fbpx
20:49 | 2020-05-15 ავტორი: Prime Time

რისთვის იხდიდნენ სასჯელს ოქრუაშვილი და უგულავა?! – „დანაშაულთა ქრონიკა“

რისთვის იხდიდნენ სასჯელს ოქრუაშვილი და უგულავა?! – „დანაშაულთა ქრონიკა“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტახნის წინ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

 

ნახეთ დეტალურად საქმეები, რისთვისაც ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა სასჯელს იხდიდა.

ირაკლი ოქრუაშვილი                                      20-21 ივნისის მოვლენები

 

შსს-მ 2019 წლის 25 ივლისს პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი და ყოფილი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა.

 

გამოძიება ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს ირაკლი ოქრუაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას

– აცხადებდა ცენტრალური კრიმპოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი მამუკა ჭელიძე

 

შსს-მ აქციაზე ოქრუაშვილის ქმედებების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

 

 

20-21 ივნისის აქციაზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პარლამენტის წევრი ნიკა მელიაც დააკავეს. მელიას თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და ხელზე სამაჯური დაუმაგრეს. პარლამენტის დეპუტატის მანდატი კი ხმათა უმრავლესობით ჩამოართვეს.

 

ნიკა მელია
ნიკა მელია

 

ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებამდე გამოირჩეოდა ანტისახელისუფლებო განცხადებებით.

 

ასევე, აკრიტიკებდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

 

ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში ტელეკომპანიის რეალური მფლობელი არასდროს ყოფილა.

 

2020 წლის 13 აპრილს, ოქრუაშვილს საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

ოპოზიციის ლიდერი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ბრალდებაში გამართლდა, თუმცა მას გამამტყუნებელი განაჩენი ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამოუტანეს.

 

ოქრუაშვილის განაჩენს საერთაშორისო გამოხმაურებებიც მოჰყვა.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

 

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე

 

მანამ სანამ, 20-21 ივნისის საქმეზე ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, სასამართლომ მას დამატებით 2004 წელს მომხდარი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

რობაქიძის საქმეში ოქრუაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან…

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

 

გურამ დონაძე 15 აპრილს გაათავისუფლეს.

გამოძიებასთან თანამშრომლობა გადავწყვიტე, წარდგენილი ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი, ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ვცანი უდაოდ

– გურამ დონაძე

 

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, 2018 წლის 18 დეკემბერს მოსამართლემ გურამ დონაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სხვა ოთხ პირთან ერთად (ზურა მიქაძე, დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა) დამნაშავედ ცნო.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს წერეთლის გამზირზე, საპატრულო პოლიციამ მეგობრებთან ერთად დააკავა. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

 

გიგი უგულავა  ფულის გაფლანგვის საქმე

 

გიგი უგულავას მორიგი დაპატიმრება დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი გახდა.

 

ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტა და განაცხადა, რომ საქმე გვაქვს პოლიტკური ნიშნით დაპატიმრებასთან, ვინაიდან თბილისის ყოფილი მერი ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს.

 

სახელისუფლებო გუნდი კი ირწმუნება, რომ ეს არ გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და არც ორჯერ გასამართლებას ჰქონია ადგილი.

 

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 50 მილიონამდე ლარის მითვისება-გაფლანგვას, რომელზეც პირველი და მეორე ინსტანციების მიერ გამოტანილი განაჩენი, შეცვალა ბოლო ინსტანციამ.

 

რეალურად რას ედავებოდა გამოძიება გიგი უგულავას, რომელიც ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს და რა საქმეზე გაასამართლა ამჯერად უზენაესმა სასამართლომ?

 

პირველად გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. საქმე ეხებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. ამ საქმეზე უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

ლეგალიზაციის საქმის პარალელურად სასამართლოში მიმდინარეობდა კიდევ ერთი საქმის არსებითი განხილვა, რომელიც ცნობილია ე.წ. „თბილსერვისის“ საქმის სახელით.

 

პროკურატურის მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში დასაქმებული აქტივისტებისათვის გასამრჯელოს მისაცემად, თბილისის მერის – გიგი უგულავას დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფში“ ფორმალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 514 საშტატო ერთეულით.

 

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ 2010-2011 წლებში, ხსენებულ განყოფილებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე ხელფასის სახით გაიცა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 196 756 ლარი, რითაც გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები.

 

სწორედ აღნიშნულ საქმეზე, უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა 1 წელი, 3 თვე და 22 დღე.

 

მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ საქმეზე უგულავამ სასამართლო პროცესზე ირიბად აღიარა დანაშაული. ამის დასტურად კი მოჰყავთ გიგი უგულავას სიტყვები ↓

 

თუ ხალხის დასაქმება იყო დანაშაული, მაშინ მე ვარ დამნაშავე

 

„თბილსერვისის საქმის“ პარალელურად, ის ასევე გამტყუნდა კიდევ ერთი ბრალდების საქმეში, რომელსაც ვიცნობთ ე.წ. „ფონდების საქმით“.

 

ამ საქმის მიხედვით, ბიუჯეტიდან 48 მილიონი გაიფლანგა. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, აიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდ დაფინანსდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია, პარტიის ლიდერების შეხვერდები მხარდამჭერებთან და გადახდილი იქნა პარტიულ აქტივის ხელფასები.

 

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ გაწეულ ხარჯს შეხება არ ჰქონდა ფონდის საქმიანობასთან.

 

თბილსერვისის საქმეზე უკვე პატიმრობაში მყოფ უგულავას ორი ინსტანციის სასამართლომ ფონდების საქმეზე გაფლანგვის მძიმე მუხლი მოუხსნა და ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მსუბუქი სამოხელეო დანაშაულის ჩადენაში.

 

მუხლის გადაკვალიფიცირებას პროკურატურა არ დაეთანხმა და 48 მილიონის გაფლანგვის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

 

სწორედ აღნიშნულ საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ კვლავ შეცვალა კვალიფიკაცია და გიგი უგულავას დაუდგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და მას სასჯელის სახით მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ამინისტიისა და ამასთან, უგულავას მიერ მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, საბოლოოდ მას ე.წ. ფონდების საქმეზე დამატებით მიესაჯა 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ფაქტი არის ერთი, რომ გზა რომელიც აირჩია ოპოზიციამ აშინებს ივანიშვილს. ერთობა, რომელიც აქ სუფევს არის გამარჯვების წინაპირობა.

 

თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ მეორეჯერ წავიდე ციხეში, უფრო სწორად მესამეჯერ

 

– განაცხადა გიგი უგულავამ დაკავებისას

 

 

უგულავას დაპატიმრებას საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება მოჰყვა ↓↓↓

 

იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შემაშფოთებელია, რბილი შეფასება იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება, არ არის დემოკრატია

– აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი

 

სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები არ ყოფილა სათანადოდ პასუხგაცემული და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას

– ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X