fbpx
12:15 | 2020-03-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“როგორც კი მუსიკა ჩერდება, ისევ სიჩუმე ისადგურებს” – რას უყვება “პრაიმტაიმს” იტალიელი მარკო სორდინი

“როგორც კი მუსიკა ჩერდება, ისევ სიჩუმე ისადგურებს” – რას უყვება “პრაიმტაიმს” იტალიელი მარკო სორდინი

მარკო სორდინი კორონავირუსის მიერ შეცვლილ იტალიასა და იტალიელებზე ჰყვება. ფლორენციელი მარკო დაცვისა და უსაფრთხოების კომპანია „სეკურიტალიის“ საპატრულო განყოფილების უფროსია. სხვათა შორის, ის ქართველების სიძე გახლავთ. მარკოს მეუღლე ქართველი ჟურნალისტი, ნინო მამუკაძეა.

 

ნინოს, ბოლო კვირებია, სოციალურ ქსელში, იტალიაში კორონავირუსის მიერ გამოწვეულ მასშტაბურ ნეგატივზე უხდება ინფორმაციის მოწოდება.

 

ერთი კვირაა დისტანციურად მომუშავეთა რიცხვს მეც განვეკუთვნები და მგონია, რომ სიურეალისტური ფილმისა თუ რაღაც რეალითი შოუს მონაწილეები ვართ და მომდევნო თვის რომელიმე რიცხვის შემდეგ ეს შოუ დასრულდება. და წარმომიდგენია, როგორი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირები გონიათ თავი იტალიაში, სადაც დღეის მონაცემებით კორონავირუსმა 5 476 ადამიანი შეიწირა…

 

მარკო სორდინიმ „პრაიმტაიმის“ მკითხველს თავისი წილი იტალიის შესახებ იტალიური გულწრფელობითა და უშუალობით უამბო. როგორც ამბობს, ძალზედ ასევდიანებს მშობლიური ფლორენციის უჩვეულოდ დაცარიელებული ქუჩები და მოედნები, რომელიც ტურისტების რუზრუზის გარეშე წარმოუდგენლად გულისამაჩუყებელია.

 

„პრაიმტაიმის“ იტალიელ რესპონდენტს ქართველი ცოლი ასე ახასიათებს.

 

„ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. ჩემზე უფრო მშვიდად უყურებს შექმნილ გარემოებას. უპრეტენზიოა. არ გაუპროტესტებია ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები. მაქსიმალურად იცავს ნორმებს. მიუხედავად მისი სიმშვიდისა, მაინც იგრძნობა, რამდენად უჭირს ბევრ რამეზე უარის თქმა, რაც მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო“ – ამბობს ნინო „პრაიმტაიმთან“.

 

მარკო ყვება იმ მიზეზებზე, თუ რატომ იფეთქა ეპიდემიამ ასე ერთბაშად, რატომ გახდა ასე უმართავი და რატომ არის იტალიაში ამდენი მსხვერპლი?

 

მარკო სორდინი: – თავიდან იტალიელებმა ეს პრობლემა მსუბუქად აღიქვეს. ქვეყანაში ვირუსი დაფიქსირდა თუ არა, მაშინვე ერთბაშად იფეთქა. უკვე რამდენიმე დღეში ასეულობით ადამიანი დაინფიცირებული იყო. ძალიან გაჭირდა პირველი პაციენტის პოვნა, რომ მერე კვალს გაჰყოლოდნენ და ქვეყანაში გავრცელებული ვირუსი ეკონტროლებინათ. პრევენციის მიზნით დაუყოვნებლივ არ გატარდა საჭირო ღონისძიებები – სკოლებისა და თავშეყრის ადგილების დროულად დაკეტვა და კონტროლი. იტალიელი ვარ, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: მიუხედავად აკრძალვებისა, როდესაც პირველი დეკრეტი გამოვიდა, რომელმაც მოქალაქეების გადაადგილება შეეზღუდა, იტალიელები არ დაემორჩილნენ და ცხოვრებას ჩვეული წესით აგრძელებდნენ, დადიოდნენ კაფეებსა თუ პიცერიებში. სანამ ბოლომდე გააცნობიერეს, რამდენად იოლად გავრცელებადი იყო ვირუსი და რომ ის განსაკუთრებით სახიფათო იყო გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ინერციით აგრძელებდნენ თავიანთ ცხოვრებას. ჩვენ კანონის წინააღმდეგ კი არ მივდივართ, არამედ, იტალიელის ხასიათში იმდენად გამჯდარია თავისუფლების სიყვარული, ტრადიციები, ყოველდღიურობა, შაბათ-კვირის ოჯახური შეკრებები, რომ ერთ დღეში ამ ყველაფრის უგულებელყოფა რთული გახდა.

 

ყველაზე მეტად რა აკრძალვა გაგიჭირდათ, რის გარეშე ვერ ძლებთ?

 

– იტალიელი თვითიზოლაციაში, ჩათვალეთ, რომ იტანჯება. ოჯახებთან ყოფნა გვიყვარს, მაგრამ სახლში კარჩაკეტილი დაჯდომა, აუტანელია ჩვენთვის. ერთბაშად ამის გაცნობიერება და ამ წესის შეცვლა, შეუძლებელი აღმოჩნდა იტალიელებისთვის. რაც შემეხება მე, სამსახურიდან გამომდინარე, სახლში ჩაკეტილი არ ვარ. თუმცა ჩემთვის სახლში ყოფნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მე მიყვარს შინ დარჩენა. მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოვუწოდებ თანამემამულეებს, რომ თუ საშუალება აქვთ, დარჩნენ სახლში. იცით, რა მაკლია ყველაზე მეტად? ჩემი დღე იწყებოდა კაფე-ბარში საუზმით – კაპუჩინოთი და კრუასანით. მე ამ ტრადიციის გარეშე ჩემი თავი არც მახსოვს. დღეს კი ერთ კაფე-ბარსაც ვერ იპოვით ღიას…

 

ნინო მამუკაძე: – ჩვენი ტრადიცია, რომელიც ამ სიტუაციამ შეიწირა, გახლავთ კვირაობით სადმე საინტერესო ადგილას გასვლა. უცნობი ადგილების მონახულება, ზღვაზე გასვლა, თუნდაც არ იყოს სეზონი.

 

მარკო: – ცხოვრების წესი შეგვეცვალა. გაღვიძებისთანავე იმაზე ვფიქრობ, არ დამავიწყდეს ნიღაბი, ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი-მეთქი. ვიაზრებ იმასაც, რომ არ დამავიწყდეს ადამიანებს ორ მეტრზე ახლოს არ მივუახლოვდე, ხელების დეზინფექცია ჩავიტარო. ფეხსაცმელს გარეთ ვიხდით, სამოსს ჯერ მზეზე ვფენთ, მერე ვრეცხავთ.

 

– დაცარიელებული მოედნებისა და ქუჩების ნახვა ფოტოებზე ძალზეც ემოციური და სევდისმომგვრელია. როგორია იტალიელისთვის ამ სურათის ნახვა?

 

– სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ქუჩებში მოძრაობა, და როდესაც ტურისტულად საოცრად აქტიურ ფლორენციას ასე დაცარიელებულს ვხედავ, სევდის გარეშე საუბარი წარმოუდგენელია. საომარ ვითარებას ჰგავს.

 

როდესაც ფლორენციის ცენტრს გადიხართ, საკათედრო ტაძრის მოედანი უნდა გადაკვეთოთ. იქ ახლა მხოლოდ სამხედრო მანქანებია. ეს მართლა ძალიან სევდის მომგვრელი სურათია… ჩვეულებრივ, ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში მოხვედრას, ტრაფიკიდან გამომდინარე, 40 წუთს ვანდომებ. ახლა ერთი ობიექტიდან მეორეზე მაქსიმუმ 10 წუთში ვარ.

 

ნინო: – ცარიელი ფლორენცია ჩემთვის ისეთივეა, როგორც უთევზო აკვარიუმი. ლამაზი, მაგრამ უფუნქციო. ჩვეულებრივ დღეებში, ფლორენციის ცენტრში გავლაც კი შეუძლებელია. ახლა მხოლოდ პოლიციისა და სამხედრო მანქანებს ხედავ… თავი ფანტასტიკური ჟანრის ფილმში მგონია, პოსტაპოკალიპტური სცენებით. მაგრამ ახლა ასეა საჭირო. ვაქცინა ჯერ არ არსებობს. ერთადერთი ვაქცინა პრევენციის ზომების დროულად მიღება და იზოლაციაა. იმედია, გვიან, მაგრამ მაინც მოეგებიან იტალიელები გონს, ქართველები კი იტალიელების შეცდომებს გაითვალისწინებენ და თავიდან აირიდებენ იმ სამედიცინო კრიზისსა და მსხვერპლს, რაც იტალიაში ვირუსის გავრცელებას მოჰყვა.

 

სოციალურ ქსელს მოედო აივნებზე მომღერალი იტალიელების ვიდეოები. რა ემოციას იწვევს თქვენში ასეთ დღეში მყოფი თანამემამულეების ხილვა?

 

– როდესაც ეს ხმამაღალი მუსიკა ისმის, ერთის მხრივ ძალიან სასიამოვნოა. ერთსულოვნების განცდას აჩენს, მხარში უდგანან და ამხნევებენ ერთმანეთს იტალიელები. მეორეს მხრივ, ამის ყურება ჩემთვის სევდისმომგვრელია. როგორც კი ეს მუსიკა სრულდება, ისევ ის სიჩუმე ისადგურებს და ხვდები, რომ ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილა…

 

თუ შეგეხოთ ვირუსი, ვინმე თქვენიანი ხომ არ დაინფიცირებულა?

 

– საბედნიეროდ, არც ერთი ჩემიანი, ახლობელი თუ ნათესავი არ დაიმფიცირებულა. მაგრამ იმ ობიექტების თანამშრომლები, ვისთვისაც ვმუშაობთ, დავირუსებულები არიან.

 

ნინო: – ფლორენციაში სხვა რეგიონებთან შედარებით მსუბუქი მდგომარეობაა, ნაკლებია დაინფიცირებულთა მდგომარეობა.

 

მარკო ქართველების მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებს, უკვირს, როგორ მოახერხა ქართველმა ექიმებმა თუ სახელმწიფომ სიტუაციის კონტროლი. აქვე რჩევას გვაძლევს, რომ მთავარია სიტუაციის მართვის დონის შენარჩუნება.

 

საქართველოში ნამყოფი არ არის. ზაფხულში გეგმავდა ჩამოსვლასა და ცოლის სამშობლოს ახლოს გაცნობას, თუმცა კორონავირუსმა ეს გეგმაც შეუცვალა.

 

მარკო: – ქართული ენა მომწონს, ლამაზად ჟღერს, თუმცა მერთულება, კომპლექსური ენაა. წერა-კითხვის სწავლა არც განიხილება. გაცილებით იოლია ქართველისთვის იტალიური ენის სწავლა, ვიდრე – პირიქით.

 

ამ ორი ერის მსგავსებაზე რას იტყვით?

 

– ტოსკანელები შედარებით თავშეკავებულები ვართ, არ ვართ ისეთი გახსნილები, როგორც სამხრეთ იტალიელები არიან, მაგალითად, ნეაპოლელები და სიცილიელები. ანუ სამხრეთ იტალიელებს უფრო გავხართ ქართველები… გახსნილები, სტუმართმოყვარეები ხართ, ერთად ყოფნა გიყვართ. ტოსკანელები ასეთები არ ვართ.

 

ნინო: – ტოსკანელებს ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვართ. ისე იოლად არ შეგიშვებენ თავიანთ ცხოვრებაში, როგორც ეს გულღია ქართველებს გვჩვევია. ტოსკანელმა ჯერ კარგად უნდა გაგიცნოს, რომ სახლის კარი გაგიღოს.

 

და რა დრო მოანდომა მარკომ შენს შესწავლას, გულისა და სახლის კარის გასაღებად?

 

ნინო: – უფრო პირიქით იყო (იცინის). ხუთ წლიანი ურთიერთობის შემდეგ ვიქორწინეთ…

 

მარკო: – როცა საქმე გრძნობებსა და სიყვარულს ეხება, იქ დრო ინდივიდუალურია. სიყვარულს არც ეროვნება გააჩნია.

ნინო იტალიაში მამაკაცის სახელია. ამასთან დაკავშირებით არაფერი კურიოზი არ ყოფილა?

 

მარკო: – ახლავე მოგიყვებით. როდესაც ჩემს ცხოვრებაში ნინო მამუკაძე გამოჩნდა და სამსახურში ვთქვი, ნინოს ვხვდები-მეთქი, უცნაურად შემომხედეს, ეგონათ, რაღაც ისე ვერ იყო ჩემს თავს (იცინის).

– იტალია უდიდესი მხატვრებისა და კომპოზიტორების საბადოა. და მაინც, ვის ირჩევენ იტალიელები?

 

– მიყვარს ჯუზეპე ვერდი და უპირობოდ მიქელანჯელო. მას ვერავის შევადარებ.

 

მადლობა საუბრისთვის, მშვიდობიან პერიოდს გისურვებთ.

 

მარკო: – ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი მალე მშვიდობიანად დასრულდება და ძველებურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ფრთხილად იყავით, მსუბუქად ნუ შეხედავთ ამ ვირუსს. გაითვალისწინეთ მთავრობისა და ექიმების მოცემული რეკომენდაციები. ბავშვები სახლში გყავდეთ…

ფორცა იტალია.

მარკო: – გრაციე. ფორცა საქართველოს და ფორცა მსოფლიოს…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X