fbpx
16:31 | 2020-04-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

როგორია ოჯახში ძალადობის ფაქტები პანდემიის ფონზე – შსს ანალიზს აქვეყნებს

როგორია ოჯახში ძალადობის ფაქტები პანდემიის ფონზე – შსს ანალიზს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების პირობებში, არ შეინიშნება ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა.

 

2020 წლის იანვარში შესაძლო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაახლოებით 520-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. აქედან, 13% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას.

 

ამავე წლის თებერვალში გამოძიება დაიწყო დაახლოებით 490-მდე ფაქტზე. აქედან, 12% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას, ხოლო მიმდინარე წლის მარტში გამოძიება დაიწყო დაახლოებით 470-მდე შემთხვევაზე. აქედან 10% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას.

 

აგრეთვე, იანვრიდან მოყოლებული მცირედით შემცირებულია ყოფილ მეუღლეებს შორის შესაძლო ძალადობის ფაქტები.

 

სამივე თვეში, უმრავლეს შემთხვევაში (98%) გამოიძიება დაიწყო შეტყობინების მიღებისთანავე, იმავე დღეს. რამდენიმე შემთხვევაში შეტყობინების ბუნდოვანებიდან გამომდინარე, სადაც საჭირო იყო განმცხადებელთან დეტალების დაზუსტება, გამოძიება დაიწყო შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

 

2020 წლის იანვარში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა 947 შემაკავებელი ორდერი, თებერვალში – 840-მდე, ხოლო მარტში – 930-მდე შემაკავებელი ორდერი. 2020 წლის მარტში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა წლის მარტში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობისა.

 

2020 წლის მარტში შემაკავებელი ორდერი უმეტესად გამოიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.

 

2020 წლის იანვრისა და თებერვლისგან განსხვავებით, მარტში მცირედით გაზრდილია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, ხოლო მცირედით შემცირებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემთხვევები.

 

პოლიცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას და იყენებს კანონით გათვალისწინებულ ინსტრუმენტებს.

 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მიზნით, პოლიცია პატრულირებს ქუჩებში, რაც კიდევ უფრო მეტი დაცულობის განცდას უჩენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და, დროის მონაკვეთის მიუხედავად, პოლიცია მზად არის, შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. ამდენად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლს აქვს შესაძლებლობა, რომ დასახმარებლად დაუყოვნებლივ მიმართოს პოლიციას.

 

აგრეთვე, პოლიციისათვის შეტყობინების მიზნით შეგიძლიათ:

 

  • ტელეფონით დარეკოთ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე – 112;
  • 112-თან დასაკავშირებლად გამოიყენოთ მობილური აპლიკაცია (112 Georgia), რომლის ინსტრუქცია მოცემულია ბმულზე – http://112.gov.ge/index.php?m=147.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X