00:34 | 2021-10-15 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

როცა ჩემი შვილი დავასაფლავეთ, იმ ღამეს მამა გარდამეცვალა – მარტოხელა დედის უმძიმესი ცხოვრება 

როცა ჩემი შვილი დავასაფლავეთ, იმ ღამეს მამა გარდამეცვალა – მარტოხელა დედის უმძიმესი ცხოვრება 

„ცხოვრებაში არ გამიმართლა. ახლა ცოცხალი, რომ ვარ ჩემი შვილების დამსახურებაა. მათთვის ვიბრძვი, უკეთესი მომავალი, რომ შევუქმნა…“ – ამბობს 39 წლის, ორი შვილის მარტოხელა დედა და თვალზე ცრემლი ადგება.

 

თამუნა ვაშაკიძის ტრაგიკული ცხოვრება მაშინ დაიწყო, როცა მისი 13 წლის შვილი მდინარეში დაიხრჩო. აგონიაში მყოფ ქალის განგებამ ეს ტრაგედია არ აკმარა და მაშინ, როცა ბიჭუნა მიწას მიაბარა, იმ ღამეს მამა გარდაეცვალა. ძალიან მალე მეუღლემაც მიატოვა.

 

რამდენიმე წლის შემდეგ, უკეთესი მომავლის იმედით, მეორე ოჯახი შექმნა. ფიქრობდა, რომ ამჯერად მაინც შეძლებდა ცხოვრების ახლიდან დაწყებას. მეორე ქორწინებიდან ბიჭუნა გაუჩნდა. ბავშვი რამდენიმე თვის იყო როცა მეორე მეუღლემაც მიატოვა…

 

ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული ცხოვრება აქ არ სრულდება. ერთადერთი საცხოვრებელი, შვილის და მამის გარდაცვალების შემდეგ გაყიდა და სხვაგან შეიძინა. ახალი ბინა იპოთეკით დატვირთა და გადაუხდელობის გამო დაკარგა. როდესაც ბინის ახალმა მეპატრონემ ოჯახის ტრაგედია გაიგო, მათი დროებით დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

 

უკვე მეორე წელია რაც ყოფილ ბინაში დროებით ცხოვრობს. არ იცის ბინის მეპატრონე როდის მოსთხოვთ საცხოვრებლის დაცლას. მანამდე კი გაჭირვებას, ცხოვრებისეულ სიძნელეებს და დიდ ტკივილს ებრძვის…

 

ახალგაზრდა ქალის ისტორია ფონდმა „სიკეთის სკივრი – ემიგრანტები“ გაავრცელა.

 

მალე ზამთარი მოვა და უფრო მეტი საზრუნავი გაუჩნდება. საკვები, ტანსაცმელი, კომუნალური გადასახადები ახლა მათთვის ყველაფერი პრობლემაა…

 

„მე იმხელა ტრავმა გადავიტანე, ახლა შვილები, რომ არ მყავდეს გვერდით, შეიძლება დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს პატარებს არაფერი მოაკლდეთ… არა და ერთ დროს მეც მქონდა ბედნიერი ცხოვრება. ორთაჭალაში დავიბადე და გავიზარდე. როგორც ჩემი თაობის უმრავლესობას, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ტექნიკუმში ჩავაბარე. კბილის ტექნიკოსი უნდა გამოვსულიყავი, თუმცა მისი დამთავრების შემდეგ პრაქტიკა ვერ გავიარე და ხელში მხოლოდ დიპლომი შემრჩა. ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. ერთი პერიოდი მაღაზიაში კონსულტანტად, მერე რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი. ჩემი შემოსავალი მქონდა და საკუთარ თავს ვაკმაყოფილებდი.

 

მაღაზიაში მუშაობის დროს გავიცანი მომავალი მეუღლე, რომელმაც მოტყუებით მომიტაცა… ტყუპი, ქალ-ვაჟი გაგვიჩნდა. ჩემს ბინაში ვცხოვრობდით და მივყვებოდით ცხოვრების დინებას. მეუღლე ხელოსანი გახლდათ და მშენებლობაზე მუშაობდა. ყურადღებიანი და მზრუნველი კაცი იყო. ბოლო პერიოდში სახლში მოსვლას აგვიანებდა, მერე რეკავდა და ამბობდა, რომ იმ დღეს ვერ მოვიდოდა და სამსახურში დარჩებოდა. მერე გამოტყდა, რომ სხვა ქალი ყავდა და მასთან შვილი გაუჩნდა. მეორე წელია რაც ოფიციალურად დავშორდით… მანამდე კი იყო ტრაგიკული დღე როცა შვილი დავკარგე…“ – ამბობს თამარი.

 

საბედისწერო დღე

 

„2017 წლის ზაფხული იყო. ბავშვები დასასვენებლად მეუღლის მშობლებთან, ახალციხეში გავუშვი. 7 აგვისტო იყო, როცა ჩემმა გოგონამ დამირეკა და მითხრა, რომ ლევანი წყალში ჩავარდა და ვეღარ ამოყავთო… მაშინვე მივხდი, რომ დიდი უბედურება ტრიალებდა ჩემს თავს… ის დღეები აღარ მახსოვს… როგორც შემდეგ მითხრას, ჩემი ბიჭი სახლიდან გაპარულა და ბავშვებთან ერთად საბანაოდ მდინარეზე წასულა… ჩემი ლევანი 11 წლის იყო… როცა ჩემი შვილი დავასაფლავეთ, იმ ღამეს მამა გარდამეცვალა. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, გულით დაიღუპა. შვილიშვილის დარდს გადაჰყვა…“ – ამბობს თამარი.

 

 

„არც ამჯერად გამიმართლა…“

 

„შვილის და მამის გარდაცვალების შემდეგ, როცა მეუღლესაც დაშორდა, ახალი ცხოვრების დაწყება სცადა. მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც ოჯახი შექმნა. არც ამჯერად გაუმართლა, პირველი მეუღლის მსგავსად, მეორეც სხვასთან წავიდა…

 

„მეორე მეუღლესთან ბიჭი გამიჩნდა. ჩემი მეორე ქმარი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ არ ვიცი. პირველი მეუღლეს ალიმენტი დავაკისრე. თავიდან არ იხიდიდა მაგრამ ახლა თანხას რიცხავს. ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება 200 ლარია. ჩემი უფროსი ქალიშვილი აბიტურიენტია, უნდა, რომ ფსიქოლოგიურზე ჩააბაროს და ხელს ვუწყობ. ჩემი პედაგოგების დახმარებით შეღავათიან ფასში ვამზადებ.

 

მეხმარებიან სხვადასხვა ფონდები მათშორის ერთი ქალბატონი, მაკა ხეცურიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას. ასე თუ ისე თავი გაგვაქვს, შვილები მშივრები არ მყავს. დედაჩემიც მუშაობს და როცა სახლის დალაგების მსურველები ჩნდებიან, მივდივარ და ვმუშაობ. თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი მაინც არ არის.“ – ამბობს თამუნა.

 

„პრაიმტაიმის“ მკითხველს არაერთი ადამიანი უხსნია გაჭირვებისგან. გვჯერა, რომ თამარის ისტორიასაც მიიტანთ გულთან და ყველა ერთად შევცლით უკეთესობიკენ მის ცხოვრებას.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X