19:07 | 2021-05-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორ გაემგზავრა უპატრონო დალმატინელი ბათუმიდან ფლორიდაში – საოცარი ამბავი ძაღლის, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ელოდა 

როგორ გაემგზავრა უპატრონო დალმატინელი ბათუმიდან ფლორიდაში – საოცარი ამბავი ძაღლის, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ელოდა 

დალმატინელის ჯიშის ძაღლი, რომელიც საქართველოში უპატრონო იყო და შიმშილისგან ძვლებად იყო ქცეული, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახმა აიყვანა. ამ ისტორიის შესახებ „ბათუმელები“ წერს.

 

ისააკი – ახლა უკვე ასე ჰქვია ხვად დალმატინელს, რომელიც გასული წლის ზაფხულში სოფლის გზაზე ეძებდა ლუკმას. მის შესახებ ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს აცნობეს – ძაღლი მოგვაშორეთო.

 

ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს კასტრაციისა და ვაქცინაციისთვის. ამის შემდეგ ისევ ქუჩაში აღმოჩნდებოდა, რომ არა ბათუმელი აქტივისტების ძალისხმევა.

 

„ძაღლის სანახავად წავედით მე და ირინა ოვჩარენკო. ისეთი გამხდარი იყო, 13 კილოს იწონიდა. გადავწყვიტეთ წამოგვეყვანა, მიგვეხედა და ისე გაგვეჩუქებინა“, – იხსენებს აქტივისტი თეონა ყურშუბაძე.

 

მალე უპატრონო დალმატინელით დაინტერესდა ბათუმელი, ამჟამად აშშ-ში მცხოვრები ოლგა ბიდიხი. ოლგამ მიმართა შტატებში არსებულ დალმატინელის ჯიშის ძაღლების გადარჩენის ჯგუფს, რომელიც ამ შემთხვევით დაინტერესდა და ძაღლის გადარჩენაში ჩაერთო ორგანიზაციის პრეზიდენტი ფატი დანე. სწორედ მან დაარქვა ძაღლს სახელი – ისააკი.

 

ოლგა ბიდიხმა შეიძინა ბილეთი და ძაღლი შტატებში ჩაიყვანეს.

 

 

აშშ-ში ისააკს დახვდა ფატი დანე, დალმატინელების გადარჩენის ჯგუფის პრეზიდენტი. ძაღლი ფლორიდაში, ქალაქ მაიმიში აიყვანა ოჯახმა, რომელსაც სახლში კიდევ ერთი დალმატინელი, სახელად ლაქი ჰყავთ. 2 დალმატინელის შეხვედრამ კარგად ჩაიარა და ლაქი და ისააკი დღეს უკვე ერთად თამაშობენ.

 

ისააკი არ არის ერთადერთი დალმატინელი, რომელიც თავშესაფარში მოხვდა. ცოტა ხნის წინ ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში მიიყვანეს ყრუ დალმატინელი, რომელზეც პატრონმა უარი თქვა.

 

წყარო: ბათუმლები 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X