13:29 | 2020-05-23 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს თემურ ბაბლუანის უმცროსი ქალიშვილი პარიზში

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს თემურ ბაბლუანის უმცროსი ქალიშვილი პარიზში

 

რეჟისორი და სცენარისტი სოფო ბაბლუანი საფრანგეთში ცხოვრობს, ის პარიზის კინოცენტრის ჟიურის წევრია. სოფო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა,

 

თემურ ბაბლუანის უმცროსი ქალიშვილი, რომელსაც თბილისში პარიზელი ლამაზმანის სახელით იცნობენ, საფრანგეთის დედაქალაქის ხელოვნების კოლეჯის მოწვეული ლექტორია.

 

მან La Beaux Arts დაამთავრა, რის შემდეგაც ისწავლა კინო აკადემიაში და ამჟამად დატვირთული სამუშაო განრიგის მიუხედავად სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს.

 

„პრაიმ ტაიმი“ ბაბლუანების ოჯახის ყველაზე უმცროსს წევრს საფრანგეთში დაუკავშირდა, მასთან საუბარი კორონავირუსით დავიწყეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამარცხა.

 

– სოფია, ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ, დაამარცხეთ კორონავირუსი, როგორია ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

 

– ავადმყოფობის პერიოდი ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ იმედი მაქვს რომ ამჯერად ბოლომდე დასრულდა.

 

– რას ფიქრობთ სად დაინფიცირდით და როგორი სიმპტომები გაწუხებდათ?

 

– პარიზი დიდი ქალაქია, ნამდვილად არ ვიცი სად და როდის დავინფიცირდი.

 

მქონდა ხველა, ყელის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება… რამდენჯერაც მეგონა, რომ უკვე კარგად ვიყავი, აღმოჩნდა რომ ასე არ იყო, რადგან ეს საკმაოდ უცნაური ავადმყოფობაა.

 

სწორედ ამიტომ, ოჯახის წევრებს მხოლოდ მაშინ შევატყობინე ამის შესახებ, როდესაც განვიკურნე.

 

– როგორ იმოქმედა თქვენს პროფესიაზე იზოლაციის პერიოდმა და ახლა საქმიანობის რა ეტაპზე ხართ?

 

– იზოლაციის პერიოდმა, ყველაფერთან ერთად გააჩერა შემოქმედებითი სფეროები, გაჩერდა კინოპროდუქცია, გადაღებები, თეატრები… ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა.

 

მაგრამ როცა ხელოვნების დარგში ხარ რაღაც სახით მაინც სულ მუშაობ, დღეც და ღამეც, იზოლაციაში თუ არდადეგებზე…

 

მე ჩემს საქართველოში გადაღებული დოკუმენტური ფილმის მონტაჟის ბოლო ეტაპზე ვიყავი, როცა იზოლაცია გამოცხადდა.

 

ბაბლუანების ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა კორონავირუსი დაამარცხა!
2020-05-09ბაბლუანების ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა კორონავირუსი დაამარცხა!

 

ამიტომ სამონტაჟო სახლში გადავიტანე და მემონტაჟის გარეშე მარტო გავაგრძელე მუშაობა (ეს ფილმი ისე გაგვიგრძელდა რომ სამონტაჟო მანქანის გამოყენაბაც კი ვისწავლე).

 

ასევე გავაგრძელე დისტანციურად ლექციების ჩატარება, პარიზის ერთ ერთ ხელოვნების კოლეჯში, სადაც კინოს და მოძრავი გამოსახულების ვორკშიპისთვის ვარ მიწვეული.

 

აქაც არ გამიმხელია რომ ავად ვიყავი. ავადმყოფობიდან გამომდინარე შენელებული რიტმით, მაგრამ მაინც არ შემიწყვეტია Script doctor-ის საქმიანობა, კონსულტაციები სცენარისტებთან, მათი სცენარის განვითარებისთვის.

 

ჯერჯერობით კულტურის სამინისტროს მიერ არ არის შემუშავებული რეალური გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ყველა საჭირო ეტაპის უზრუნველყოფა.

 

სადაზღვეო კომპანიებს ეშინიათ ფილმების დაზღვევა, თუ ვირუსი გაგრძელდა და გადაღებები კიდევ გაჩერდა, გაცდენილი დღეების ანაზღაურება ძალიან ძვირი დაუჯდებათ. დაზღვევის გარეშე გადაღება შეუძლებელია.

 

გაუქმდა ფესტივლები ისეთი როგორიც არის ავინიონის თეატრის ფესტივალი, სადაც დიდი მარკეტია. აქ წარმატების შემთხვევაში, სპექტაკლები მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ შეიძლება ერთი წლით გაიყიდოს.

 

ეს თეატრის სფეროს ეკონომიისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

 

კულტურის და მისი მოღვაწეების გადარჩენის საკითხი ყველა ქვეყანაში დადგა, ისევე როგორც საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის შემუშავება იმისთვის რომ ხელოვნება და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები არ დაზიანდნენ.

 

საბედნიეროდ საქართველო ევროპასთან შედარებით უფრო მალე უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და იმედია კულტურის სფეროსაც მალე მოევლება.

 

– ცნობილი ოჯახის შვილი ხართ, რომლის ყველა წევრიც ძალიან წარმატებულია. თქვენც წარმატებული ადამიანი ბრძანდებით, უფრო დეტალურად გვიამბეთ, მამამ – თემურ ბაბლუანმა, რა გავლენა იქონია თქვენს პროფესიულ არჩევანზე?

 

– მე ბავშვობიდან ვხატავდი და გამიმართლა რომ პარიზის ხელოვნების აკადემიაში, Les Beaux arts მოვხვდი. ძალიან დიდი კონკურსი იყო, მაგრამ გამიმართლა.

 

ფერწერასთან ერთად იქ ფოტო, ვიდეო და კინო ატელიების აქტიური წევრი ვიყავი. სწორედ აქ გადაწყდა ჩემი კინოსკენ ორიენტირება. ამიტომ აკადემიის დამთავრების შემდეგ კინო სკოლაში ჩავაბარე.

 

Tamuna Tandashvili-ს ფოტო.

ბავშვობაში ჩვენი ცხოვრება, თემურის სცენარის წერის თუ გადაღებების რიტმით ეწყობოდა.

 

დიდი დრო მაქვს მის გადასაღებ მოედანზე გატარებული. შემოქმედებითი იმპროვიზაციით ეწყობოდა ჩვენი ცხოვრება თემურის შემოქმედებით გარემოს.

 

ის ხშირად სამზარეულოში წერდა და შესვლის უფლება მარტო დედაჩემს ქონდა.

 

ჩვენი ჭამის რეჟიმიც მის მუშაობაზე იყო აწყობილი, წყალიც დედას გამოჰქონდა როცა მოგვწყურდებოდა.

 

საბედნიეროდ ის ყოვედღე არ მუშაობდა სცენარზე (იცინის).

 

დედაჩემი ხშირად იხსენებს, ყოფილა შემთხვევა თემურის მაცივრის კარი გამოუღია, და ცარიელი რომ დაუნახავს, თავისთვის ჩაულაპარაკია, დროა სცენარი დავწეროო.

 

ასე რომ, ჩვენი არსებობა მის შემოქმედებით განწყობაზე იყო დამოკიდებული.

 

შემიძლია ვთქვა ოჯახში ორი რამ არის ალბათ ყველაზე მთავარი: კინო და ბავშვები. ასე რომ, რათქმა უნდა  ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია ჩემზეც.

 

– როგორ გაიხსენებთ თბილისში გატარებულ ბავშვობას?

 

– ბავშობაში ბალერინობა მინდოდა, სანამ ერთ დღეს სასწაული არ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ილუზიონში, Jean Renoir-ის French Cancan-ი არ ვნახე. ალბათ 9 ან 10 წლის ვიქნებოდი…

 

აქ მოხდა კლასიკურ გემოვნებიდან ფრანგულ კოლორიტულ კაბარეს გამოვნებაზე სამუდამოდ გადასვლა.

 

ეს ფილმი იმხელა ესთეტიური ბედნიერებაა, მეგონა, ამაზე ლამაზი არაფერი მქონდა ნანახი. ცეკვა, ფერები, რენუარისეული ხედვა, ახალი სამყარო გაიხსნა ჩემთვის.

 

მეორე დღეს ვეცადე ჩემი კლასელი გოგოებისთვის გამეზიარებინა, მაგრამ ამ ენერგიის გაზიარება შეუძლებელი იყო.

 

მაინც დავითანხმე რამოდენიმე და საკლასო მერხებიდან დავიწყეთ ხტუნვა, ფორმის კაბების ფრიალით… ვითომ კაბარეში მაგიდებიდან ვხტებოდით.

 

ძალიან გული მწყდებოდა რომ ფილმში ნანახი სილამაზიდან შორს ვიყავით, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი და მიუხედავად იმისა რომ გოგოებს მალე მობეზრდათ, მე მარტო ვაგრძელებდი მერხიდან ხტუნვას.

 

ეს კი იმით დამთავრდა, რომ დამრიგებელმა დედაჩემი დაიბარა სკოლაში. ესეც გასაგებია, რადგან ძალიან შორს ვიყავი  ესთეტიური სილამაზისგან რაც ამ ცეკვას უნდა მოეტანა.

 

არ ვიცი რამდენად ვაანალიზებდი რომ ეს ფილმი ქალის შემოქმედებითი ძალის განთავისუფლებაზე მოგვითხრობს.

 

 

„ამ თემას ყოველთვის გავურბოდი... პანდემიისას მე და ქეთიმ ასზე მეტი ტილო დავხატეთ
2020-05-07„ამ თემას ყოველთვის გავურბოდი... პანდემიისას მე და ქეთიმ ასზე მეტი ტილო დავხატეთ" - გია გუგუშვილი

 

 

My Fair Lady-გან განსხავებით, რომელიც ქალის „გაცივილიზებურობას” ცდილობს, რათა ის საზოგადოების კოდის და გემოვნების შესატყვისი გახდეს, French Cancan ქალში შემოქმედებითი ძალის განთავისუფლების და ამით უფრო დიდი თავისუფლების მოპოვების ჰიმნია.

 

ეს ბავშვობის ის ნაწილია, როცა შინაგანი საშიშროების განცდა არ გვქონდა გაჩენილი. შემდეგ იყო 90 იანები.

 

ჩვენი ბავშობის წლები ქვეყნის ისტორიული გარდატეხის პერიოდს დაემთხვა.  აქედან ძირითადად ჩაბნელებული თბილისი და სანთლის შუქი მახსოვს.

 

ამ ახლო წარსულთან დაკავშირებით, ბევრ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გაცემულა, ან ბევრი შეკითხვა ჯერ კიდევ არ დასმულა.

 

რა კულტურული ბაზით (მონაცემით), ან რა სახის მენტალობით შევხვდით და გავუმკლავდით ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მოვლენებს ალბათ უფრო ღრმად შესასწავლია და ეს საჭიროა.

 

მომავალი თაობების თავისუფალი აზროვნების მოსაპოვებლად.

 

 

– სვანეთში თუ ახერხებთ სტუმრად ჩასვლას?

 

– სვანეთში იშვიათად ვახერხებთ, მაგრამ როცა ჩავდივართ სტუმრები არ ვართ.

 

ჩემს ბუნებრივ გარემოში ვარ და ეს იმაზე ძლიერი შეგრძნებაა ვიდრე, შორიდან არის ამის წარმოდგენა შესაძლებელი.

 

– თქვენი დედმამისშვილების შესახებ გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეს მათ საფრანგეთიდან თბილისში დაბრუნება და ცხოვრება? რას საქმიანობს აქ თქვენი ძმა გიორგი ბაბლუანი?

 

– ჩემს დას რომლის საქმიანობასაც ალბათ კარგად იცნობთ და ასევე ჩემს ძმებს არ შეუწყვეტიათ საფრანგეთთან ურთიერთობა. ამ ქვეყანასთან მათ მჭიდრო კავშირი აქვთ.

 

ჩემი ძმები, გელა და გიორგი საქართველოსთან დაკავშირებული პროექტების განვითარებას ცდილობენ.

 

გიორგის ერთი წლით საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი მაინც ის იყო რომ მის შვილებს ქართული ესწავლათ.

 

გიორგის საფრანგეთში წამყვან რეჟისორებთან აქვს ნამუშევარი ისეთებთან როგორიც არის Benoît Jacquot, Christophe Honoré, Tony Gatlif…

 

მას კასტინგის გავლის გარეშე პირდაპირ უკავშირდებიან რეჟისორები და როლის განხილვა ფინჯანი ყავის გარშემო ხდება. თუ არ ვცდები Christophe Honoré-მ მას ფეისბუქზე  მიწერა და ისე შესთავაზა შეხვედრა.

 

 

Sofia Babluani-ს ფოტო.

 

რაც შეეხება გელას, განუწყვეტლივ აქვს ფრანგული და ინტერნაციონალური კომპანიებისგან შემოთავაზება,

 

ფილმების თუ სერიალების გადასაღებად, მაგრამ ის ამჯერად საკუთარი პროექტის განვითარებას არჩევს,

 

რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული, ეს მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

მეტს ვერაფერს გეტყვით, ალბათ ისენი თვითონ უკეთ ისაუბრებენ საკუთარ გეგმებზე.

 

 

– ძალიან წარმატებული ხართ საფრანგეთში, დაგეხმარათ თუ არა ამაში თქვენი ოჯახის სახელი?

 

– იცით, საფრანგეთი დიდი ქვეყანაა, პარიზი დიდი მეტროპოლია, ძალიან დიდი კონკურენციით, თუ საქმის გაკეთება არ შეგიძლია, აქ ერთი დღე ვერ გასტან ვინც არ უნდა იყო.

 

ფრანგები ძალიან ბევრს შრომობენ და თაობებით არიან მომზადებული საკუთარი ადგილის დასაკავებლად. როცა ემიგრანტი ხარ არავინ გელოდება, შენთვის ადგილი არავის მოუმზადებია.

 

ამბობენ კაცმა ჯერ ხე უნდა დარგოს, სახლი ააშენოს…როცა ემიგრანტი ხარ ჯერ ქვეყანა უნდა აიშენო (ეს დიდი შრომაა)… და მერე დარგო ხე, ააშენო სახლი.

 

ანუ სხვებზე მეტი მუშაობა გიწევს და ხშირად სხვებზე ბევრად არაკომფორტულ სიტუაციაში ხარ. ასე რომ პროფესიონალიზმი თავისთავზე ყველაზე უკეთ მეტყველებს.

 

– საქართველოში რამდენად ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას?

 

– საქართველოში ისე ხშირად ვერ ვახერხებ როგორც მინდა… მაგრამ იმის შემდეგ რაც, დოკუმენტურ ფილმში (რომელიც დასრულების პროცესშია) ახალგაზრდები გადავიღე, მათთან გატარებულმა დრომ,

 

ერთად ფილმის შექმნამ, ძალიან ბევრი კარგი მომიტანა შინაგანად. ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზდრები გვყავს დიდი შემოქმედებითი რესურსით.

 

მაქვს პარიზის ხელოვნების კოლეჯში ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება და გამიჩნდა სურვილი საქართველოში ასეთი სახის ვორკშოპის ჩატარების, ასე რომ ამ საკითხზეც ვფიქრობ.

 

– პარიზელი ლამაზმანის სახელით გიცნობენ თქვენ თბილისში, საინტერესოა პარიზელი ლამაზმანი თავისფალ დროს რითი ერთობა, რა გატაცებები აქვს და ა.შ?

 

– ეს არ ვიცოდი. რა საჭირო პროფესია გაქვთ, თქვენს გარეშე ხომ არც მეცოდინებოდა რომ პარიზელ ლამაზმანის სახელით ვარ ცნობილი (იცინის).

 

პარიზი ტერასების ქალაქია, სოციალური ურთიერთობების გარკვეული კულტურით.

 

საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი კულტურული საფუძველის ჩამყრელი, კერძო ბინების სალონებში შეკრებილი ინტელექტუალები იყვნენ.

 

აქ ხდებოდა აზრების გაცვლა და ჩამოყალიბება. ეს „სალონური“ საუბრის კულტურა დღემდე არსებობს, კაფის ტერასაზე.

 

შეიძლება ინტელექტუალური დონე ყოველთვის ისე მაღლა ვერ დაფრინავს, მაგრამ წეს-ჩვეულებაში ღრმად არის გამჯდარი.

 

ეს კულტურა განაპირობებს ურთიერთობების ხარისხს და გარემოს. ტერასა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია.

 

Sofia Babluani-ს ფოტო.

ჩემს უბანში დილის 6-დან 9-მდე, ტერასაზე უკვე დიდი ხანია ერთმანეთის გვერდით ვხვდებით მე, ერთ-ერთი მოქმედი და ძალიან საინტერესო ფრანგი ფილოსოფოსი,

 

და ასევე ძალიან საინტერესო არქეოლოგი.

 

ყველა ვმუშაობთ ჩვენს საქმეზე, სანამ ქალაქი ბოლომდე გაიღვიძებს. ასე დავმეგობრდით.

 

 

საღამოს როცა უბანში ვბრუნდები ყოველთვის მიხარია და ზუსტად ვიცი რომ ტერასაზე მოკალათებულ მეგობარს გადავაწყდები ღვინის ჭიქით ხელში. ასე რომ ტერასა მიყვარს დღის ნებისმიერ დროს.

 

იზოლაციის პერიოდში კავშირები შეიცვალა, ფანჯრებიდან დავიწყეთ დამეგობრება, ახალი სახის სოციალური კავშირი „კარანტინის” მეგობრობა ჩამოყალიბდა.

 

ტერასები დაკეტილია, პარკებიც, სამაგიეროდ უჩვეულო ფენომენი შეიქმნა, ხალხი ქუჩაში, ტროტუარებზეა ჩამომჯდარი შვილებთან ერთად. ბავშვებით სავსეა ქალაქი, დარბიან და თამაშობენ ქუჩებში. რაც არნახული ფენომენია პარიზისთვის.

 

ვირუსმა ბევრი რამე შეცვალა მაგრამ, რაც მთავარია ადამიანებს ურთიერთობის სურვილი კი არ დაკარგვიათ, არამედ პირიქით შემოქმედებითი სახით აქვთ გამძლაფრებული!

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი


X