20:40 | 2021-07-21 ავტორი: თამარ გონგაძე

როგორ მიულოცა იუბილე ალა პუგაჩოვამ და მიიღო თუ არა მილოცვა პუტინისგან ნანი ბრეგვაძემ – „მთელმა მსოფლიომ შენს ფეხებთან ვარდები უნდა დაყაროს…”

როგორ მიულოცა იუბილე ალა პუგაჩოვამ და მიიღო თუ არა მილოცვა პუტინისგან ნანი ბრეგვაძემ – „მთელმა მსოფლიომ შენს ფეხებთან ვარდები უნდა დაყაროს…”

დღეს ქართული საესტრადო სცენის ლეგენდა – ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა. საიუბილეო კონცერტების სერია კი დღეს წინანდალში გახსნა.

 

“წინანდლის მამულებს” დაუვიწყარი საღამო ელის.

 

პრიმა მომღერალი წინანდალში აგარაკიდან ორი დღის წინ ჩავიდა. ივლისის ცხელ დღეებს წვერში ატარებდა.

 

როგორც გავარკვიეთ, ორგანიზატორების მიერ დაანონსებული საღამოს სიურპრიზი ლიზა ბათიაშვილია, მსოფლიო დონის მევიოლინე, რომელიც დიდ მომღერალს, ორ სიმღერაზე გაუწევს აკომპანირებას.

 

რაც შეეხება ნიკოლოზ რაჭველს, ის ლეგენდის საიუბილეო კონცერტების უცვლელი მონაწილე იქნება.

 

წინანდლის შემდეგ ბათუმში იგეგმება ორი კონცერტი, დასკვნითი საღამო კი, შემოდგომას, დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.

 

ბევრი მილოცვა, წერილი, ვიდეომიმართვა მიიღო იუბილარმა. ისიც ითქვა, თვით ვლადიმერ პუტინისგანაც კი მოუვიდა მილოცვაო.

 

ფაქტის გადასამოწმებლად ეკა მამალაძეს დავეკონტაქტეთ.

 

ეკა მამალაძე: – მე არაფერი ვიცი, ეგ საიდან მოიტანეთ?! ან ვინ თქვა? ჯერ არაფრისთვის არ გვცალია, ვართ რეპეტიციაზე და ამბავში…

 

მსგავსი რამ ცნობილი არც დათო ოქიტაშვილისთვის აღმოჩნდა. დათო და კულტურის პალატა ამ კონცერტის ორგანიზატორი გახლავთ.

 

გაოგნებულია ნანის პროფესიონალიზმით, ამ ასაკში საქმისადმი მიდგომით, თავდადებით…

 

დავით ოქიტაშვილი: – ძალიან კარგ განწყობაზეა, ოღონდ ძალიან ნერვიულობს ორი დღეა. მე მსგავსი არაფერი მინახავს, ორი დღეა როგორ რეპეტიციობს 85 წლის ქალი.

 

ჩვენი მოპოვებული პაპარაცული კადრი რეპეტიციიდან

 

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მისი წარმატება მის პროფესიონალიზმშია. რა საკვირველია, შეიძლება იყო კარგი მომღერალი, მაგრამ არ იყო კარგი ადამიანი. პირველ რიგში ადამიანობა დგას. ნანიმ ეს ყველაფერი შეძლო.

 

მიიღო უამრავი მისალოცი ბარათი და დეპეშა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებისგან. ამერიკიდან ორმა სენატორმა მიულოცა. მიიღო უწმინდესის მილოცვა, კოლეგების…

 

– პუტინმაც მიულოცაო.

 

– ეს ნამდვილად არ ვიცი. არც არის გამორიცხული და თუ მიულოცა, ძალიანაც კარგი. იცოდეს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც გმობენ ოკუპაციას და ერთ-ერთია ნანი. მას უყვარს თავისი სამშობლო. მე ვიცი ნანის განწყობა, ის გმობს ოკუპაციას.

 

მას შეეძლო საქართველო დაეტოვებინა, წასულიყო რუსეთში და კარგად ეცხოვრა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. თუ მიულოცა, ეს მილოცვა, ნანის განწყობას, სამშობლოს სიყვარულთან მიმართებაში, ვერ შეცვლის.

 

ალა პუგაჩოვასგან მიიღო ძალიან თბილი მილოცვა. ეს წერილი ნანიმ არ იცის და სიურპრიზად წავუკითხავთ კონცერტზე. ალა არის ის ადამიანი, რომელმაც ნანისთან ერთად ისტორია შექმნა.

 

2021-07-09"ასე ხდება ცხოვრებაში. გინდა, რომ დაემშვიდობო მსმენელს, უკვე დროც არის..." - რისთვის ემზადება ნანი ბრეგვაძე

 

ალა წერს: მთელმა მსოფლიომ შენს ფეხებთან ვარდები უნდა დაყაროს. ყველა ყვავილი შენ გეკუთვნის იმიტომ, რომ შენ შექმენი ისტორია და ჩვენ გვასწავლე სიმღერა.

 

აი, ასეთი ამაღელვებელი სიტყვებია და მას იმიტომ წავიკითხავთ კონცერტზე, რომ ვიცით ალას განწყობა მისი პრეზიდენტის მიმართ (იცინის). ისიც ჩვენნაირად ფიქრობს.

 

მოლოცვებია გერმანიიდან. თვითონ ნახავს ყველას. მე არ მაქვს უფლება მის კორესპონდენციაში, წერილებში ვიქექო.

 

გეტყვით იმას, რომ ეს იქნება მართლა საუკუნის კონცერტი. ბევრი სტუმარი გვყავს უცხოეთიდან – ესპანეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან…

 

 

აი, როგორ მიულოცა პატრიარქმა იუბილარს დაბადების დღე.

 

“ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეთა შორის ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

 

გამორჩეულია იგი ხმით, მუსიკალურ ჰანგთა სიღრმეების წვდომის ნიჭით, საშემსრულებლო მანერით, გემოვნებით, გულწრფელობით, სიკეთით, ღირსებით…

 

ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა და სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა ეს დიდებული ქალბატონი.

 

დაე, მისი კეთილხმოვანება კვლავაც დიდხანს ატკბობდეს მსმენელს.

 

ღმერთმა დალოცოს იგი და სულიერი სიხარულით აღავსოს.

 

ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი.”

 

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X