16:56 | 2020-05-21 ავტორი: Prime Time

როგორ ამოვიცნოთ ფარული რუსეთუმე – ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ

როგორ ამოვიცნოთ ფარული რუსეთუმე – ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ

სოციალურ ქსელებსა და ჩვენს ირგვლივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხდება უამრავი ინფორმაცია, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს საზოგადოების ინფორმირებისკენ არის მიმართული, თუმცა რეალურად მათ პრორუსული მესიჯებით კვებავს.

 

ხშირად ეს შეფარულად, ყალბი, მოგონილი ფაქტების ტირაჟირებითა და კონსპირაციული თეორიებით ხდება.

 

მაგალითად, „ფეისბუქში“ შეიძლება უამრავი ნახვა და გაზიარება ჰქონდეს პოსტს იმის შესახებ, რომ თითქოს დასავლეთთან ინტეგრირებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას საფრთხე ემუქრება. ამის „გასამყარებლად“ კი მოყვანილი იყოს ფეიკ-ნიუსი ევროპაში ინცენსტის დაკანონების შესახებ.

 

როგორ უნდა ამოვიცნოთ ფარული რუსეთუმე? – ამ საქმის პროფესიონალები გვირჩევენ, რომ ყურადღება მივაქციოთ, ვინ ტირაჟირებს ინფორმაციას – იქნებ ის რუსული პროპაგანდის აღიარებული აქტორია? კარგად გადავამოწმოთ ფაქტები, სანამ საკუთარ გვერდზე გავაზიარებთ…

 

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე „პრაიმტაიმთან“ იმ ძირითად მიგნებებზე საუბრობს, რომელიც მისმა ორგანიზაციამ მონიტორიგნის დროს გამოავლინა.

 

ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენდა უნებურად არ აღმოჩნდეთ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი.

 

მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ ...

 

„ღიად პრორუსული გზავნილები საქართველოში ნაკლებად იკიდებს ფეხს, მათ შორის ღიად ანტიდასავლური გზავნილებიც ნაკლებ პოპულარულია. როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით სხვადასხვა ფეისბუქ-გვერდებს, რომლებიც ღირებულებებზე აპელირებით ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, დავინახეთ, რომ ღიად ანტისავლური გზავნილები ნაკლები ინტერაქციით ხასიათდებოდა, ვიდრე სხვა სახის გზავნილები.

 

სწორედ ამიტომ რუსული პროპაგანდის აქტორებმა ჩათვალეს, რომ მათი გზავნილები შეინიღბოს და წარმოჩინდეს არა, როგორც პირდაპირ პრორუსული, არამედ „პროქართული“ გზავნილები. ამ ტაქტიკას ნამდვილად ხშირად იყენებენ.

 

ამის ერთ-ერთი მგალითია მსჯელობა – „არც რუსეთი, არც დასავლეთი“, ანუ პროქართულობის იდეით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ტოლობის ნიშნის დასმით რეალურად ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ.

 

მონიტორინგის დროს არაერთხელ გვხდებოდა ასეთი გზავნილიც: „რუსეთი კი ოკუპანტია, მაგრამ თურქეთიც ოკუპანტია, მას ისტორიული ქართული მიწები აქვს მიტაცებული“.

 

ანუ ამ ადამიანების მცდელობა არის ტოლობის ნიშნის დასმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებსა და ოსმალეთის იმპერიის ქმედებებს შორის.

 

ასეთი სენსიტიური საკითხებით ხდება მანიპულირება. ეს მაშინ, როცა დღეს თურქეთს საქრთველოსთან მჭიდრო პარტნიორობა აქვს და ის არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის. ანუ თითქოს ხდება დღეს არსებული ვითარების ნიველირება, ისტორიული კონექსტით მისი გადაფარვის მცდელობა.

 

იგივე შეიძლება ითქვას გზავნილზე – „რუსეთი კი სწორედ არ იქცევა, მაგრამ ამერიკასაც მხოლოდ თავისი ინტერესები ამოძრავებს“. ესეც საკმაოდ პოპულარული გზავნილია, რომელიც შეფარულად სწორედ რუსული პროპაგანდის ნაწილია.

 

ასეთი დამოკიდებულებით ცდილობენ ხალხში ჩანერგონ აზრი, რომ არც რუსეთი გვინდა, არც დასავლეთი. თითქოს რაიმე სხვა ალტერნატივა არსებობდეს“.

 

 

უმცირესობების საკითხი, როგორც რუსული პროპაგანდის მთავარი თემა

 

 

„საინტერესო მსჯელობის საგანია, როგორ უნდა ამოიცნოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ პრორუსული გზავნილები?

 

ბევრი ის საკითხი, რომლის კულტივირებას რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა ცდილობს, ეხმიანება საზოგადოების განსხვავებულ ღირებულებებს.

 

რუსული პროპაგანდაც სწორედ იმას ცდილობს, რომ მაქსიმლურად გამოიყენოს ეს განსხვავებები.

 

საზოგადოების გახლეჩვის და დაპირისპირების გასარღმავებლად აქტიურად იყენებენ უმცირესობების საკითხს, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სექსუალური უმცირესობები.

 

ერთ-ერთი ინდიკატორი, რითიც უნდა ამოვიცნოთ პრორუსული გზავნილები, არის სწორედ ამ საკითხების აგრესიული ფორმით წარმოჩენა, გავრცელება და საზოგადოებაში ვნებათაღელვის შეტანის მცდელობა“.

 

 

ინფორმაციის მანიპულაცია

 

 

„ხშირია ინფორმაციის მანიპულაციები. როგორც იცით, ჩვენ გვქონდა კვლევა news front-ის ქსელის შესახებ, რომელიც პირდაპირ ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებდა.

 

მათი მცდლეობაც ასევე იყო საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება. რუსული გზავნილების გარდა, ეს ქსელი ფეისბუქის სახელისუფლებო ჯგუფებში ოპოზიციის წინააღმდეგ ავრცელებდა მასალებს და პირიქით, ოპოზიციურ ჯგუფებში ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ მათი მიზანი იყო პოლარიზების და ანტაგონიზმის გაზრდა.

 

ფონდები და ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში რუსულ პროპაგანდას აფინანსებენ
2020-05-18ფონდები და ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში რუსულ პროპაგანდას აფინანსებენ

 

ამიტამ აუცილებელია ნებისმიერი ასეთი ინფორმაციის გადამოწმება და კრიტიკული ანალიზი. ეს საკმაოდ რთულია, არამხოლოდ ჩვენთან არამედ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და ევროპაშიც.

 

პრორუსული აქტორების მიზანია გამოიწვიონ საზოგადოების დეზორგანიზება და დანერგონ არარსებული შიშები, ამისთვის იყენებენ ე.წ. 5G-ს თემას, ვაქცინის თემას და ბევრ სხვა კონსპირაციულ თეორიას.

 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია განათლების ამაღლება და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება. მაგალითად ფინეთი სკოლის ასაკიდან უკვე ასწავლის ბავშვებს ყალბი ამბების გამოცნობას და საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ ამ მიმართულებით. ამ საკითხზე ალბათ საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა იფიქროს“.

 

 

„ზნეობრივი რუსეთი“

 

 

რუსული პროპაგანდა ხშირად იყენებს ეკლესიის თემას საზოგადოებაში დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გასარღმავებლად. თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ თავად ეკლესიის წიაღშიც ბევრია ისეთი, ვინც პირდაპირ ქადაგებს რუსულ დეიზინფორმაციას.

 

George Tiginashvili-ს ფოტო.

 

„რუსული პროპაგანდის იდეოლოგებისთვის ეკლესია მხოლოდ კრემლის იმპერიალისტური, კოლონიალისტური და ექსპანსიური პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობი ინსტრუმენტია, რბილი ძალის გამტარი ორგანო და ხელსაყრელი პლაცდარმი ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ!

 

არცერთ მათგანს ქრისტიანული სათნოებები, სულიერი და მისტიკური ღირებულებები, ეროვნული უსაფრთხოება, სოციალური თანასწორობა, პროგრესი და ხელმისაწვდომი განათლება არ აინტერესებს, მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოოდენ ნაციონალურ სიმბოლიკებში შენიღბული საბჭოთა ნოსტალგია, ველიკოძერჟავული ნარატივი და დასავლეთის დემონიზაცია – “ზნეობრივი რუსეთის” ეგიდით!

 

ძალმომრეობითი პათოსით გამოდიან ზნეობის, კაცობისა თუ მორალის ეგიდით და ხშირად წერენ სხვადასხვა სახის ფსევდოფილოსოფიურ სენტენციებს, აპოკალიპტურ „ტრაქტატებსა“ და დამრიგებლურ აფორიზმებს.

 

ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი რეზიდენტი და ემისარი ინიღბება პატრიოტიზმით, მორალით, უანგარობით, ტრადიციონალისტობითა და მამულიშვილობით, სინამდვილეში უმეტესობა მათგანი ჩვეულებრივი ფანატიკოსი, რეტროგრადი, ექსტრემისტია.

 

როგორც ჯავაჰარლალ ნერუ იტყოდა: “საზოგადოებისათვის არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მტერი, ვიდრე კოლაბორაციონისტების მიერ აღზრდილი ინტელიგენცია”.

 

 

საბჭოთა დოვლათის ნოსტალგია

 

 

„რუსეთუმეებს ხშირად მოჰყავთ “საბჭოთა დოვლათისა” და მაშინდელი სოციალური სტატისტიკის მაჩვენებლები. ამასაც, უმეტესად მიზანმიმართულად აკეთებენ, რათა ლიბერალ-დემოკრატიულ მმართველობას, სუვერენიტეტისა და თავისუფლების იდეას დაარტყან და რეგრესად წარმოაჩინონ.

 

ამდენად, დღეს, სახემწიფოებრივი განვითარებისთვის ყველაზე საშიშ ძალას მენტალური ლენინისტები, ცნობიერებით სტალინისტები და იდეოლოგიით ფსევდოკონსერვატორები წარმოადგენენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ “უკეთესია იყო კმაყოფილი მატერიალურად და მშვიდად იცხოვრო იმპერიის მფარველობის პირობებში, ვიდრე დამოუკიდებელი იყო და აჰა გაღარიბდე”.

 

 

ფოტო: washingtonpost

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X