16:05 | 2020-05-15 ავტორი: Prime Time

როგორ ემზადება აჭარა პოსტპანდემიური ტურიზმისთვის – თემის დეტალური განხილვა

როგორ ემზადება აჭარა პოსტპანდემიური ტურიზმისთვის – თემის დეტალური განხილვა

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. პანდემიამ კრიზისი გამოიწვია ყველა სფეროში, გაჩერდა ეკონომიკა.

 

ტურიზმის ყველა მიმართულება საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ამ დროისთვის გაჩერებულია.

 

სასტუმროებში, რომლებიც ახლა ჩაკეტილი არ არის, ტურისტების ნაცვლად, Covid–19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი, ან ის პირები ცხოვრობენ, რომლებსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

 

საქართველომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, თანდათან მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

 

ხელისუფლებას აქვს პრეტენზია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყოს, ვინც ყველაზე ადრე იქნება მზად ტურისტების მისაღებად.

 

15 ივნისს ქვეყანა შიდატურიზმს გახსნის, პირველ ივლისს კი საერთაშორისო მოგზაურების მიღებას გეგმავს.

 

როგორ აისახა კორონავირუსი საქართველოს ტურიზმზე, რა ტემპებით აღდგება ტურიზმი, ამ და სხვა საკითხებზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე გვესაუბრება.

 

– მოგეხსენაბათ, ტურიზმი საქართველოში ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

ტურისტული პროდუქტის შექმნაში მრავალი დარგი თანაბრად მონაწილეობს: განთავსების ობიექტები, ტრანსპორტი, კვების ობიექტები, ტურისტული კომპანიები, გიდები, სადაზღვეო კომპანიები და ა.შ. ტურიზმი წარმოადგენს სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, შესაბამისად, ტურიზმის განვითრება კრიზისების დაძლევის პოლიტიკის საკვანძო ელემენტია.

 

ტურიზმი იყო და არის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. ქვეყნის ბიუჯეტში 2019 წელს მხოლოდ ტურიზმიდან გვქონდა 3.3 მილიარდი $ შემოსავალი, მშპ-ში 11.5% წილი სწორედ ტურიზმს ეკუთვნის. კორონა ვირუსის გავრცელების შედეგად, დახურული საზღვრები და ის შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის პრევენციისათვის, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს ტურიზმის სექტორს და მასთან დაკავშირებულ დარგებს.

 

თუმცა, მიუხედავად არსებული რთული სიტუაციისა, საკარანტინო სივრცეების მოწყობამ, რომელსაც აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უწევდა ოპერირებას და რომელიც უპრეცედენტო პროექტია მსოფლიოში,  მოგვცა საშუალება კრიზისის პირობებში დავხმარებოდით, სასტუმროებს, კვების ობიექტებსა და სატრანსპორტო კომპანიებს არ გაჩერებულიყვნენ.

 

(83 სასტუმრო, 2500 დასაქმებული ადამიანი) რა თქმა უნდა აღნიშნულმა საკარანტინო სივრცეებმა ვერ მოიცვა სრული ტურიზმის სექტორი, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ შეიმუშავა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა.

 

– ბატონო მიხეილ, ვირუსის ფონზე არსებულ გამოწვევებზე გვიამბეთ…

 

– უპირველესი გამოწვევა დღეს არის ადამიანების ჯანმრთელობა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ორი თვეა უმკაცრესად ვიცავთ ვირუსის პრევენციისთვის საჭირო სტანდარტებს. საკარანტინო სივრცეები მოემსახურა 17000–ზე მეტ ადამიანს.

 

დაწყებული მგზავრობიდან, კვებისას თუ განთავსებისას ყველა დეტალის გათვალისწინებით დაცული იყო ის ნორმები, რომლებიც დღეს მვკიდრდება ბევრ ქვეყანაში.

 

სწორედ აღნიშნულმა დროულმა ღონისძიებებმა საქართველო აქცია სამაგლითო ქვეყნად კორონა ვირუსთან ბროლაში და სწორედ ეს გამოწვევა გახდება ჩვენთვის შესაძლებლობა, რომლითაც ვიტყვით, რომ საქართველო არის უსაფრთხო მიმართულება. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უსაფრთხო დერეფნების შესახებ.

 

როდესაც საზღვრები გაიხსნება, ხელისუფლების დავალებით, ყველა ქვეყანაში შემოსვლის მსურველი ადამიანი შემოწმდება.

 

ასევე აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება, გაიდლაინების შემუშავება, რაც მაქსიმალურად დააზღვევს ქვეყანას, რომ ტურიზმის გახსნა არ გახდეს ქვეყანაში ვირუსის შემომტანი.

 

პირიქით, ტურიზმის ამოქმედება ქვეყანას კრიზისის დაძლევაში უნდა დაეხმაროს.

 

– რას გვეტყვით ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმაზე?

 

– ერთ-ერთი პირველი სფერო ტურიზმი იყო, რომელზეც უარყოფითად აისახა covid-19- ის პანდემიის პერიოდში გატარებული ღონისძიებები.

 

პანდემიის პირველივე დღიდან ხელისუფლებამ კონსულტაციები და ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო.

 

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, აღნიშნული გეგმა იქნება საფუძველი ტურიზმის ამუშვებისა, რასაც შემდგომი ნაბიჯებიც მოყვება პოსტ კრიზისული გეგმების, სტიმულირების ღონისძიებებისა და საერთაშორისო კამპანიების სახით.

 

მოგეხსენებათ, პირველ ნოემბრამდე გადაუვადდათ ქონებისა და საშემოსავლო გასახადი 6118 ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტს. მცირე სასტუმროებს სახელმწიფო უსუბსიდირებს საბანკო სესხის 6 თვის 80%-ს. ასევე მოლაპარაკბები მიმდინარეობს სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ. დაქირავებით დასაქმებული პირები მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, ხოლო თვითდასაქმებულები 300 ლარს ერთჯრადი სახით.

 

რადგან, მთავარია,  კრიზისმა უმუშევრობის წახალისებას არ შეუწყოს ხელი. ყოველ შენარჩნულებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი სახელმწიფო სუბსიდიებს მიიღებს. განთავსების ობიექტები 2020 წლის ბოლომდე განთავისუფლდებიან ქონების გადასადახისგან, ხოლო საშემოსავლო წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

 

6 თვის განმავლობაში მოხდება მათი სესხების სუბსიდირება. კვების ობიქტების შემთხვევაში ემატება საკრედიტო საგარანტიო სქემით სარგებლობა.

 

ორივე შემთხვევაში UWTO–ს რეკომენდაციების დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა. ტურიზმის ამოქმედების გეგმა შეეხება ტურისტულ კომპანიებსა და გიდებსაც.

 

თუ გადავხედავთ ჩვენი სამიზნე ქვეყნების მაგალითებს, რომლებმაც ასევე შეიმუშავეს მსგავსი თემატიკის ტურიზმის სტიმულირების გეგმები, დამეთანხმებით, ზემოთხსენებული გეგმა საკმაოდ მოცულობითი და ეფექტიანია.

 

– შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რა პროგრამები არ განხორციელდება ტურიზმის მიმართულებით?

 

– სანამ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, ყველა რესურსი მოხმარდება ადგილზე ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას, შესაბამისად, პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა. ამ მიმართულებით ონლაინ რეჟიმში გადავედით. ასევე კარანტინის პერიოდში შეზღუდული იყო საერთაშორისო სარეკლამო კამპანიებიც.

 

– რომელი სახის ტურიზმს თვლით ჩვენი რეგიონისთვის უფრო პერსპექტიულად?

 

– აჭარის შემთხვევაში საჭიროა იმ პროდუქტებისა და სერვისების განვითარება, რომელიც გათვლილია ნაკლებად აქტიურ სეზონზე ვიზიტორების მოსაზიდად. საბაზისო კვლევების დროს სამიზნე ქვეყნებიდან ვიზიტორების მიერ დაფიქსირებული ინტერესთა სფეროების გათვალისწინებით ეს შეიძლება იყოს სამზარეულო, ეგზოტიკური გარემო, ბუნება.

 

მნიშვნელოვანია აქცენტის გადატანა ზღვისპირა ზოლიდან ტურისტულად ნაკლებად განვითარებულ, თუმცა დიდი პოტენციალის მქონე ზემო აჭარაზე.

 

რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს ზღვის ფაქტორისა და უპირატესობის უგულვებელყოფას. პირიქით, პროდუქტების დივერსიფიცირება ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითრებას.

 

აჭარისათვის პერსპექტიულია ეკო ტურიზმის განვითარება, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება ზემო აჭარაში, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის განვითრება, საქმიანი ტურიზმის (MICE ტურიზმის) განვითრება. აჭარამ, როდესაც კრიზისი დაიძლევა, შესაძლებელია პოზიციონირება მოახდინოს როგორც ფესტივალების ადგილმა.

 

სასურველია, მოეწყოს მულტიფუნქციური გასართობი სივრცე. მთავარი მესიჯი არის აჭარა გახდეს 4 სეზონის განმავლობაში მიმზიდველი მიმართულება. ახალი გამოწვევებით მსოფლიოს შესაძლოა დაემატოს მთავარი გზავნილი – აჭარა უსაფრთხო ტურისტული მიმართულება!

 

– რას გვეტყვით სპორტულ ტურიზმზე?

 

– ბოლო წლების განმავლობაში ის დადებითი დინამიკა, რომელიც მიმართულია, როგორც სპორტული პროფესიული და ელიტარული საწვრთნელი ცენტრების, რეკრეაციული სპორტული კურორტების მოწყობისა და ზოგადად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ, გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ აჭარა იქნება მიმზიდველი მიმართულება სპორტული ტურიზმის კუთხით.

 

რაც ხელს შეუწყობს, როგორც მაღალი დონის ზაფხულის და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას, ასევე მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას.

 

გამომდინარე აქედან, აჭარისათვის  სპორტული ტურიზმი დამატებითი შესაძლებლობაა, მიიღოს სპორტული გუნდები, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პერიოდით და მოახდინოს რეგიონიდან ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.

 

– აგრძელებთ თუ არა ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესს?

 

– ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვახდენდით ბაზრების დივერსიფიცირებას და ვცდილობდით ტრადიციული ბაზრების გარდა დაგვეწყო პოზიციონირება ახალ ბაზრებზე, იქ სადაც ჯერ არ გვიცნობენ,  ან ნაკლები იყო ცნობადობა, როგორც ტურისტული მიმართულებისა და საიდანაც არის პოტენციალი ტურისტთა დაინტერესებისა.

 

ეს ქვეყნები გახლდათ ინგლისი, გერმანია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი. ვანხორციელებდით, როგორც გარე რეკლამას, ასევე რეკლამას სატელევიზიო, ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში. აქტიურად ვღებულობდით მონაწილეობას ტურისტულ გამოფენებსა და ფორუმებში.

 

მაგალითად, შარშან მონაწილება მივიღეთ 30 ღონისძიებაში და 40–მდე მედია და ინფო ტურს გავუწეიეთ ორგანიზება.

 

ამ ღონისძიებებმა საგრძნობლად გაზარდა ცნობადობა აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც სტატისტიკაზეც აისახა.

 

როგორც კი აღდგება ავია მიმოსვლა და შევძლებთ უსაფრთხო კორიდორების მოწყობას, იმედი გვაქვს, რომ ვირუსის პრევენციისათვის ყველა სტანდარტის დაცვით, მივიღებთ ტურისტებს, როგორც ევროპიდან, ასვე ქვეყნებიდან, როგორებიც არის ყაზახეთი, უკრაინა და ა.შ.

 

– როგორ ფიქრობთ რა ტემპებით აღდგება ტურიზმი?

 

– ერთი რამ დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, ყველა საჭირო სტანდარტისა და რეკომენდაციის დანერგვისა და საზღვრების გახსნის შემდეგ ბათუმი, აჭარა იქნება პირველი  უსაფრთხო ტურისტული მიმართულება, რომელიც ტურისტებს მიიღებს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე იმ ქვეყნებიდან, სადაც წლების განმავლობაში აქტიურად ვახდენდით ჩვენი რესურსებისა და პოტენციალის პოპულარიზაციას.

 

ჩვენ ამ გამოწვევისათვის მზად ვართ, თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო მდგომარეობაზე, ვირუსის გავრცელების დინამიკასა და საერთაშორისო რეკომენდაციებზე, რომელთაც ჩვენ აქტიურად ვითვალისწინებთ. მოგეხსენებათ, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმისათვის, ხოლო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმისათვის იხსნება საქართველო.

 

მანამდე კი იმ შედეგისთვის, ვირუსთან ბრძოლაში, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, სამართალდამცავებსა და საკარანტინო სივრცეების თანამშრომლებს.

 

ასევე იმ ადამიანებს, ვინც 24 საათის განმავლობაში ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ და რომელთა წარმატებული საქმიანობით იმედი გაგვიჩნდა, რომ მცირე ტემპებით, თუმცა უკვე წელს, კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთად შევძლებთ ავამუშაოთ ტურიზმი!

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +