fbpx
09:09 | 2020-05-21 ავტორი: Prime Time

რომან გოცირიძე: გზა შეშელეთიდან თბილისამდე და გამსახურდიადან გახარიამდე – დეპუტატის პოლიტიკური და აპოლიტიკური ცხოვრება

რომან გოცირიძე: გზა შეშელეთიდან თბილისამდე და გამსახურდიადან გახარიამდე – დეპუტატის პოლიტიკური და აპოლიტიკური ცხოვრება

რომან გოცირიძე ქართული პოლიტიკური პერფორმანსის ერთ-ერთი მთავარი აქტორია და მისი ამჟამინდელი პოლიტიკური გუნდის, ნაციონალური მოძრაობისთვის ერთ-ერთი საიმედო დასაყრდენი.

 

ხუმრობენ კიდეც, რომ პარტიიდან ყველა რომ წავიდეს, გოცირიძე ბოლო იქნება ვინც იქ დარჩება.

 

თუ მის წინა ცხოვრებას გადავხედავთ, და რა თქმა უნდა, ეს სტატიაც მკითხველისთვის სწორედ მისი განვლილი პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ცხოვრების გასაცნობად მომზადდა, ასეთი გუნდური ერთგულება მას „ნაციონალურ მოძრაობამდე“ არ ახასიათებდა. უფრო მეტიც, მაშინ გოცირიძეზე სულ სხვაგვარი ხუმრობა იყო – ზურგის ტვინით გრძნობს, რომელ გუნდში უნდა აღმოჩნდესო…

 

თუმცა, ამ ყველაფერზე დეტალურად ქვემოთ მოგახსენებთ.

 

მაშ ასე, რა თქმა უნდა, ვიწყებთ დაბადებით:

 

 

მშრალი ბიოგრაფია

 

 

რომან გოცირიძე 65 წლისაა და შესაბამისად, დაიბადა 1955 წელს, აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში.  

დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის 15 „დეჟა ვუ“ - საგანგებო რეჟიმების მსგავსებები და განსხვავებები
2020-04-27დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის 15 „დეჟა ვუ“ - საგანგებო რეჟიმების მსგავსებები და განსხვავებები

 

  • 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით, 1985 წელს – ასპირანტურა. სწავლის დასრულების შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა მეცნიერ-თანამშრომლად;

 

  • 1988 წლიდან ამავე უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტია;

 

  • 1990 წელს ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებული საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის, იმ დროისათვის საქართველოს უზენაესი საბჭოს – წევრი ხდება;

 

  • ამავე პერიოდში არის ეკონომიკური რეფორმების კომისიის თამჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის“ თანათავმჯდომარე;

 

  • 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე;

 

  • 1991 წლის დეკემბერში, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის დროს, რომან გოცირიძე ოპოზიციისა და „თბილისის ომის“ ორგანიზატორების გვერდით იდგა;

 

  • 1992 წლის თებერვალში ხდება ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანისა და თენგიზ სიგუას მიერ შექმნილი სამხედრო საბჭოს წევრი და ინიშნება საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად;  რომან გოცირიძე ვიცე-პრემიერი

 

  • 1992 წლის მარტში, საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ, სამხედრო საბჭოს ეცვლება სახელი და უკვე საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრია (არაფორმალურად, ეს საბჭო მეორე მოწვევის პარლამენტად ითვლება, მაგრამ არალეგიტიმურობის გამო არსად ფიგურირებს);

 

  • ამავე პერიოდში, იკავებს საქართველოს მთავრობის ვიცეპრემიერის პოსტს რეფორმების დარგში;

 

  • 1992 წლის 11 ოქტომბერს მესამე მოწვევის პარლამენტში პროპორციული წესით, ბლოკიდან “11 ოქტომბერი” პარლამენტის წევრი ხდება;

 

  • 1993-1995 წლებში პოლიტიკიდან მიდის და საქმიანობას აგრძელებს პედაგოგიკის სფეროში;

 

ეს არის პერიოდი კუპონსა და ლარს შორის. ამ დროს დაიკარგა პოლიტიკური ასპარეზიდან რომან გოცირიძე და მილიონერი პედაგოგი გახდა.

 

 

გოცირიძე და კუპონის ისტორია – არის თუ არა ის სინამდვილეში „კუპონა“

 

 

 

რომან გოცირიძე და კუპონი

 

მოგეხსენებათ, კუპონი მიმოქცევაში 1993 წელს შემოვიდა და 1995 წელს ლარმა შეცვალა. კუპონობის დროს პედაგოგებიც კი მილიონრები იყვნენ, რადგან 1 მილიონი კუპონი 1 ლარის ექვივალენტი იყო და ერთი პური და ხურდა მოდიოდა.

 

ისე, ეკონომიკაში ჩახედული კაცი ამ დროს პოლიტიკისთვის არ მოცდებოდა, რადგან „საქმეში ჩახედულები“ მთელს ქვეყანაში ვაუჩერების შესყიდვით იყვნენ დაკავებული.

 

ვაუჩერებს, იმ დროს, ხალხი პურის ფულად ყიდდა. მათგან ბევრმა არც იცოდა, რომ სახელმწიფო ქონების საკუთარ წილს „კაპიკებში“ ყიდდნენ, როცა ვაუჩერებით შემდგომში საწარმოებისა და კორპორაციების მეწილეები შეიძლებოდა გამხდარიყვნენ.

 

ამ დროიდან შეერქვა გოცირიძეს „კუპონა“, ხოლო კუპონებს „გოცირიკები“.

 

ხშირად, რომან გოცირიძეს კუპონობის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას „აბრალებენ“. სინამდვილეში კი ამ დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი იყო.

 

როგორც აღმოვაჩინეთ, პედაგოგიკაში გადაკარგული გოცირიძე კუპონ-ვაუჩერობის შემდეგ მალე დაბრუნებია ძველ საქმიანობას:

 

 

დაბრუნება

 

 

  • 1995 – 1996 წლებში საინვესტიციო ფონდი „ქართული კაპიტალის“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გამხდარა;

 

  • 1996 – 1998 წლებში – საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ლიგის პრეზიდენტი;

 

  • 1998 წელს რომან გოცირიძე პარლამენტის აპარატში იწყებს მუშაობას. ინიშნება საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე;

 

  • 2002-2004 წლებში ქ. თბილისის საკრებულოს წევრია;

 

  • 2004-2005 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები”, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;

 

  • 2005-2007 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

 

  • 2007-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი;

 

  • 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე; 2016 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”;

 

ამავე პერიოდში: დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

 

 

ის, რაც ბიოგრაფიაში არ წერია

 

 

უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ 90-იანების დასაწყისში ის ჯერ გამსახურდიას ხელისუფლებაში, შემდეგ კი სამხედრო საბჭოში (მოგვიანებით სახელმწიფო საბჭო) მაღალ პოზიციას იკავებდა. საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილე და ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტებს;

 

ის პრემიერმინისტრის მოადგილედ 1992 წლის თებერვალში დანიშნეს. მაშინ ჯერ კიდევ სამხედრო საბჭო იყო, რომელსაც სახელი ერთ თვეში სახელმწიფო საბჭოდ გადაუკეთდა. თუმცა ამან მის ლეგიტიმაციას ვერ უშველა და ამ დრომდე არალეგიტიმურ უწყებად არის ჩათვლილი.

 

ლეგიტიმაცია მან მხოლოდ 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო.

 

ამიტომ მისი ხსენება ბიოგრაფიაში არავის მოსწონს და არც რომან გოცირიძეს აქვს ეს სადმე დაკონკრეტებული.

 

კიდევ ერთი ფაქტი, რაც ბიოგრაფიაში არ უწერია – რომან გოცირიძე სიჭაბუკეში საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ეკონომიკურ მიმომხილველადაც უმუშავია.

 

 

სიჭაბუკე

 

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, გოცირიძე გალის რაიონის სოფელ შეშელეთში მოევლინა სამყაროს. აფხაზეთშივე გაატარა სიჭაბუკის წლები. სკოლაც იქვე დაამთავრა. ამ წლებს ის განსაკუთრებული სენტიმენტებით იხსენებს:

 

„სამი მეგობარი ვიყავით, მეზობლები. პირველ სექტემბერს, როცა სკოლაში მივედით, გადავწყვიტეთ, ვინმე შეგვეყვარებინა. უფროსი ბიჭებისაგან გაგონილი გვქონდა, რომ ასე იყო საჭირო. პირველმა მე ავირჩიე ერთი გოგონა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ბაფთა ეკეთა, შემდეგ – მეორემ, მერე – მესამემ. მხოლოდ 8 წლის შემდეგ გავიგე, რომ თურმე, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთ მეგობარს ჰყვარებია ჩემი არჩეული. გვეგონა, ვინც აირჩია, ის უყვარდა… არადა, იტანჯებოდა თურმე კაცი, რადგან მე დავასწარი არჩევა. ასე რომ, თავდაპირველი “ერთი ნახვით შეყვარება” მერე ნამდვილში გადაიზარდა… თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, “ჰეფი ენდით” არც ერთი არ დამთავრებულა…

 

რომან გოცირიძის სიჭაბუკე
რომან გოცირიძის სიჭაბუკე

 

რაც თავი მახსოვს, მუდამ ლიბერალური შეხედულებების ვიყავი, ოღონდ, ამ სიტყვის მნიშვნელობა გვიან გავიგე… ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა როკ-მუსიკამ, რადიოსადგურებმა: “ამერკის ხმა”, “თავისუფალი ევროპა” და “თავისუფლება”, ფეხბურთმა, წიგნებმა, ნახევრად იატაკქვეშა ფილმებმა და ნათელი გონების ადამიანების (თაზო ბუაჩიძის, ზურაბ კაკაბაძის, ნიკო ჭავჭავაძის, ზურაბ კიკნაძის და სხვა) ლექციებმა უნივერსიტეტში.

 

განსაკუთრებულად აღვნიშნავდი მძიმე როკის როლს. ჩემი უმცროსი ძმა ე.წ. “რადიოხულიგანი” იყო. გადასცემდა მუსიკას რადიომიმღებზე მიმაგრებული, კუსტარული აპარატურით, 15-20 კილომეტრის რადიუსში. აფხაზეთში, გალის რაიონში ვცხოვრობდით და ზუგდიდსა და ოჩამჩირეში ლაპარაკობდა “კოლეგებთან”, ღია ეთერში. VIII კლასში იყო, მილიცია რომ დაგვადგა თავზე და მოწყობილობა ჩამოგვართვა, რადიოც წაიღეს. თურმე, თვითმფრინავების მოძრაობას უშლიდა ხელს. გახარებული ვიყავით, რომ “დაგვინდეს”.

 

ასეთი ლეგენდა დადიოდა, – თუ გამოგიჭირეს, ყველაფერს ჩამოგართმევენ ოჯახში, რაშიც დენი გადისო: ტელევიზორს, მაცივარს, უთოს… მთელი ბავშვობა 25-კილოგრამიანი, ბაბინებიანი, საბჭოთა “იაუზას” მაგნიტოფონთან ერთად გავატარე. ღამეებს ვათენებდი “გულაგის არქიპელაგის” მოსასმენად! მოკლედ, ბურჟუაზიული მავნე პროპაგანდის მსხვერპლი ვარ და ეტყობა, ამანაც განაპირობა ჩემი მომავალი“ – ყვება გოცირიძე 6 წლის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

 

რომან გოცირიძე – ჩხუბისთავი?

 

 

ბოლო წლებში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში განსაკუთრებით გახშირებული დაპირისპირებებისას ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ რომან გოცირიძეა.

 

ყველაზე უახლესი კონფლიქტი გასული წლის ბოლოს მოხდა, როცა გოცირიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დაჩი ბერია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

დაჩი ბერაიამ საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა და ინციდენტი ნაციონალ დეპუტატს დააბრალა – შეურაცხყოფა მომაყენაო.

 

 

ამ კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე დაპირისპირება მოხდა ემზარ კვიციანსა და რომან გოცირიძეს შორისაც:

 

 

რომან გოცირიძის პერფორმანსები

 

 

ფაქტია, რომ გონებამახვილი კაცია რომან გოცირიძე – „სიტყვას სიტყვაში რომ აჯენს“. ის პარტიის თავდამსხმელთა რაზმშია – პარლამენტშიც ენამახვილობით გამოირჩევა და სოციალურ მედიაშიც ძალიან აქტიურია.

 

მის აქტუალურ „წვეტიან“ ფრაზებსა და პერფომანსებს ყოველთვის იტაცებს ხოლმე მედია და საზოგადოება.

 

რომან გოცირიძე, ხშირად facebook მეგობრებს “ტროლავს” და პოლიტიკურ ოპონენტებს „ეღადავება“.

 

ძალიან საყვარლად და ორაზროვნად უპასუხა ემზარ კვიციანს მიმართვაზე – „შე ულვაშიანო“, როცა კვიციანის წვერ-ულვაშიანი ფოტო გამოფინა სოცქსელში. საინტერესოა მიხვდა თუ არა ბატონი ემზარი, გოცირიძემ ამ ფოტოთი წვერსმიღმა წარსული რომ მოუკითხა.

„ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას” პანდემია უწოდა, გოცირიძემ კი მათიკაშვილს – „ვირუსი”, მართალია, შემდეგ მოუბოდიშა.

 

პერფორმანსები კი მისი გამოხატულად ძლიერი მხარეა: ჯერ კიდევ 2004 წელს, როცა ის მეექვსე მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, საკანონმდებლო ორგანოში ის სასწორით გამოჩნდა:

 

 

გასულ წელს დეპუტატმა უფრო მეტად მიმართა ფანტაზიას და ცნობილი აქციების დროს სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო:

 

 

ყველაზე სახალისო კი პარლამენტში მისი მიტანილი ხინკალი აღმოჩნდა. მაშინ პოლიტიკური განხილვის მთავარი თემა შალვა თადუმაძის დიპლომის ავთენტურობა იყო. გოცირიძემ მას სამი კურსელის დასახელება სთხოვა, სამაგიეროდ მათი ხინკლით გამასპინძლების პირობა დადო.

 

მომდევნო დღეებში სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში მართლაც გამოჩნდნენ ასეთები. ჰოდა, დეპუტატმაც დანაპირები აასრულა, თუმცა ამჟამინდელი გენელაური პროკურორის კურსელების გამასპინძლების ნაცვლად, ის ხინკალი თავად მიირთვა:

 

 

 

გოცირიძის ოფიციალური შემოსავლები

 

რომან გოცირიძის დეკლარაციას თუ გადავხედავთ, „მილიონერ პედაგოგს“ ნამდვილად ჩამორჩება.

 

ორი ბინით და ორი კომერციული ფართით თბილისში, ერთი მიწის ფართით ტაბახმელაში და ერთი, 2012 წლის გამოშვება Lexus-ით ოჯახზე, დღეს სტაჟიან კი არა ახალ პარლამენტარებს ვერ გააკვირვებ.

 

არც 60 000-მდე დოლარი ანაბარი და 90 000-მდე ლარი ხელფასი, ერთად არ არის დიდი ბიუჯეტი გოცირიძის გამოცდილების და რანგის კაცისთვის.

 

არც ქალიშვილის ესპანეთსა და ნიდერლანდებში სწავლის საფასური ათასობით ევრო უჭირს დღევანდელ ჩინოვნიკებს.

 

ასე, რომ გოცირიძე დეკლარაციის მიხედვით, საშუალო შეძლების ჩინოვნიკ-პარლამენტარია.

 

რომან გოცირიძის ოჯახი

 

 

დეპუტატის მეუღლე მასზე 6 წლით უმცროსია. მანანა შარაშიძე პროფესიით ფსიქიატრია და საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი გახლავთ.

 

რომან გოცირიძემ „მძიმე კაცთან“ ინტერვიუში იხუმრა კიდეც: „როცა ფილმის ყურებისას ტირიხარ, უნდა გაარჩიო გულჩვილი ხარ, თუ ნევროზი გაქვს… მე კი მყავს სახლშჭი ნერვების დაწყნარების სპეციალისტი“.

 

მათ ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს, როცა მანანამ ქუჩაში ყინვაში მდგარი, იმ დროს უკვე პოპულარული ბიჭი შეიცოდა და თავის „ნივაში“ ჩაისვა და სახლში წაყვანა შესთავაზა.

 

რომან გოცირიძის ცოლ-შვილი

 

ამ ამბიდან მალევე შემთხვევით მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდნენ ერთმანეთს, მერე კიდევ სადღაც და…

 

ქორწინების დროს მანანა შარაშიძისთვის უკითხავთ კიდეც, რით მოგხიბლა რომანმაო. პასუხად კი უთქვამს: „კომპლიმენტებით, რადგან სულ მეუბნებოდა, ჩემს გემოვნებას არ შეესაბამები, ქალი უნდა იყოს ლამაზი და სულელი, შენ კი სამწუხაროდ, ლამაზი და ჭკვიანი ხარ. ჰოდა, მეტი რა უნდა ქალს?“

 

22 წლის წინ წყვილს გოგონა შეეძინათ – ანა გოცირიძე. მამას არასდროს ყოფილა ხელმომჭირნე მის განათლებაში ფულის ჩადებით. თბილისში საკმაოდ ძვირადღირებული, „ევროპული სკოლა“ დაამთავრა.

 

ამჟამად ის ნიდერლანდებში ცხოვრობს და ამსტერდამის უნივერსიტეტში სწავლობს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X