fbpx
15:06 | 2020-07-31 ავტორი: თამარ გონგაძე

როგორ ემზადებიან ჯაზფესტივალისთვის ნინო ქათამაძე და სტეფანე

როგორ ემზადებიან ჯაზფესტივალისთვის ნინო ქათამაძე და სტეფანე

წელს შავი ზღვის რიგით მეთოთხმეტე ჯაზფესტივალი უცხოელი შემსრულებლების გარეშე, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. სამდღიან ფესტივალს ნინო ქათამაძე, 21 აგვისტოს, საკუთარ დაბადების დღეზე გახსნის. 22 აგვისტოს, ჯაზფესტივალის სცენას, ლუკა თოფურიას ტრიოს შემდეგ სტეფანე მღებრიშვილი დაიკავებს. მუსიკოსმა სპეციალურად ჯაზფესტივალისთვის განაახლა პროგრამა. 23 აგვისტოს ფესტივალს – Young Georgian Lolitaz და ჯგუფი Moku Moku დახურავენ.

 

სტეფანე: – პანდემიის შემდეგ ეს იქნება ჩემი ნამდვილი სოლო კონცერტი, განახლებული და ჯაზფესტივალისთვის ადაპტირებული. ახლებური არანჟირებით მექნება თითქმის ყველა სიმღერა, “ტანგოს” და იმ სიმღერების გარდა, რომლის გადაკეთების საჭიროებას ვერ ვხედავ. ფანქის, ფუჟენის თუ ჯაზის ელემენტები, ისედაც არის ჩემს სიმღერებში. ეკლეკტური პოპი მაქვს.

 

საათნახევრიანი პროგრამით წარვსდგები მსმენელის წინაშე. ჩემი ბენდის მუსიკოსები ჯაზმენები არიან. თუმცა ჯაზფესტივალზე სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკოსებიც გამოსულან, პოპარტისტები იქნებიან თუ ჰიპ-ჰოპ არტისტები… მიხარია, ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალზე გამოსვლა და ძალიან ვემზადები.

 

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 2020 | TKT.GE

 

ნინო ქათამაძე, პოსტპანდემიის შემდეგ, პირველი ღია კონცერტით “არტ-გენზე” წარსდგა მაყურებლის წინ. უხარია, რომ შავი ზღვის ჯაზფესტივალზე ისევ აქვს მაყურებელთან შეხვედრის საშუალება.

 

ნინო ქათამაძე: – აუცილებლად ვიმღერებ “ალუდას”. სხვას ჯერ ვერ ვასახელებ. ღია სცენა იმით არის საყვარელი, რომ მაყურებელი გადმოძახილით რასაც ითხოვს, ის შეასრულო. “არტ-გენზე” ორ საათიან კონცერტზე ასე იყო. პაუზის შემდეგ ბევრ რამეს შევცვლიდი და ლამაზ დეტალს დავამატებდი რეპერტუარს. ერთადერთი, რასაც არ შევცვლიდი, ეს ჩემი ენერგეტიკაა.

სანამ მე გამოვალ გიორგი მიქაბერიძე დაიკავებს სცენას.

 

ტრადიციად იქცა, თქვენს დაბადების დღეზე, ბათუმში კონცერტის ჩატარება. წელს რა განწყობა გაქვთ?

 

–  მინდა მაქსიმალურად ბედნიერების და მადლიერების განცდით შევხვდე დაბადების დღეს. დაბადების დღის ემოცია, განსხვავებული ემოციაა. სამყაროს თავისი გამოწვევები აქვს ადამიანების მიმართ. არ ვიცი, მსოფლიომ ჩაკეტვა რატომ მოინდომა. ალბათ, სამყარო ძალიან ხმაურობდა. და გაჩერდა ხელოვნურად. იმედია, ეს გაჩერება, კარგის დასაწყისი იქნება.

ავტორი: თამარ გონგაძე
X