12:33 | 2020-05-11 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“როგორ შეიძლება ეს ორი სიცოცხლით სავსე ადამიანი გაქრეს ამ ქვეყნიდან” – გულახდილი ინტერვიუ ნინი ბადურაშვილთან

“როგორ შეიძლება ეს ორი სიცოცხლით სავსე ადამიანი გაქრეს ამ ქვეყნიდან” – გულახდილი ინტერვიუ ნინი ბადურაშვილთან

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ოჯახთან ერთად მცხეთაში იმყოფება, სადაც კახიანების ოჯახი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გადავიდა.

 

როგორ ატარებს დროს კარატინში, რა გეგმები აქვს სამომავლოდ და როგორ გადააფასა მოვლენები ნინი ბადურაშვილმა ამის შესახებ, უმშვენიერესი მომღერალი და ტელეწამყვანი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

 

– მთელი ოჯახი ვართ მცხეთაში, ვერ ვიტყვი რომ მოვიწყინე ამ კარანტინში, პირიქით. ჩემთვის თურმე ძალიან საჭირო იყო ეს დასვენება. დაღლილი და დასტრესილი ვიყავი გადატვირთული რეჟიმისგან, რასაც მანამდე ვერ ვხვდებოდი.

 

ორი თვე საკმარისი აღმოჩნდა დასვენებისთვის, გადავაფასე და თავიდან შევაფასე ბევრი რაღაც. ნელ-ნელა უნდა ავმოძრავდეთ უკვე.

 

ფინანსურად ბევრი ადამიანისთვის რთულად გადასატანი აღმოჩნდა ეს ყველაფერი, მაგრამ დადებითიც უნდა ვიპოვოთ ამაში, რადგან დედამიწასაც სჭირდებოდა რესტარტი და დასვენება.

 

სამწუხაროდ მსოფლიო მასშტაბით დიდი მსხვერპლი მოჰყვა ამ ყველაფერს, შესაბამისად უხერხულია დასვენებაზე საუბარი, კიდევ კარგი ღმერთმა და ყველაფერმა ერთად გადაგვარჩინა, კარგად გამოვძვერით.

 

 

ნინი ბადურაშვილი და ელენე კუტალაძე ...

 

კიდევ კარგი რომ ჩვენმა ჯანდაცვამ – ექიმებმა, ყველამ ერთად, ვინც ამ საკითხში იყო ჩართული დროული ზომები მიიღეს და ჩვენც, ქართველებიც დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ამ საკითხს და შესაბამისად სწორმა მუშაობამ დაგვაძლევინა ეს ურთულესი გამოწვევა.

 

ბევრს ვვარჯიშობ, ვცდილობ რეჟიმი დავარეგულირო, ფილმებს, სერიალებს ვუყურებ, წიგნებს ვკითხულობ, ასევე ახალ სიმღერებზე ვმუშაობ, შესაბამისად უაზროდ არ გამიტარებია ეს პერიოდი.

 

ასევე უფრო მეტად ვარ ჩართული ელენეს მეცადინეობაში, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, აქამდე აქტიურად ვერ ვიყავი ჩართული მის სწავლაში და ახლა პირიქით.

 

– თქვენს ინსტაგრამს ვადევნებ თვალს და კარანტინში ყოფნისას კულინარიაშიც მოსინჯეთ საკუთარი ძალები, როგორ გაართვით თავი?

 

– ამ ამბავშიც მოვსინჯე ჩემი ძალები, ბევრია გატაცებული კულინარიით, მაგრამ ეს ჩემი სფერო არ არის, თუმცა რასაც ვაკეთებ ცუდი არ გამოდის. პირველად რაც ვცადე მაგალითად შუ, მშვენივრად გამოვიდა.

 

– საუბრისას აღნიშნე, რომ ბევრი რამ გადააფასე, უფრო დეტალურად გვითხარით რა გადააფასეთ?

 

– ამ კარანტინის დროს ყველა ადამიანს მიეცა ფიქრის საშუალება. უკვე რობოტებივით ვიყავით, რაღაც ინსტიქტები გვქონდა, თითქოს მეგობარსაც იმიტომ ვნახულობდით და ვერთობოდით, რომ ეს ასე უნდა გაგვეკეთებინა.

 

მივხვდი, ბევრს ვთხოვდი საკუთარ თავს, კარგია როდესაც მაქსიმალისტი ხარ, მაგრამ ამის გამო დავისტრესე, მანქანად ვიყავი ქცეული. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ ადამიანის სახე მქონდა დაკარგული.

 

ახლა როცა ჩვეულებრივად აღდგება ყველაფერი, ალბათ ისევ ისე დავიწყებთ ცხოვრებას, ისევ იმ რეჟიმში ჩავდგებით. ისე ვიყავი ლიმონს რომ გამოწურავენ და ამას აღარ გავუკეთებ ჩემს თავს. უნდა დაზოგო ალბათ თავი.

 

უბრალოდ ცხოვრება მოითხოვს ამას, ამ ტემპით თუ არ იცხოვრე ცხოვრებას ვერ დაეწევი. ადრე, ჩვენი ბებიების და ბაბუების დროს, ალბათ ასე არ იყო.

 

დღეს ყველა ასეა, იმისთვის რომ გადარჩეს, სამსახური ჰქონდეს, შვილს აჭამოს და ა.შ. თუმცა მე ვთვლი შენს თავსაც უნდა შეუქმნა კომფორტი.

 

პატარ-პატარა დეტალებით მივხვდი, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. რამდენად გამომივა არ ვიცი, შეიძლება ისევ მომიწიოს იმ საგიჟეში ჩართვა, მაგრამ უფრო სასიკეთოდ შევცვლი ყველაფერს.

 

მივხვდი შეიძლება უმნიშვნელო რაღაცეებზე იფიქროს ადამიანმა და როცა დგები ასეთი გამოწვევის წინაშე, რწმუნდები, ის წვრილმანები რაზეც ყოველდღიურად წუწუნებ თურმე  არაფერია.

 

უნდა დააფასო ყოველი წუთი, მთავარი ფასეულობა რაც ღმერთმა მოგვცა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ასეთი გადაფასება მოხდა ჩემს თავში.

 

– ტელევიზიაში მაინც გიწევდათ ჩაწერებზე სიარული?

 

– კარგია რომ წინასწარი ჩაწერების საშუალება გვქონდა, აღმოგვაჩნდა დაგროვილი გადაცემების რესურსი, ერთი გადაცემა ონლაინ ჩავწერეთ და სახალისო გამოვიდა. სიუჟეტების გადასაღებად მაინც გავდივართ და მალე სტუდიური გადაღებებიც დაიწყება.

 

 

Nini Badurashvili-ს ფოტო.

 

– ბატონ იმედოს და ქალბატონ ფლორას, ალბათ განსაკუთრებით უხარიათ თქვენი სახლში ყოფნა…

 

– ჩვენ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. ფლორა და იმედა ოჯახის მთავარი ღერძები არიან. მათ გარშემო ვტრიალებთ და ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გვასიამოვნონ. მთავარი ისინი არიან და ჩვენ დამხმარეები ვართ.

 

ბევრისგან მოვისმინე და მეც ვფიქრობ, ისე მოგვეწონა ეს რეჟიმი, ცოტა მეშინია, როგორ უნდა დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს და რუტინას პანდემიამდე როგორც ვცხოვრობდით?

 

– ნინი, ბოლო ერთი წელი განსაკუთრებით მძიმე იყო თქვენთვის, ჯერ მამა – ერეკლე ბადურაშვილი დაიღუპა, შემდეგ კი ბებო – ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა. როგორი იყო ქალბატონი ლალის მდგომარეობა შვილის გარდაცვალების შემდეგ?

 

– რთულია ამ ასაკში ჯერ შვილი დაკარგო და შემდეგ ასეთი მძიმე დაავადება დაგემართოს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმედ იყო, არასდროს უთქვამს რომ ცუდად იყო.

 

როცა მივდიოდი, ან  ვურეკავდი, არ მანახებდა მის ტკივილს. ერეკლეზე მიყვებოდა ისტორიებს, მაგრამ ცდილობდა არ დავემძიმებინე.

 

ჩაკეტილი იყო სახლში, არსად წასვლის სურვილი არ ჰქონდა. ერთხელ წამოვიდა გადაღებაზე, ისიც  ჩემი ხათრით.

 

როცა ვურეკავდი, სულ პოზიტიურად მხვდებოდა, მისგან „ცუდად ვარ“ არ გამიგია. ეს ალბათ ადამიანის შინაგანი შეგნებაა. მეც მაქვს ეს თვისება – როცა კარგად არ ვარ ვცდილობ სხვაზე არ გადავიტანო.

 

ნინი ბადურაშვილი ბებიებთან ერთად ...

 

ყველას თავისი პრობლემა აქვს და ვცდილობ არ დავამძიმო. იმის მიუხედავად რომ ასე ცუდად იყო, მაინც ოპტიმისტი ადამიანი გახლდათ.

 

ჩემთვის ეს ბოლო ერთი წელი ისე მძიმე აღმოჩნდა, ვერც აღვიქვამ იმ რეალობას, რომელშიც აღმოვჩნდი.

 

ყოველდღე მინდა დავურეკო, მივიდე ამ ორ ადამიანთან და იმდენად წარმოუდგენელია, რომ ეს არ შემიძლია, ვერ ვუშვებ თავში, როგორ შეიძლება ეს ორი სიცოცხლით სავსე ადამიანი გაქრეს ქვეყნიდან და აღარ იყოს.

 

– ცნობილია, რომ ბატონი ერეკლე გარდაცვალებამდე ფილმზე მუშაობდა, რომლის გადაღებაც მისი ოცნება იყო. ახლა რა ეტაპზეა ეს კინოსურათი და როდის შედგება პრემიერა?

 

– დასრულებულია ყველაფერი, მონტაჟზე გაიწელა დრო. იქ თურქები ამონტაჟებენ თავის ვერსიას, ჩვენ ჩვენსას და ერთ ვერსიაზე ვერ შევძელით შეთანხმება.

 

ახლა როგორც კი აღდგება ყველაფერი, ფილმი გადამონტაჟდება.

 

ასევე ველოდებით დათო ევგენიძის მუსიკას, რომელმაც ნახევარი უკვე დაწერა. აპრილში გვქონდა დაგეგმილი პრემიერა, მაგრამ პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა.

 

– როგორი იყო მამასთან გადასაღებ მოედანზე მუშაობა?

 

– ერეკლე ემოციური ადამიანი იყო, ამავე დროს პოზიტიური და სიცოცხლით სავსე. ვფიქრობდი გადასაღებ მოედანზეც ემოციური იქნებოდა.

 

ბავშვობაში ვითამაშე მის ფილმში და არ მახსოვდა როგორი იყო მუშაობის დრპს. აღმოჩნდა,  ერეკლე ყოფილა უმშვიდესი ადამიანი გადასაღებ მოედანზე.

 

კვირის პალიტრა - "ტკბილი ბაბუა მინდა ...

 

შენიშვნა არც მოუცია. პირიქით, მე ვეუბნებოდი, იქნებ რამე უნდა გამოვასწორო-მეთქი. მისი მოთხოვნა იყო, ბუნებრივი ვყოფილიყავი და მეთამაშა საკუთარი თავი, ამიტომ შენიშვნები არ მოუცია.

 

კომფორტული იყო მასთან მუშაობა, ყველა რეჟისორი ცდილობს გამოგწუროს და ეს პირიქით იყო გუნდის ყველა წევრის მიმართ.

 

– საუბრისას აღნიშნე, რომ ახალ სიმღერებზეც მუშაობ, დეტალურად გვიამბეთ, რა სიახლეები გექნებათ პანდემიის დასრულების შემდეგ…

 

– ჩემს ცნობილ სიმღერაზე, რომელიც გაზაფხულზე და ზაფხულზეა, დაგეგმილი მაქვს კლიპის გადაღება, მისი ახლებური ვერსია გავაკეთე ბორიკო შხიანთან ერთად, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა.

 

თუ გვექნება ზაფხული, ეს სიმღერაც გამოვა. სიმღერას „გაზაფხულია“ არ ჰქვია, მაგრამ რადგან ასე იცნობს მსმენელი, ამ სახელით გამოვა ახალი ვერსია.

 

ასევე, ნიკა ნიყვაშვილმა გააკეთა ეკას სიმღერა „უშენოდ“ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. გემოვნებიანი და დახვეწილი ვერსია გამოვიდა.

 

კიდევ ერთ სიმღერას ვწერ, რომელიც აქამდე არავის უმღერია, ეს ბოლო ორი ნამუშევარი შემოდგომაზე გამოვა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +