11:16 | 2021-05-29 ავტორი: Prime Time

როგორ მივიღოთ ვაუჩერი ბავშვების კურორტზე დასასვენებლად – ნახეთ, ვის შეუძლია ამ დახმარებით სარგებლობა

როგორ მივიღოთ ვაუჩერი ბავშვების კურორტზე დასასვენებლად – ნახეთ, ვის შეუძლია ამ დახმარებით სარგებლობა

ოჯახებს, რომლებსაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო შშმ ბავშვი ან მოზარდი დასასვენებლად ვერ მიჰყავს, თბილისის მერია 800-ლარიანი ვაუჩერით სასტუმროს მომსახურებას უფინანსებს.

 

თბილისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის საკურორტო მომსახურება ფუნქციონირებს, რომელიც გათვალისწინებულია 3-დან 20 წლამდე შშმ პირებისთვის.

 

აღნიშნული პროგრამის არსსა და სარგებლობის წესებს „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ:

 

რა არის პროგრამის არსი?

 

პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგისტრირებული 3–დან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების ვაუჩერულ დაფინანსებას.

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

 

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებული 3- დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების ვაუჩერულ დაფინანსებას; ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 800 ლარს; დასასვენებლად განსაზღვრულია არანაკლებ 6 დღე-ღამე; პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთი ვაუჩერი გაიცემა; ვაუჩერით მოსარგებლე პირი თავად ირჩევს მომსახურების მიმწოდებელ სასტუმროს და სერვისის პირობებს; ვაუჩერი ძალაშია 2021 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

 

ვინ არიან ქვეპროგრამით მოსარგებლეები?

 

3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ან მოზარდი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ ვაუჩერის მიღების მსურველ ბავშვს ან მოზარდს აღნიშნულ პერიოდში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და ამგვარი შეწყვეტის შედეგად, ის სხვა მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა.

 

როგორ უნდა ჩაერთოს ვაუჩერის მიღების მსურველი პირი ქვეპროგრამაში?

 

ქვეპროგრამით მოსარგებლემ (კანონიერმა წარმომადგენელმა), ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადით უნდა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.

 

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ვაუჩერის მიღების მსურველმა პირმა?

 

1. დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 

2. ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ;

 

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთწლიანი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

როგორ ხდება ვაუჩერის ანაზღაურება და რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს სერვისის მიმწოდებელმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელმაც მომსახურება გაუწია ვაუჩერით მოსარგებლე პირს?

 

1. ვაუჩერის განაღდება სერვისის მიმწოდებელს შეუძლია მომსახურების დასრულებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

 

2. სერვისის მიმწოდებელმა სამსახურს უნდა წარუდგინოს: ა) ვაუჩერი (დედანი) და ვაუჩერით მოსარგებლის დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) სერვისის მიმწოდებლის გაწეული მომსახურების ინვოისი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ბ.ა) სერვისის მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ბ) საბანკო რეკვიზიტები; ბ.გ) მომსახურების გაწევის ადგილის მისამართი; ბ.დ) ვაუჩერით მოსარგებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ.ე) ვაუჩერით მოსარგებლის მიერ საკურორტო მომსახურების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი; ბ.ვ) სერვისის მიწოდებისთვის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების ვაუჩერის ღირებულებას – 800 ლარს. ბ.ზ) სერვისის მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. გ) ინვოისი შედგენილი უნდა იქნეს ვაუჩერით მოსარგებლის მიერ საკურორტო მომსახურების მიღების შემდეგ.

ავტორი: Prime Time

X