13:23 | 2020-03-23 ავტორი: ნინი ტაველიძე

როგორ შეიძლება გავრცელდეს ვირუსი ორგანიზმში ისე, რომ ადამიანმა ეს ვერც კი იგრძნოს

როგორ შეიძლება გავრცელდეს ვირუსი ორგანიზმში ისე, რომ ადამიანმა ეს ვერც კი იგრძნოს

„როგორ შეიძლება გავრცელდეს ვირუსი შენს ორგანიზმში ისე, რომ ვერც კი იგრძნო ეს“,- სტატიას ამ სათაურით nymagazine აქვეყნებს.

 

„პრაიმტაიმი“ სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

ლანჩის დროის შესათანხმებლად მეგობართან რეკავ. გარეთ თბილა, გაზაფხულია და შენც შესახვედრად გარე სივრცეს ირჩევ. შეხვედრა ასე უფრო უსაფრხო გეჩვენება. ლანჩზე წასვლამდე ყველა საჭირო ზომას მიმართავ: იყენებ ანტისეპტიკურ სითხეს, საჭირო სოციალურ დისტანციასაც იცავ, ცდილობ ხელები სახეს არ შეახო, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს საკმაოდ რთული შესასრულებელია. ზოგჯერ იმასაც ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გადამეტებულიცაა, მაგრამ მაინც აკეთებ.

 

ერთადერთი რამ, რაც არ იცი და ვერც გეცოდინება არის ის, რომ შენი მეგობრის მამა 10 დღის წინ თავის ბიზნესპარტნიორს ესტუმრა, სადაც კრიპტოვალუტის სპეკულანტისგან ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ვერც ის გეცოდინება, რომ შეხვედრიდან 3 დღეში, სანამ თავის შვილს კარს გაუღებდა, ხველებისას პირზე ხელი აიფარა და შემდეგ ამ ხელით სახელურს შეეხო. როდესაც შენი მეგობარი იმავე კარით გამოვიდა გარეთ, ჩასუნთქვისას 32,456 ვირუსის ნაწილაკი ჩაუსახლდა პირისა და ზედა სასუნთქი გზების ამომფენ ეპითელიუმში.

COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანების ერთი ჩაის კოვზის მოცულობის ნერწყვი ტრილიონობით ვირუსის ნაწილაკს მოიცავს და ხველებისას ეს ნაწილაკები ჰაერში მიმოიბნევა.

ამ შემთხვევიდან შენი მეგობრის სხეულში ვირუსებმა გამრავლება დაიწყეს. საუბრისას და სუნთქვისას ვირუსით დატვირთული წვეთები კი ირგვლივ მიმოფრქვევას განაგრძობს. ზოგი მათგანი შეკვეთილ კერძზე იწყებს მოთავსებას, ზოგიც ხელებზე, სხვები პირდაპირ ნესტოებისკენ სვლას ამოირჩევენ და იქითკენ წავლენ. ხოლო მაშინ, როდესაც შენს მეგობარს დასამშვიდობებლად ჩვეულად გაუწვდი ხელს, შენს ორგანიზმში უკვე 43, 654 ვირუსული ნაწილაკი იქნება. ხოლო მას შემდეგ კი, რაც ხელის ჩამორთმევის ცერემონიას დაასრულებ, მათი რაოდენობა 312,405-ს მიაღწევს.

 

ვირუსული ნაწილაკებიდან ერთ-ერთი სვლას შენი ფილტვებისაკენ განაგრძობს და ტენიან ზედაპირზე მოიკალათებს. შემდეგ კი ქსოვილის ამომფენ მუკოზას ვირუსის ნაწილაკებს უწილადებს. თითოეული ნაწილაკი მრგვალი და ძალიან პატარაა. ვირუსის გარეთა მემბრანა არის ცხიმოვანი შემადგენლობის, რომელშიც ჩაშენებულ-ჩამაგრებულია ცილოვანი მოლეკულები სახელად წვეტიანი ცილები, აი, დაახლოებით ლეკვების სათამაშო საღეჭი ბურთულები როგორც გამოიყურებიან, წვეტიან-მომრგვალებული გამოშვერილობებით. ვირუსის ნაწილაკის შიგნით მოთავსებულია დახვეული RNA – ვირუსის გენეტიკური მასალა. ვირუსის მთავარი განძი,

შემდეგ კი ვირუსის ცილა ფილტვის ზედაპირს მიუახლოვდება და მიეწებება. მიწებების შემდეგ ვირუსისა და მასპინძელი უჯრედის მემბრანები შეერწყმებიან ერთმანეთს და ვირუსის მთავარი საგანძური – RNA მასალა ფილტვის უჯრედის შიგნით აღმოჩნდება.

 

ამ მომენტიდან ვირუსის RNA თავისი საქმის კეთებას იწყებს. ჩვენი ფილტვის უჯრედს, თავისი გენეტიკური მასალა აქვს DNA-ის სახით, რომელიც ისედაც წარმოქმნის თავის ასლებს RNA ფრაგმენტების სახით. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და კოპირებული მასალა მუდმივად იგზავნება უჯრედის შიდა სივრცეში, სადაც ისინი შემდეგ დამატებით ინსტრუქციებს იღებენ, რა ტიპის ცილა, როდის, როგორ დაასინთეზირონ, გადაიტანონ, გადმოიტანონ, ააშენონ, დაანგრიონ და ა.შ. ეს პროცესი რაღაცნაირად სანტას წინა საახალწლო მზადებას ჰგავს, სადაც ელფები სათამაშოებს სანტას ინსტრუქციებით აკეთებენ. სანტა RNA, ხოლო მორბენალი ელფები ცილები, სახელად რიბოსომები არიან.

 

როგორც კი ვირუსული RNA რიბოსომას გადაეყრება, მოფუსფუსე რიბოსომა მის წაკითხვას, გადმოთარგმნას და ვირუსული ცილის დასინთეზირებას იწყებს. ეს ცილები შემდეგ ეხმარებიან ვირუსულ RNA-ს, რომ თავისი ასლები შექმნას და შემდეგ უკვე სწორედ ეს (ვირუსის) ასლები შეესევიან უჯრედის რიბოსომებს, რომელთაც წესით, თავიანთი, უჯრედული DNA-სთვის უნდა ესმინათ მხოლოდ. სხვა ვირუსული ცილები ბლოკავენ უჯრედის თავდაცვას. ძალიან მალე უჯრედის ნორმალური ფუნქციები სრულიად მოშლილია და მხოლოდ და მხოლოდ ვირუსული RNA-ის მოთხოვნებს ასრულებს და მისი მთელი ენერგია ვირუსების უთვალავი ასლის შენებას ხმარდება.

 

მას შემდეგ, რაც უამრავი ასლი დამზადდება, ეს კომპონენტები უჯრედული კონვეიერის მსგავსი პრინციპით უჯრედის ზედაპირისკენ დაიძვრებიან. ვირუსის მემბრანა და წვეტიანი ცილები RNA-ბოჭკოებს გარს შემოერტყმიან და ვირუსის ახალი ნაწილაკიც მზად არის. შემდეგ ეს იფუთება უჯრედშიდა სივრცეში არსებულ ბუშტუკში – ვეზიკულაში, გამოდის უჯრედის გარეთა ზედაპირზე, დაეტაკება სხვა უჯრედს და გამოათავისუფლებს ვირუსის ათეულობით, ასეულობით, ათასეულობით ნაწილაკს შენს სხეულში.

 

პროცესი განვითარებას შენს ფილტვებში, ყელსა და პირში მანამდე განაგრძობს, სანამ სასუნთქი გზების ამომფენი უჯრედები სრულად არ ოკუპირდება.

SARS-ის მსგავსად, COVID-19-ით დაინფიცირებიდან ყოველ მომდევნო დღეს ვირუსი მილიონჯერ მრავლდება. დაკოპირებული ვირუსი გამოდის მუკოზაში, შეიჭრება სისხლის მიმოქცევაში და მიაღწევს საჭმლის მომნელებელ სისტემამდე.

 

და შენ? როგორ ხარ ამ დროს?

შენ ამ დროს ვერაფერს გრძნობ. პირიქით, მშვენივრად ხარ. ერთადერთი რაც გაწუხებს ისაა, რომ ამ სოციალური დისტანცირებისა და სახლში ჯდომისგან მოიწყინე. არადა, აქამდე სულ აქტიური იყავი, ახლა კი… მას შემდეგ კი, რაც Fast & Furious-ს მეასეჯერ უყურე, საბოლოოდ გადაწყვიტე, რომ შენი ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია. ამიტომ გარეთ უნდა გახვიდე.

ტელეფონს იღებ და ყოფილს ურეკავ, ისიც შეხვედრაზე გთანხმდება და ორივენი მდინარის პირას სასეირნოდ

მიდიხართ. გგონია ეს შეხვედრა მაინც დაგავიწყებს არსებულ რეალობას, მაგრამ მის პირზე აფარებული სამედიცინო ნიღაბი ამ წარმოდგენასაც საბოლოოდ კლავს. ამას მისი მონაყოლიც ემატება იმის შესახებ, რომ ის საცხოვრებლად ახალ პარტნიორთან ერთად გადადის. დამშვიდობებისას კი თბილად ჩაგეხუტება. შენც ჩვეულად ეტყვი როგორ გაგიხარდა მისი ნახვა.

 

თუმცა.. მან არ იცის რომ – სანამ შენ მას შეხვდებოდი ერთი საათით ადრე საპირფარეშოში შეხვედი და ხელები უყურადღებოდ დაიბანე. დამშვიდობებისას შენ მის ჟაკეტზე უხილავი ვირუსული მასა დატოვე, რომელიც 893,405 ნაწილაკს შეიცავს. სახლში მისვლისას შენი ყოფილი ამ ჟაკეტს საკიდზე ჩამოკიდებს, მანამდე ხელს სახესთან მიიტანს და იცი რა მოხდება? 9 404 ვირუსული ნაწილაკი მის სახეზე გადავა. 5 დღეში კი სასწრაფო სამედიცინო მანქანა მას ინფექციურისკენ წაიყვანს.

როგორც დიდი სავაჭრო ცენტრები შთანთქავენ ხოლმე პატარ-პატარა საცალო მაღაზიებს, შენი დაინფიცირებული უჯრედები უწყვეტად მუშაობენ ვირუსული ნაწილაკების დასასინთეზირებლად, სანამ საბოლოოდ არ გადაიწვებიან და დაიხოცებიან. მკვდარი უჯრედების ნაწილაკების სისხლში მოხვედრის შემდეგ, შენი იმუნური სისტემა ბოლოსდაბოლოს ხვდება, რომ ვიღაცა ურევს! სისხლის თეთრი უჯრედები გამოიჭერენ მკვდარი უჯრედების ფრაგმენტებს და საპასუხოდ გამოათავისუფლებენ ციტოკინებად წოდებულ ნივთიერებებს, რომლებიც მთელ ორგანიზმში იწყებენ ცირკულაციას „ხანძარიააააა“-ს ძახილით, რათა მთელი იმუნური სისტემა (პირველადიც, შეძენილიც, დასწავლილიც, დაუსწავლელიც და ყველანაირი) ფეხზე დადგეს. როგორც კი ჯარისკაცი იმუნური უჯრედები დაინფიცირებულ უჯრედებს ამოიცნობენ, ეგრევე ხოცავენ მათ. შენს ორგანიზმში, ფაქტობრივად მიკროსკოპული ერთგვარი ბრძოლა მიმდინარეობს და შენს იმუნურ სისტემას ყველა მეზარბაზნე გამოყვანილი ჰყავს, თან მტერსაც უტევს და თან თავის გარდაცვლილ ჯარისკაცებსაც მარხავს. ბრძოლის გამწვავების პარალელურად, შენი სხეულის ტემპერატურა იმატებს და დაინფიცირებულ არეში ანთებითი პროცესები იწყება.

 

ორი დღის შემდეგ, ლანჩის მირთმევისას ხვდები, რომ ჭამაზე ფიქრიც კი ღებინების შეგრძნებას იწვევს. გადაწყვეტ, ცოტა ხანი წამოწვე და რამდენიმე საათი წაუძინო. გაღვიძებულზე უფრო უარესად იგრძნობ თავს. გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება გაქვს და უწყვეტად გახველებს მშრალად. თავში კი გიტრიალებს აზრი: ნუთუ ესაა ის შეგრძნება? სახლის აფთიაქს სასწრაფოდ გადაქექავ, მოძებნი თერმომეტრს და რამდენიმე წუთში უყურებ შედეგს: 38.8°C. ამის დედაც!!! – გაიფიქრებ და საწოლში ბრუნდები. თავს ირწმუნებ, რომ ეს შეიძლება უბრალო, სეზონური გრიპია და თუ მაინცდამაინც ყველაზე უარესი ხდება და კორონა გეწვია, შენ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ და მაღალი რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნები.

 

რა თქმა უნდა, მართალი ხარ. კორონავირუსით დაინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ მეცნიერების მიერ ჯერ ვერახსნილი მიზეზებით, დაინფიცირებულთა 20% საკმაოდ მძიმედ ავადობს. შენი თანატოლებისგან განსხვავებით, შენ სწორედ ამ უკანასკნელ პროცენტულ მაჩვენებელში აღმოჩნდი. არ გაგიმართლა.

 

4-დღიანი დაუსრულებელი ცხელებისა და ყელის წვის შემდეგ, აანალიზებ, რომ აქამდე ასე ცუდად არასოდეს ყოფილხარ. ლამის უწყვეტი მშრალი ხველებისგან უკვე ხერხემალი გტკივა. გაძნელებული სუნთქვის პარალელურად ტაქსის იძახებ და უახლოეს კლინიკაში მიდიხარ. (ცნობისათვის, მანქანის სხვადასხვა ზედაპირზე 376,345,090 ვირუსის ნაწილაკი დატოვე, ხოლო ჰაერში 323,443,865).

 

ემერჯენსი განყოფილებაში შემოწმების შემდეგ იზოლირებულ პალატაში გაგზავნიან. კორონავირუსის ტესტის პასუხების მოლოდინის პარალელურად, ექიმები ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიას გიღებენ, სადაც ბუნდოვანი ჩრდილები ჩანს იმ ადგილებში, სადაც იმუნური სისტემის ყველაზე ინტესიური ბრძოლის შედეგად სითხე ჩაგროვდა. რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ COVID-19-ით ხარ დაინფიცირებული, არამედ ინფექციამ ინტენსიური და სახიფათო პნევმონია გამოიწვია, რასაც სხვაგვარად ARDS ანუ სასუნთქი გზების მწვავე დისტრესი ეწოდება.

 

კლინიკაში არსებული ყველა ჩვეულებრივი საწოლი დაკავებულია COVID-19-ით დაინფიცირებული ავადმყოფებით და შენ საკაცეზე გაწვენენ დანარჩენი ხუთი პაციენტის გვერდით. ექიმები შიდავენურ წვეთოვანს გიდგამენ და შენს ორგანიზმს ყველა საჭირო საკვები ელემენტით, სითხითა და ანტივირუსული წამლით ამარაგებენ. იმავე დღეს შენი მდგომარეობა უარესდება. რამდენიმე დღეში უკვე ჰალუცინაციები გეწყება. გულისცემა წუთში 50-მდე ეცემა. როცა გვერდითა ოთახში პაციენტი კვდება, ექიმები მის სასუნთქ აპარატზე გაერთებენ და მაშინ, როდესაც ექთანი ყელში ენდოტრაქეალურ მილს გიდგამს, შენ ნახევრად ცნობიერი მდგომარეობით მხოლოდ იმას გრძნობ, როგორ ჩადის მილი ღრმად ფილტვებისკენ.

 

ფაქტობრივად, უგრძნობად წევხარ, როდესაც ექთანი წებოვანი პლასტირით გიმაგრებს მილს.

ნელ-ნელა ინგრევი. შენი იმუნური სისტემა უკვე ციტოკინური შტორმის ეტაპზეა გადასული – ბრძოლის ის ეტაპი, როდესაც ვირუსულ ინფექციასა და საკუთარ უჯრედებს განურჩევლად უტევს და ანადგურებს. სისხლის თეთრი უჯრედები შტურმით იღებენ ფილტვებს და მის ქსოვილსაც აზიანებენ, ცხადია. პაწია ალვეოლარული პარკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეჟიმში სისხლიდან ჟანგბადის შეწოვაში იღებენ მონაწილეობას, ახლა სითხით ივსება. ფაქტობრივად, იხრჩობი მიუხედავად იმისა, რომ სასუნთქი აპარატი ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს ტუმბავს შენს ფილტვებში.

 

თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაზე უარესი. იმუნური პასუხის ინტენსიური იერიშის შედეგად სხვადასხვა ორგანოები მუშაობას წყვეტენ, პროცესი რომელსაც სამედიცინო ენაზე მრავალორგანული დისფუნქციის სინდრომი (MODS – Multiple-organ-dysfunction syndrome) ეწოდება. როდესაც ბრძოლის ველზე ღვიძლიც დაეცემა, შენი ორგანიზმი მავნე ნივთიერებებს ანუ ტოქსინებს ვეღარ გამოდევნის და ექიმები დიალიზის აპარატზე შეგაერთებენ. ჟანგბადის ნაკლებობის გამო შენი ტვინის უჯრედები ნელ-ნელა კვდომას იწყებენ.

 

ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდზე დასეირნობ. მას შემდეგ რაც MODS-ის სამეფოში შეაბიჯე, შენი შანსები 50/50-ზე ან უფრო უარესადაა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემია პიკისკენ მიიწევს და შესაბამისად, საავადმყოფოების რესურსი ამოწურვისკენ მიდის, არც ისე სახარბიელო პერსპექტივები გაქვს.

 

საკაცეზე მწოლიარეს, ბუნდოვნად ჩაგესმის, რომ ექიმებმა ექსტრაკორპორალურ-მემბრანულ-ოქსიგენაციის (ECMO) აპარატზე შეგაერთეს, რომელმაც შენი გულ-ფილტვის ნაცვლად უნდა იმუშაოს და მანამდე გაცოცხლოს, სანამ შენი ორგანიზმი შეძლებს, წონასწორობას დაუბრუნდეს.

 

შემდეგ კი, სიმშვიდის უსაზღვროებაში ყვინთავ. გრძნობ, რომ ბრძოლის უკიდურეს ზღვრამდე დახვედი. ყველაზე უარესმა საფრთხემ გადაიარა. ვირუსის დამარცხების შემდეგ შენი იმუნური სისტემა ნელ-ნელა ძალებს იკრებს და გამოჯანმრთელებისკენ ნელ სვლას იწყებ. ამ მომენტიდან რამდენიმე კვირაში ექიმები ენდოტრაქეალურ მილსაც ამოგაცლიან ყელიდან და სასუნთქ აპარატსაც გააგორიალებენ. მადა და ლოყებზე ფერი დაგიბრუნდება და ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, გახვალ ჰოსპიტალიდან, ღრმად ჩაისუნთქავ სუფთა ჰაერს და მხიარულად გააჩერებ ტაქსს. მოგვიანებით შეხვდები ძვირფას ადამიანს, რომელიც შენი მეუღლე გახდება, გეყოლებათ სამი შვილი, რომელთაგან ორს თავისი შვილები ეყოლება და ყველანი ერთად მოგინახულებენ ხოლმე ტკბილი მოხუცობის ჟამს.

 

ეს სწორედ ის სცენარია, რომელსაც შენი გონება უყვება საკუთარ თავს, სანამ შენი ტვინის ქერქის უკანასკნელი უჯრედები ჯერ კიდევ გამოსცემენ ციმციმა ტალღებს. იზოლირებულ პალატაში შენი ელექტროკარდიოგრამა სწორ ხაზს უახლოვდება. ექიმებს სასუნთქი აპარატი მიაქვთ და უმაგრებენ დილას შემოყვანილ მორიგ პაციენტს.

 

COVID-19 პანდემიის ოფიციალურ ცნობებში კი შენ ჩაიწერები, როგორც მსხვერპლი N592.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X