fbpx
22:42 | 2021-01-13 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

როგორ ცხოვრობს პატარა ომიკო ალუაშვილი – ნახეთ „აფრიკელი მამა-შვილის“ ახალი ცხოვრება

როგორ ცხოვრობს პატარა ომიკო ალუაშვილი – ნახეთ „აფრიკელი მამა-შვილის“ ახალი ცხოვრება

მათმა ისტორიამ გასულ თვეს, მთელი საქართველო შეძრა. აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მამა-შვილის ემოციურმა ფოტომ გულგრილი არავინ დატოვა. პატარა ომიკო დღეს უკვე ყველამ იცის… მის შესახებ „პრაიმტაიმი“ ცოტა ხნის წინ გიყვებოდათ.

 

მათმა ფოტო კადრმა სოციალური ქსელი მოიცვა, ყველა, დიდი თუ პატარა ამ უკვე ცნობილი და მაშინ, უცნობი მამა-შვილის სურათს აზიარებდა… პატარას გამომეტყველება მრავლის მთქმელი იყო. თბილისის მერმა გადაწყვეტილება მიიღო და სოციალური ქსელით მოსახლობას ამცნო, რომ მამა-შვილს აფრიკის დასახლებიდან ბინას აჩუქებდა…

 

ვიდეო კადრები, სადაც ასახულია ამ ოჯახის პირველი დღე სახლის ნახვისას და მათი ემოციები, თავად კახი კალაძემ გაავრცელა. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ როგორ ცხოვრობს პატარა ომიკო ალუაშვილის ოჯახი ახალ სახლში…

 

როგორც ამიკოს დამ გვითხრა, მათთვის ახალი მხოლოდ მერის მიერ ნაჩუქარი ბინა არ არის. მალე, ოჯახის უფროსი, ამიკოს მამა დასაქმდება, ახლა სპეციალურ კურსებს გადის. სამსახურის მაძიებელი იყო ამიკოს ძმაც და ახლა, ისიც პროფესიული გადამზადების კურსზეა ჩართული.

 

„ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, აღარ ვართ სიცივეში, კარგი პირობები გვაქვს. ვარკეთილში ვცხოვრობთ, მეტროსთან ახლოს ოთხოთახიან გარემონტებულ სახლში.

 

როცა სახლში პირველად მივედით, ყველაფერი დაგვხვდა, რაც ოჯახისთვის საჭიროა. პირადად, კახი კალაძემ გვიმასპინძლა. წარმოიდგინეთ, ხმა ვერ ამოვიღე სიხარულისგან. უბედნიერესი ვიყავი და მხოლოდ ტირილი მინდოდა.

 

ბავშვებმა კი საოცარი ჟრიამული წამოიწყეს, განსაკუთრებით – ამიკომ. ის სიხარულით გადაირია, როცა კახი კალაძემ შეიყვანა და უთხრა, რომ მას თავისი ოთახი ექნებოდა. იმდენად გახარებულია, თავის ოთახს გამუდმებით ალაგებს, ნაძვის ხის გარშემო დარბის და თავის ოცნებებს უთქვამს…

 

თბილისის მერმა ყველაფერზე იზრუნა, წარმოიდგინეთ ყველანაირი ავეჯი, ტექნიკა და სხვა საოჯახო ნივთები დაგვახვედრა. პირსახოცებისა და თეთრეულის ყიდვაც კი არ დაგვჭირდა.

 

დაუვიწყარია და ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება პირველი ღამე ჩვენს საკუთარ სახლში. 29 წლის ვარ, საკუთარი სახლი არასოდეს გვქონია. აქამდე სულ ქირით ვცხოვრობდით, ერთი მისამართიდან, მეორეზე, ერთმანეთზე უარეს პირობებში.

 

სულ გვეშინოდა ე.წ. ხაზეიკების, რომლებიც ხან ქირის, ხანაც კომუნალური დავალიანებების გამო, მოდიოდნენ. ახლა, ჩვენი თბილი და ლამაზი სახლი გვაქვს. პირველ ღამეს კი არ დაგვიძინია, ოთახიდან ოთახში დავდიოდით და ვათვალიერებდით, თითქოს ვერც ვიჯერებდით, რომ ეს უკვე ჩვენი ნამდვილი სახლი იყო. მიხარია, რომ აქ „ხაზეიკა“ აღარ მოვა…

 

ამიკო ამბობს, რომ ეს სახლი მისი დამსახურებით გვაქვს და მართლაც ასეა. მას თავის ოთახში საწერი დაფაც აქვს, დღემდე ემოციებშია. მიუხედავად ამხელა სიხარულისა და ბედნიერებისა, მას კორპუსის პირობებში შეგუება მაინც გაუჭირდა.

 

ასევე იხილეთ – ბიჭუნა აფრიკის დასახლებიდან

 

ახლა, პანდემიის გამო, ყველა სახლშია შეკეტილი და მეგობრები ჯერ ვერ გაიჩინა. ამიკო ამბობს, რომ როცა ამინდები გამოვა, აფრიკის დასახლებაში, მეგობრებს ვნახავო…ენატრება თავისი თანატოლები. იმედია, როცა შეზღუდვები მოიხსნება, აქაც გამოვლენ ბავშვები გარეთ და მათთან დამეგობრება ამიკოს არ გაუჭირდება.

 

რაც შეეხება ახალ წელს, ჩვენ ნამდვილი ახალი წელი გვქონდა, აუხდენელი ოცნებების ახდენის დღესასწაული იყო. მამა ახლა, ყველაზე ბედნიერია, რადგან ჩვენ, მისი შვილები ბედნიერები ვართ. ის ძველი სახლი კი, აფრიკის დასახლებაში ისევ დგას, ისევ ჩვენად ითვლება, მაგრამ იქ მხოლოდ გაჭირვების გამო ვცხოვრობდით და არა იმიტომ, რომ იქ საცხოვრებელი პირობები იყო. ძალიან პატარა სივრცეში 12 სული ვცხოვრობდით და აქ კი, ყველა ვეტევით.

 

მხოლოდ სახლი და სახლის მოწყობა არ არის ჩვენი ოჯახის სიახლე. კახი კალაძე მამას დასაქმებაში დახმარებას დაჰპირდა და ახლა, სპეციალურ კურსებს გადის, ელექტრობას სწავლობს, რათა დასაქმდეს. გარდა ამისა, ჩემი ძმაც პროფესიული გადამზადების კურსზე ირიცხება და ისიც მალე, დასაქმდება.

 

ასეთი კარგი და დაუჯერებელი ამბები ხდება ჩვენს ოჯახში!” – ამბობს ამიკოს და, თიკო ალუაშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი
X