18:46 | 2021-05-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

როგორ აღნიშნეს სხვადასხვა ქვეყნებში აღდგომის დღესასწაული

როგორ აღნიშნეს სხვადასხვა ქვეყნებში აღდგომის დღესასწაული

ქრისტიანთა უმთავრესი რელიგიური დღესასწაული აღდგომაა. ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ამ სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა! — ჭეშმარიტად აღსდგა!“

 

ამ დღეს საქართველოში, ყველა ქრისტიანის ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება. წითელი კვერცხი და ტკბილეული სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. მომდევნო დღეს, ორშაბათს კი საფლავზე გავდივართ და მიცვალებულებს მოვიხსენიებთ.

 

საინტერესოა როგორ აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნებში ამ დღესასწაულს?! კითხვაზე პასუხს სწორედ ამ სტატიიდან შეიტყობთ.

 

ამერიკული აღდგომა ანუ EASTERS

 

ამერიკელებმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში მისვლით აღნიშნეს. სააღდგომო მსახურებას დაესწრნენ და შინ დაბრუნებულები, სადღესასწაულო სუფრას მიუსხდნენ.

 

 

 

ტრადიციულად მათ სუფრაზე ახლაც იყო ტრადიციული კერძი, რომელიც ღორის ხორცით, შემწვარი კარტოფილით და ბოსტნეულით მზადდება. პატარებმა „სააღდგომო კურდღლისგან“ (კურდღელი ლუთერანული, კათოლიკური, ბაპტისტური, ანგლიკანური და პროტესტანტული სამყაროს სააღდგომო ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი დეკორაციაა. მისი როგორც სააღდგომო დეკორატიულ სიმბოლოდ გამოყენება მე-16 საუკუნეში გერმანიაში იღებს სათავეს. იმ პერიოდში, გერმანელებს სჯეროდათ, რომ აღდგომის ღამეს ბავშვებისთვის საჩუქრად ფერადი კვერცხები კალათით კეთილ, ჯადოსნურ თეთრ კურდღელს მიჰქონდა) მიიღეს საჩუქრები.

 

ავსტრალიური აღდგომა

 

 

ავსტრალიაში უკვე ტრადიციად არის ქცეული აღდგომის დღესასწაულზე შოკოლადის და შაქრის კვერცხების დამზადება. რაც შეეხება სააღდგომო სუფრას, აუცილებლად წვავენ ცხვრის, ღორის ან ქათმის ხორცს. საუკუნოვანი ტრადიცია არც წელს დაურღვევიათ. ავსტრალიელების სააღდგომო სუფრაზე უხვად იყო  დესერტი, ხილით გაფორმებული ბეზეს ტორტი და ტკბილი ფუნთუშები.

 

აღდგომა ბულგარეთში

 

 

ბულგარეთში „ველიქდენი“ – ანუ აღდგომა ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური დღესასწაულია. როგორც ყოველთვის, ამ დღისთვის წელსაც განსაკუთრებულად მოემზადნენ. დიდ ხუთშაბათს ყველა ოჯახმა სახლში კვერცხები შეღება.

 

აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ხელში ანთებული სანთლებით და სახლიდან წამოღებული წითელი კვერცხებით შეხვდნენ. ტაძრის ეზოში ერთმანეთს შეღებილი კვერცხები აჩუქეს.

 

მათ სადღესასწაულო სუფრაზე ტრადიციულად იყო ცხვრის ხორცისგან მომზადებული კერძი.

 

გერმანული აღდგომა

 

 

გერმანელები აღდგომას ორი დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ: ორივე დღე საყოველთაო დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

 

ბევრმა გერმანელმა მიირთვა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული, თევზის კერძი.

 

აღდგომის სიმბოლო აქაც სააღდგომო კურდღელია, რომელიც ხალხური თქმულების მიხედვით, სააღდგომო კვერცხები მოაქვს, რადგან მიიჩნევა, რომ ამ კვერცხების მოტანა ჩვეულებრივ ქათმებს არ შეუძლიათ. ტრადიცია არც წელს დარღვეულა და წელსაც მოუტანა პატარებს ფერადი კვერცხები.

 

იტალიური აღდგომა

 

იტალიელებმა სააღდგომოდ ტრადიციული კულიჩი გამოაცხვეს. ქიშმიშით და ცუკატებით მორთული პანეტონი ოჯახის წევრებმა დააგემოვნეს და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს ახლობლებს.

 

იტალიელებმა არც წელს დატოვეს მოხუცი მშობლები მარტო და ეს დღესასწაული ერთად აღნიშნეს…

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X