fbpx
11:35 | 2020-04-21 ავტორი: თამარ გონგაძე

როგორ შეატყობინა სალომე ბაკურაძემ თიკას დედის გარდაცვალების შესახებ

როგორ შეატყობინა სალომე ბაკურაძემ თიკას დედის გარდაცვალების შესახებ

სალომე ბაკურაძე თიკა მახალდიანის ახლო მეგობარია. აღდგომას დედის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ თიკამ მისგან შეიტყო. უფრო კონკრეტულად, როგორ და რა ფორმით შეატყობინა ბაკურაძემ მეგობარს ბრმა ტყვიით მოკლულ დედაზე, “პრაიმტაიმს” სალომე თავად უამბობს.

 

სალომე ბაკურაძე: – თიკას კორპუსიდან ჩემ ქმარს დაურეკეს და უთხრეს, რომ თამუნა დაჭრილია. ვიფიქრე, თიკამ უკვე იცოდა ამის შესახებ და დავურეკე, უნდა მეთქვა, რითი დაგეხმარო-მეთქი. თიკამ ისე მხიარულად აიღო ტელეფონი, მივხვდი, რომ არაფერი იცოდა. დავიბენი და სათქმელი გადავაკეთე, რაღაც მოვბოდე, აღდგომის მოსალოცად გირეკავ, ვაჟაზე ხომ არ ხარ-მეთქი? არაო… მერე ვუთხარი, თემო გვალაპარაკე, აღდგომას მივულოცავთ-მეთქი და ჩემ ქმარს გადავაწოდე ტელეფონი. ლაშამ უთხრა თიკას ქმარს, ასეთი რამ გავიგეთ და გადაამოწმეთ, რა ხდებაო.

 

მერე მთელმა საქართველომ შეიტყო აღდგომას ვაჟაზე დატრიალებული ეს შემზარავი ამბავი…

 

50 წლის თამუნა ანთელავა მოპირდაპირე კორპუსის აივნიდან, პოლიციის თანამშრომლის მიერ ნასროლმა ბრმა ტყვიამ შეიწირა. თიკას დედას ტყვია თავში მოხვდა და ადგილზევე მოკლა.

 

სალომე: – კომენდატის საათი დაიწყო, დავრეკეთ და საშვი ვითხოვეთ, რომ ასეთ სიტუაციაში მოეცათ ჩვენთვის ოჯახში მისვლის ნება. მე თიკას დედის სახლთან ახლოს ვცხოვრობ და ფეხით მივედი. ისეთ მძიმე დღეში იყო თიკა, რომ იმ ღამით გვერდით დგომა სჭირდებოდა, რომ ფიზიკურად გადაგვერჩინა. დილამდე მასთან ვიყავი.

 

დამუნჯებული იჯდა და ერთადერთ ფრაზას ამბობდა – მართლა ხდება ეს? შოკში იყო.

 

იმდენად დაუჯერებელი ამბავია, რეალობის შეცვლის მოლოდინში ვარ ხოლმე, როგორც ფილმშია, რეჟისორი მოულოდნელ გადაწყვეტილებას რომ გვთავაზობს.

 

თამუნა ძალიან ლამაზი, საყვარელი, ახალგაზრდა და განსაკუთრებული ქალი იყო. მახსოვს, ზღვაზე ერთ პერიოდში თუ გვიწევდა წასვლა, ჩვენთან ერთად პლაჟზე გასვლას “ვუკრძალავდით”.

 

ისეთი ლამაზი ფიგურა ჰქონდა, ისეთი ტან-ფეხი, “ვეჩხუბებოდით”, შენ თუ წამოხვალ, ჩვენ უნდა წავიდეთ პლაჟიდანო. ასე ვხუმრობდით…

 

შვილის განსაკუთრებული გულშემატკივარი იყო. მეუბნებოდა, შეაფხიზლე თიკა, გულჩათხრობილი და მშვიდია და შემოქმედებითად გამოაცოცხლე, ენერგიული გახადეო.

 

მართლა ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი, ძალიან…

ავტორი: თამარ გონგაძე


X