fbpx
20:33 | 2020-11-22 ავტორი: Prime Time

რიგგარეშე არჩევნების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე – პროფესორ ლადო პაპავას პროგნოზი და რჩევები ოპოზიციას

რიგგარეშე არჩევნების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე – პროფესორ ლადო პაპავას პროგნოზი და რჩევები ოპოზიციას

დღეს საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე წმინდა ეკონომიკურად ნიშნავს, რომ ტურბულენტურობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ გაგრძელდება, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „პრაიმტაიმთან” ისაუბრა.

 

ლადო პაპავა ამბობს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში არჩევნები ეკონომიკური აქტიურობის შემცირებას იწვევს და ამ დროს, უცხოელი ინვესტორები ქვეყნით ნაკლებად ინტერესდებიან. ამიტომ, პანდემიის დროს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს და ქვეყანაში სუსტი ეკონომიკური მდგრადობა კვლავ დაირღვევა.

 

„ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლა, რა თქმა უნდა, აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, არჩევნები ხარჯიანია, მაგრამ არჩევნები აგრეთვე არის პოლიტიკური დაძაბულობა, როდესაც კონსტიტუციურად არის განსაზღვრული არჩევნების ვადა, იმ დროს როგორც წესი ეკონომიკური აქტიურობა შემცირებულია და ქვეყნით უცხოელი ინვესტორები ნაკლებად ინტერესდებიან, რადგან ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში დიდი არის ალბათობა, რომ არჩევნებს მოჰყვეს სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები. ამიტომ, დღეს საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე წმინდა ეკონომიკურად ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ტურბულენტურობა კიდევ გაგრძელდება, თანაც, როდესაც ქვეყანაში არის კორონავირუსის ეპიდემია, გლობალურად არის პანდემია და ამ პირობებში ეკონომიკური სუსტი მდგრადობა კვლავ იქნება დარღვეული”, – განაცხადა ლადო პაპავამ.

 

„პრაიმტაიმი” პროფესორ, პროფესორ ლადო პაპავას ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტსა და პოლიტიკურ კრიზისზეც ესაუბრა.

 

პროფესორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ ამომრჩეველთა და დასავლელი პარტნიორების პოზიცია და პარლამენტში უნდა შევიდნენ.

 

ლადო პაპავას თქმით, ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობისგან უნდა გათავისუფლდეს.

 

„ოპოზიციაში არამიშისტური ფლანგიც არის, უნდა ეყოთ გონიერება, რომ მიშა სააკაშვილის თამაშს აღარ თამაშობდნენ. პარლამენტში რომ არ შედიან ესეც აისახება ქვეყნის არასტაბილურობაზე, როგორც პოლიტიკურზე, ისე ეკონომიკურზე. იმ მიზნების მისაღწევად, რაც მათ უნდათ ძალიან კარგი მექანიზმია თვითონ პარლამენტის ტრიბუნა, ამის არ გამოყენება პოლიტიკური პარტიების მიერ გაუგებარია ყველასთვის, როგორც პარტიის მხარდამჭერებისთვის, ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. ყველა ურჩევს ოპოზიციას, რომ შევიდეს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის არამიშისტური ფლანგი მიხვდება ამას და პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნას დაანებებს თავს.

 

ოპოზიციაში არიან ისეთი პარტიები, როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩატარებულიყო ამაზე მეტ ხმას მაინც ვერ მიიღებდნენ.  მაგათ რა აქვთ საპროტესტო მე ვერ ვხვდები”, – განაცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ „პრაიმტაიმთან” საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს  უცხადებს.

 

ოპოზიცია ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვს.

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X