fbpx
16:12 | 2020-11-29 ავტორი: Prime Time

როგორ მუშაობს მარნეულში სოფლის ამბულატორიები

როგორ მუშაობს მარნეულში სოფლის ამბულატორიები

ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორ მუშაობს მარნეულში სოფლის ამბულატორიები.

 

ჩვენ მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ეთერ ლაფერაძეს დავუკავშირდით, რომელიც ამბობს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 13 ამბულატორია ფუნქციონირებს.

 

,,ჩვენს მუნიციპალიტეტში, 84 სოფლიდან, 13 ამბულატორიაა და 43 სოფლის ექიმია, მოქალაქეებთან ისინი უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ,“ – გვითხრა ლაფერაძემ.

 

მარნეულში არსებობს ისეთი სოფლები, სადაც ამბულატორია არის და უბნის ექიმი არ ჰყავთ. მაგალითად, სოფელ ქუთლიარში მოსახლეობა თვეზე მეტია სოფლის ექიმის გარეშეა დარჩენილი, ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ითხოვენ, რომ სასწრაფოდ დაუნიშნონ სოფელს ექიმი.

 

,,უბნის ექიმი ერთი თვეა უკვე რაც აღარ გვყავს, იგი გარდაიცვალა, ერთი თვეა გვპირდებიან მალე ახალი ექიმი გეყოლებათო, სოფელში ექიმი ხომ გვჭირდება, ბავშვები გვყავს ოჯახებში, ან ექიმის მიმართვა გვჭირდება, დავიტანჯეთ, ამ რთულ პერიოდში ასე უყურადღებოთ დაგვტოვეს,“ – გვითხრა ქუტლიარის მკვიდრმა.

 

თუ როდის დაინიშნება, სოფელში უბნის ექიმი ამის გასარკვევად ჩვენ, 112-ში დავრეკეთ, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ სოფელს უბნის ექიმი, ნოემბრის ბოლოს უკვე ეყოლებათ.

 

მანამდე კი, სოფლის მოსახლეობა ბედის ანაბარა რჩება და ავადმყოფები ექიმის კონსულტაციას მხოლოდ ქალაქის კლინიკებში მიიღებენ.

 

 

ავტორი:მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time
X