18:28 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

როგორ დატოვა საპატიმრო მინდია გოგოჭურმა, რომელსაც 11 წლამდე პატიმრობა ელოდა

როგორ დატოვა საპატიმრო მინდია გოგოჭურმა, რომელსაც 11 წლამდე პატიმრობა ელოდა

ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური კვლავ თავისუფალია. ის 2018 წლის დეკემბერში ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს და ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება წარუდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, რამდენიმე თვის წინ გოგოჭურმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მინდია გოგოჭურს კანონით დადგენილი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა და ვინაიდან ამ ვადაში ვერ დასრულდა სასამართლო განხილვა, მინდია გოგოჭური განაჩენს ციხის გარეთ დაელოდება.

 

„ჩვენ ველოდებით გამამართლებელ განაჩენს, ვინაიდან იარაღზე, რომელსაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, მისი დნმ საერთოდ არ აღმოჩნდა“, – ამბობს ირმა ჭკადუა.

 

გოგოჭურის დაკავებას წინ უძღოდა სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება. მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც სავარაუდოდ მინდია გოგოჭური ფიგურირებს, რომელიც სროლის დაწყებამდე კაფე „სტრადაში“ კიდევ ორ პირს ესაუბრება.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მინდია გოგოჭურის თანმხლები პირები მისი მეგობრები არიან, მათ შორის ახალგაზრდა გოგო ს.ჯ, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების დროს კარისკენ გარბის.

 

Gepostet von ახალი ამბები am Samstag, 8. Dezember 2018

 

ფაქტი კაფე „სტრადასთან“ დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს. კადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრიან ერთმანეთის მიმართ „სტრადაში“ ახლაგაზრდა მამაკაცები. სროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ტყვია თავად მინდია გოგოჭურსაც მოხვდა, რომელსაც ბრონირებული ჟილეტი ეცვა, რაც სავარაუდოდ, იმაზე მეტყველებს, რომ თავდასხმა ექს-პრეზიდენტის სიძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

 

გამოძიების ინფორმაციით, მინდია გოგოჭური, ამაშუკელის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში იფარებდა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ პირს გ.რ.-ს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გოგოჭური და ბინაში მასთან ერთად მყოფი პირი შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რის გამოც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს. ჩხრეკისას, სხვა მართლსაწინააღმდეგო ნივთებთან ერთად ამოღებულია ბრონირებული ჟილეტებიც.

 

მინდია გოგოჭურია ამ დრომდეც არაერთხელ იყო დაკავებული და ყველა ჯერზე გათავისუფლებული. პირველად კრიმინალურ სკანდალში 2006 წელს გაეხვია. მაშინ გოგოჭური ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო.

 

ცხრა ძმის ქუჩაზე 23 წლის გიორგი ხელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ხელაშვილს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარეს და, საბედნიეროდ, გადარჩა. იმავე დღეს საპატრულო პოლიციამ ეჭვმიტანილის სახით დააკავა მინდია გოგოჭური, რომელიც არსებული დაზიანებებით იმავე საავადმყოფოს რენტგენოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებოდა. მკურნალობის გასაგრძელებლად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ის #1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორ დღეში, რა დროსაც მინდია გოგოჭური საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მეთვალყურეობის გარეშე გაუშვეს საპირფარეშოში, ის საავადმყოფოდან გაიპარა.  ბრალდებულის გაქცევის ფაქტზე გამოძიება ცალკე, სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლით, დაიწყო, რაც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიუხედავად, მაშინ გოგოჭურის ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა.

 

ვინ არის მინდია გოგოჭური – ნახეთ დეტალები

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X