაზე მეტად რა გიყვარს „გოგოჩაში“?

 

სულ მაწუხებს და ვერ ვხვდები, რა უფრო მიყვარს მასში – კულტურა, დამოკიდებულება, თუ სიყვარულის უნარი. ეს ყველაფერი, კიდევ უფრო მიმძაფრდება, როცა მახსენდება, მისი ბოლო წუთები – როგორი „კულტურული“ იყო ამ ბრძოლაში. ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, კაცი ვერ სუნთქავდა და მეუბნებოდა – „გრიშა“(სიყვარულით შემარქვა), ისტერიკაში არ ჩავარდე, წესიერად მოიქეციო. ალბათ, უკვე სასოწარკვეთილი ვიყავი. მე ხომ ყველა სიტუაციაში, ბედნიერი სახე მქონდა – ვმღეროდი, ვცეკვავდი, გიჟივისთ ვხტუნავდი. ამბობდა კიდეც, ჩემი კლოუნია „გრიშაო“. არა მარტო მე, მკურნალ ექიმებსაც კი უფრთხილდებოდა. მშვიდად და ღირსეულად წავიდა.

 

ბოლო წუთამდე მასთან იყავი?

 

ყველაფერს, ბოლომდე ვესწარებოდი. ვეუბნებოდი, კარგად გახდები, უბრალოდ, ახალი წამლის მიერ გამოწვეული რეაქციაა, მალე დაგაძინებს და დაგამშიდებს მეთქი. ბოლომდე მასთან ვიყავი, დაპატარავებული, პატარა „უჯრედივით“ და ვეჩურჩულებოდი, კარგად ხარ მეთქი.

 

ექიმებიც კი მეხვეწებოდნენ, დაურეკე ვინმეს, შეგცვალოსო, მაგრამ იმდენად მენანებოდა ამ ტკივილისთვის ყველა, რომ ვერ შევძელი. ვფიქრობდი, რომ გადარჩებოდა. ბევრ ტკივილს გავუძელით, ამ ადამიანების სიყვარულის „ჯავშანში“ ვიყავით შეკრული და ერთმანეთს ვამაგრებდით. წესით, ამდენიც არ უნდა გვეწვალა, ხანდახან ვფიქრობ, ძალიან ხომ არ ვაწვალე მეთქი. ხშირად ვამბობდი, მოგვების (ო ჰენრი – „მოგვების ძღვენი“) ოჯახს დავემსგავსეთ მეთქი. რაც კი საუკეთესო გვქონდა, ერთმანეთისთვის ვიმეტებდით, თითქოს ეს ჩვეულებრივი იყო. რაღაც სხვა გრძნობები გაგვიჩნდა.

 

როცა მასთან ვიყავი, არასდროს დაიკვნესებდა. ოთახიდან გასული ვიყავი და უცებ კვნესის ხმა შემომესმა. ოთახში რომ შევარდი, არ მელოდა, დაიბნა, წასული მეგონე და შეგამოწმეო, ის კი არ მითხრა, რომ ტკივილისგან ამოიკვნესა. ყველა ამბობს, რომ ეს დაავადება, ადამიანების უმეტესობას აბოროტებს, ეს ადამიანი კი ექიმებსაც უფრთხილდებოდა. ყველას ეცოდებოდა ნემსის გაკეთების დროს – მაგისთვის მოვედი და რა განერვიულებთ, ვგიჟდები, ისე მიყვარს ნემსის გაკეთებაო, აქეთ ამშვიდებდა.

 

საოცარი იუმორით გამოირჩეოდა…

 

მართლაც სასწაული იუმორის პატრონი იყო, ინტელექტუალი. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მის იუმორს, ყველა შეჩვეულები ვიყავით. მაგრამ, თუ რომელიმე მეგობართან ვიყავით, ყველგან ჟრიამული და სიხარული ტრიალებდა. არ უყვარდა გიორგის სევდა და რადგან ბავშვებისთვის, ეს განსაკუთრებული მუხტი დღემდე მოდის, მინდა, ასე დარჩეს – ასოცირდებოდეს, უფრო მეტად იუმორთან, ხალისთან, ბედნიერებასთან, სიყვარულთან და არა იქ, სადაც დავტოვეთ.

 

ერთი პერიოდი, სამსახურში ბევრი საქმე მქონდა, ძალიან დაკავებული ვიყავი. ქალაქიდან ქალაქში მიწევდა სიარული. იყო დღეები, რომ რამდენიმე დღე, სახლშიც ვერ მივდიოდი. იმისთვისაც ვერ ვიცლიდი, რომ დამერეკა, ან ტელეფოზე შემოსული ზარებისთვის მეპასუხა. ერთხელ მირეკავს და მეუბნება, ბევრ დროს არ წაგართმევ, ერთ რამეს გკითხავ, შენ უფრო ადრე შემოხვალ სახლში, თუ უფრო მალე შევალთ „ნატო“-შიო.

 

ყველის პილმენები მიყვარს ძალიან, სამსახურიდან გამოვდიოდი და დავურეკე, გეხვეწები, ძალიან მშია, წყალი დაადგი, მოვალ მალე და მოვხარშავ მეთქი. სამსახურში რაღაც სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და პილმენების ამბავი, აღარც გამხსენებია. საქმე რომ დავასრულე, საათს დავხედე და 5 -ის ნახევარი იყო. გავნერვიულდი ძალიან და ვურეკავ, გიო სულ დამავიწყდა, რაც დაგავალე მეთქი. არ ინერვიულო, წყალიც დავადგი, ადუღდა კიდეც, პილმენიც მოვხარშეთ, კიდეც მივირთვით და შენი „პლისე იუბკაც“ გავაუთოვეო. საყვედურის ფორმასაც ხომ გააჩნია! არადა, მართლა დამნაშავე ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი, ისე გამიადვილა, რომ მივხვდი, როგორ მედგა გვერდში. თუნდაც, ჩემი სახლი და გვარი – ეს ხომ, ჩემი ოჯახის დამსახურებაა!

 

ერთხელ მეუბნება, იცი როგორ მეცოდება ტროლეიბუსი, „დაბმული“ რომ არისო. ავტობუსი, სადაც უნდა იქ წავა, გაუხვევს და გამოუხვევსო, ტროლეიბუსი ცოდო არ არის? ვერსად გადაუხვევსო. თუ რამე ხილს, ან ბოსტნეულს, ვინმეს ან რამეს მიამსგავსებდა, იმ ხილის ჭამის უფლება არ გვქონდა, ვდებდით და მხოლოდ ვუყურებდით.

 

ყოველთვის ვცდილობდი, ეკრანზე არ გამოვჩენილიყავი. მეტყოდა ხოლმე, „გრიშ“, ტელევიზორში გნახე, რა საყვარელი იყავიო. ვგიჟდებოდი, არ არსებობს, კამერებს ვემალები, არასდროს ვჩნდები მეთქი. ჩამირთავდა ტელევიზორს, კადრს გააჩერებდა ხვლიკზე, სასაცილო მწერზე, ან მაიმუნზე და მეტყოდა, ნახე „გრიშ“, როგორ გგავსო! ასე მხედავ მეთქი? ვეკითხებოდი. ამაზე უკეთესად, როგორ უნდა დაგინახო, ნახე რა საყვარელიაო. მეც მიხაროდა, რომ ხან ხვლიკი ვიყავი, ხან მწერი. მესიჯებს რომ ვნახულობ, ხან პატარა ცუგას მიგზავნიდა, ხან რაღაც მწერებს.

 

 

ხშირად გეცხადება სიზმარში…

 

ხსრად მოდის სიზმარში, გვეფერება, გვიღიმის. ალბათ იმიტომ, რომ დაგვამშვიდოს. სულ იმის დარდი მაქვს, ჩვენზე ხომ არ დარდობს, ეს დამოკიდებულება არ ქრება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი, ყველასთვის სიკეთის, სიყვარულის და სისუფთავის მეტაფორად დარჩა. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, მისი ადამიანური იუმორის მიღმა, უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი, გამოუყენებელი დარჩა. ადამიანს, რომელსაც ერთ აკორდში შეეძლო ამოეცნო, ნებისმიერი კლასიკური ნაწარმოები. ესაუბრა, არა მარტო მისი შექმნის ისტორიაზე, არამედ ავტორის ბიოგრაფიაზეც.

 

ნანუკას და ნინის გამორჩეულად უყვარდათ მამა – როგორია მათთვის გოგიჩას გარეშე ცხოვრება…

 

ნიკას სახით, ძალიან კარგი ადამიანი შემოვიდა ჩვენ ოჯახში და ხანდახან ვფიქრობ, რომ არა ნიკა, ბავშვები ამ ტკივილს, უფრო რთულად გადაიტანდნენ. ასე მგონია, რომ გიორგიმ გამოგვიგზავნა, ჩვენი შვილების გადასარჩენად. ყველაფერს „ვფუთავდი“, ყველას ვარწმუნებდი, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა, მაგრამ ეს ტრაგედია, მაინც დიდი შოკი იყო ჩვენი ოჯახისთვის. ნიკა რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი რა ეშველებოდათ, მართლაც „კეთილი ჯადოქარივით“ შემოვიდა ჩვენ ოჯახში და სულ მგონია, რომ მასში გიორგის ღირებულებებს ვპოულობ და ვფიქრობ, რომ ნიკა მან ამოარჩია. ნანუკას და ნინისთვის, მამის გარდა, არ არსებობდა არავინ და არაფერი. გიორგი იტყოდა ხოლმე, ისე მყავს „შეფუთული“ ეს ბავშვები, ცოტა მეცოდებიან, გარეთ რომ გავლენ და სხვა სამყარო შეხვდებათო.

 

ნეტა სწორად ვზდითო? სულ ამაზე დარდობდა. საკუთარი შვილების მიმართ, ისეთი რიდი ჰქონდა, იმასაც კი ერიდებოდა, რომ დააგვიანებდნენ დაერეკა და მოეკითხა. მეტყოდა ხოლმე, შენ დარეკე რა და მოიკითხე, მე რომ დავურეკო უხერხულია, არ ეწყინოთო. თუ მე არ დავრეკავდი და თვითონ გადაწყვეტდა, „გრიშამ“ არ მომასვენა, მარეკინებსო, ეტყოდა ხოლმე – მე მაბრალებდა. წარმოუდგენლად კარგი მამა-შვილობა ჰქონდათ. რომ მოვიდოდნენ, იტყოდა ხოლმე, ჩემი „ლევკები“ , ან ჩემი ჟირაფები მოვიდნენო. სულ რაღაც განსხვავებულს ხედავდა. სამყაროს, სხვა თვალით უყურებდა. ადამიანები მისთვის უფრო მეტნი იყნენ, ვიდრე სინამდვილეში. მათ უფრო კეთილ არსებებად ხედავდა.

  

როგორი ურთიერთობა ჰქონდა გოგიჩას მშობლებთან?  

 

ნანას და გიორგის ურთიერთობა, ყოველთვის გამორჩეულ, განსაკუთრებულ ჭრილში იყო. დედაზე ისე იყო მიკედლებული, არ ვიცი, რა დავარქვა ამ ურთიერთობას. ბოლო წუთებშიც დედაზე ფიქრობდა, რა ეშველებაო. სულ სხვაზე დარდობდა და სხვისი ტკივილით ცხოვრობდა. არ ვიცი, როგორ ახერხებდა ამდენს. ეს იყო მისი შინაგანი კულტურა, მსოფლმხედველობა. ნანა, ძალიან „ვაჟკაცი“ ადამიანი აღმოჩნდა.

 

 

არასდროს მავიწყდება ის დღე, როცა შვილი, რომელიც მთელ საქართველოს უყვარდა, გარდაეცვალა, ნანამ მომისამძიმრა და მითხრა, ყველაზე მეტად შენ მეცოდები, რა სიყვარული დაკარგეო! ამის გადატანა, ხომ გინდა ადამიანს! გიორგის შემდეგ, უფრო მეგობრულები გავხდით, ისეთები, როგორიც მას მოეწონებოდა. ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ცრემლსაც კი არ ვაჩვენებთ, რომ არ დავამძიმოთ სიტუაცია. საოცარი ადამიანი იყო, ყველას თანაბრად უნაწილებდა სითბოს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ოჯახის ყველა წევრს ეგონა, რომ მისთვის, ის იყო პირველი ადამაინი.

 

ერთი წელი გოგიჩას გარეშე

 

ხანდახან ვფიქრობ, რომ ცოდნოდა გიორგის, რომ ასე მეტკინებოდა, რამეს მოიფიქრებდა. ზოგჯერ შემეშინდება ხოლმე, ჩემი ფიქრებით, ხომ არ ვაწვალებ მეთქი. როცა გვერდზე გაქვს ბედნიერება, ვერ ხვდები, მხოლოდ მაშინ ხვდები, როცა კარგავ. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მაინც ვხვდებოდით, ყველაფერი მოგვწონდა რაც გვქონდა და ისიც, რაც არა. არაფერზე უარს არ მუბნებოდა. ნათი, უარს ხომ არ გეუბნები, როცა მექნება, აბა რას ვიზამ! სულ ასე ხომ არ ვიქნები, მექნება, იმიტომ რომ შენ გინდაო. ამით მთავრდებოდა ყველაფერი, ვეღარც „გაშლიდი“ თემას.

 

ახლაც ვაგრძელებთ თამაშს, მაგრამ „ქვიშაში“. დავდივარ „გოგიჩას სკვერში“ ვწერ და ვეფერები. ღმერთის საჩუქარიაო, რომ ამბობენ, ჩემთვის გოგიჩა იყო. ჩემი ცხოვრება, მის გარეშე არ არსებობს – ერთი იყო, მაგრამ დღეს, უფრო მეტია და ყველგან არის!

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X