fbpx
14:53 | 2020-06-12 ავტორი: თამთა თორდია

როგორ შეცვალა ნათია თურნავამ 15 წლის გოგონას ცხოვრება, რომელიც მას მხოლოდ ტელევიზორიდან იცნობს

როგორ შეცვალა ნათია თურნავამ 15 წლის გოგონას ცხოვრება, რომელიც მას მხოლოდ ტელევიზორიდან იცნობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას დიდი გულშემატკივარი ჰყავს, რომელიც პრაიმტაიმთან ყვება, თუ როგორც შეცვალა მისი მიზნები და მიღწევები მინისტრმა, რომელსაც მხოლოდ ტელევიზორიდან იცნობს.

 

„ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, აქტიურად ვადევნებდი თვალს საინფორმაციო გამოშვებებს და ერთ დღესაც დავინახე ერთი ლამაზი, ქერა ქალი, რომელმაც თავიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება.

 

თავიდან დავინტერესდი, ვინ არის მეთქი და დავიწყე ინფორმაციების მოძიება.

 

შევატყვე ის, რომ მისი საქმის პროფესიონალი იყო, ვნახე, რომ უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული და შემდეგ დავიწყე ფიქრი: ლიზა, რატომ უნდა აიღო მაგალითი მოდელისგან, ან მსახიობისგან, როდესაც არსებობენ ისეთი ადამიანები, როგორიც ნათიაა.

 

დავიწყე მისთვის ვიდეოების გაკეთება, მთელ გულს და სულს ვდებდი, ძალიან მინდოდა, რომ როგორღაც ჩემი სიყვარული და პატივისცემა გამომეხატა.

 

აქტიურად ჩავერთე და ყოველდღე თვალს ვადევნებდი მის გამოსვლებს, გეგმებს და ბოლომდე ვგულშემატკივრობდი, არცერთ მის ბრიფინგს არ ვტოვებდი, ჩემი ოჯახის წევრებიც ხალისობდნენ, ეკონომიკაზე რამე თუ დაგაინტერესებთ ლიზას მიმართეთო.

 

ამასობაში მომეცა საშუალება, რომ მასთან რამდენიმე წუთით ტელეფონზე მესაუბრა და უეცრად იმხელა ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში და იმხელა ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, რომ რადიკალურად შემცვალა, შეცვალა ჩემი მიზნები და სამომავლო გეგმები. მისი დამსახურებაა, რომ მე ახლა რაღაცებს სულ სხვანაირად ვუყურებ და მინდა ძალიან წარმატებული გავხდე.

 

ჩემთვის ნათია პირველ რიგში არის ადამიანი, რომლისგანაც შემიძლია მაგალითი ავიღო, რომელიც ვირტუალურად, მაგრამ ყოველთვის ახერხებს ჩემს გაღიმებას, ქალი, რომელიც მუდამ ოპტიმისტურად უყურებს ყველაფერს და ქალი, რომელმაც ჩემს შესაძლებლობებში დამაჯერა, სხვა დანარჩენი ჩემთვის მეორე ხარისხოვანია.

 

ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები და ყოველთვის გვერდში დავუდგები, რაც არ უნდა მოხდეს“,- ამბობს 15 წლის ლიზა გოგავა პრაიმტაიმთან.

 

მისი ოცნებაა, რომ ოდესღაც ეკონომიკის მინისტრი პირადად ნახოს.

 

„ნათიას რომ შევხვდე, მე თვითონ არ ვიცი რა ემოციები მექნება, დარწმუნებული ვარ ძალიან ემოციური იქნება ჩემთვის და შეიძლება ცრემლებიც ვერ შევიკავო. დაუჯერებელი გრძნობა იქნება ჩემთვის მის წინ ჯდომა რადგან მასთან ახლო ურთიერთობა ძალიან დამეხმარება ჩამოყალიბებაში“, – ამბობს ლიზა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X