17:31 | 2020-08-21 ავტორი: თამარ გონგაძე

„რეჟისორი ყოველდღე მირეკავს, ხომ ცოცხალი ვარ, მამოწმებს“ – 91 წლის თამარ სხირტლაძე ახალ როლზე რეპეტიციებს გადის

„რეჟისორი ყოველდღე მირეკავს, ხომ ცოცხალი ვარ, მამოწმებს“ – 91 წლის თამარ სხირტლაძე ახალ როლზე რეპეტიციებს გადის

თამარ სხირტლაძის სახლში რეპეტიები მიმდინარეობს. ახალბედა რეჟისორი, დათო ჭახრაკია ნამდვილ ამბებზე დაფუძნებულ გერმანულ პიესას დგამს. 91 წლის მსახიობი ებრაელი პროფესორის როლს ძერწავს.

 

თამარ სხირტლაძე: – თეატრში არ შეგვიშვეს, ასე ჰაერში ვართ გამოკიდებული. ბიჭები რეპეტიციაზე ჩემთან მოდიან. სხვა გზა არ გვაქვს. სპექტაკლი სექტემბერში უნდა გამოვიდეს, მერიის მიერაა დაფინანსებული და რეჟისორი განიცდის, რომ ვადებში ვერ ჩაეტიოს.

 

რა შენი ბრალია, ქვეყანა იქცევა-მეთქი, ვამშვიდებ. ასე გულს ვაყოლებ რეპეტიციას. არ ვჩერდებით, რთული პიესაა, ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული.

 

სცენა მომენატრა… 70 წელი გავატარე სცენაზე. ტყუილად არასდროს ვყოფილვარ. ამ პერიოდში ტყუილად ყოფნის გამო დავთანხმდი რეჟისორს სპექტაკლის თამაშზე. ისიც ძალიან მონდომებულია და უნდა, რომ ეს როლი მე ვითამაშო. არადა, ვეუბნები, ხომ შეიძლება ამ შუა გზაში მოვკდე, რას შვები მერე, შვილო-მეთქი? ერთხელ ვუთხარი? რას ამბობთ, აღარ დავდგამო. დარწმუნებულია, რომ უნდა ვიცოცხლო და უნდა ვითამაშო. ყოველდღე მირეკავს, როგორა ხართ, როგორა ხართო? ხომ ცოცხალი ვარ, მამოწმებს…

 

2020-05-14"თუ არ მიღალატა ან ტვინმა, ან გულმა და მეღირსა პრემიერის თამაში, მობრძანდით" - 91 წლის თამარ სხირტლაძე ახალ როლზე მუშაობს

 

ჩემს გმირს ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. არავის ელაპარაკება, არც მას ელაპარაკებიან. სპექტაკლი ასე იწყება, მდივანი ურეკავს და მოიკითხავს. და ჩემი გმირის პირველი სიტყვები: – “გმადლობთ, რომ დამირეკე”. როგორ ხარო, მდივანი ეკითხება. “ჯერჯერობით ცოცხალი ვარ…” – აი, ამ სპექტაკლში ჩემი პირველი სიტყვები. ხომ არის პარალელი ჩემს ცხოვრებასა და ამ პიესას შორის?

 

სხვა რა გითხრათ… წელს ზაფხული ვერ შევიგძენი. ახლა ჟილეტი მაცვია. ზურგზე მცივა. არ გაგეცინოთ! თქვენც გახდებით ჩემი ხნის. აივანზე ხშირად გავდივარ-გამოვდივარ და მეშინია გაციების და ფილტვების ანთების. სუსტი ფილტვები მაქვს.

 

70 წელი სიგარეტს ვეწეოდი. მერე კი დავანებე თავი მოწევას, მაგრამ მედიკო ჩახავასთან ერთად რომ ვთამაშობდი სპექტაკლს, სიგარეტის სცენა იყო. ამ სცენის ამოღება შეუძლებელი იყო. დიდ ნაფაზს არტყამდა ჩემი გმირი. სიგარეტს პირში როგორ ჩავიდებო, ამბობს და მერე აბოლებს. ეს გაბოლება უნდა ყოფილიყო “ღირებული”. რეპეტიციების დროს მიჩვეულს, ცოტ-ცოტა გაბოლება, ხანდახან მინდება, ხოლმე რა… ვეპარები. ჩემი შვილიშვილები რომ მოვლენ, დაგიტოვოო, მკითხავენ სიგარეტზე. ორი ღერი-მეთქი, ვეუბნები. და ასე სხვის ხარჯზე გავდივარ იოლად.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X