12:31 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

Reuters: პუტინის გარემოცვის კლინიკაში რუს „მწვანე კაცუნებს“ მკურნალობენ

Reuters: პუტინის გარემოცვის კლინიკაში რუს „მწვანე კაცუნებს“ მკურნალობენ

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავის აღსანიშნავი აღლუმი მოსკოვში 24 ივნისს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მოსკოვს წელს 9 მაისის მასშტაბური საზეიმო ღონისძიებების გადატანა მოუწია.

 

დღეის მდგომარეობით, რუსეთის არმიაში ოფიციალური ინფორმაციით, 1535 სამხედრო პირია ინფიცირებული. 24 ივნისის შემდეგ, გაიზრდება თუ არა ეს რიცხვი,  ბუნებრივია უცნობია. თუმცა, მთავარი ეს არ არის. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ კი 75 წლის წინ საბჭოთა ჯარისკაცები ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, დღეს მათი მემკვიდრეები „მწვანე კაცუნები“ აღმოჩნდნენ.

 

ანუ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე კი მოქმედებენ, თუმცა ხელმძღვანელობა მათ არსებობას მალავს, მსოფლიოს დასანახად მათთან ყველანაირ კავშირს უარყოფს   და ამ ადამიანებს არც აღლუმზე გამოიყვანს.

 

თუმცა, სხვადასხვა არალეგიტიმურ სამხედრო ოპერაციაში, რომლის  მიზანი დაპყრობა, ანექსია, ოკუპაცია და დაქცევაა, სწორედ მათ აქცევს საზარბაზნე ხორცად. ისინი ვერც საპატიო გახსენებას და ვერც სახალხო აღიარებას ვერასოდეს მიიღებენ. სამაგიეროდ,   ჭრილობებს უფასოდ იშუშებენ- თუ „მატუშკა რასიას“ ცოცხლები დაუბრუნდნენ.

 

როგორც გავლენიანმა გამოცემა „როიტერმა“ გაარკვია, რუს დაქირავებულ მებრძოლებს არალეგალურად, უფასოდ, სანქტ-პეტერბურგში, სადაზღვევო კომპანიის „სოგაზ“-ის სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ. ეს კომპანია კი ეკუთვნის პირებს, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არიან დაკავშირებულები.

 

ასეთ დაქირავებულ მებრძოლებს კრემლი იმ საიდუმლო სამხედრო ოპერაციებში იყენებს, რომლებსაც სირიაში, უკრაინაში, ლიბიაში და სხვა ქვეყნებში აწარმოებს. მათი გატესტვა ჯერ უკრაინაში მოხდა, შემდეგ კი სირიაში, ლიბიაში, ცენტრალურ აფრიკაში. „როიტერმა“ საკუთარი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა.

რუსეთის კანონმდებლობით, ყველა სამედიცინო ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს პოლიციას იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც საბრძოლო ტრავმები აქვთ მიღებული. ამას გარდა, რუსეთის მოქალაქეს არა აქვს კანონიერი უფლება სამხედრო კონფლიქტებში მიიღოს მონაწილეობა როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა.

 

ამის მიუხედავად კი სწორედ „სოგაზ“-ის კლინიკაში დაჭრილ დაქირავებულ მებრძოლებს ისე მკურნალობენ, რომ ამის შესახებ არც პოლიციაში და არც პროკურატურაში ინფორმაცია „არ შედის“. ის, რომ ამ კლინიკაში ნამდვილად მკურნალობენ „ნაიომნიკები“, ჟურნალისტებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილმა მებრძოლმა დაუდასტურა, რომელიც ლიბიაში ყავდათ გაგზავნილი, ასევე  იმ სხვა დაქირავებულმა მებრძოლებმაც, რომლებიც სირიაში დაიჭრნენ.

რუსეთში COVID19-ით გარდაცვლილების მოწმობაში სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებები წერია
2020-05-20რუსეთში COVID19-ით გარდაცვლილების მოწმობაში სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებები წერია

„როიტერის“ ინფორმაციით, პეტერბურგში ეს კლინიკა 2010 წელს გაიხსნა.
„ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლის თქმით, „სოგაზი“ მათ მომსახურებას უკვე რამდენიმე წელია უწევს. სამხედრო პირი ამბობს, რომ ამ კლინიკაში იარებს სხვა ექვს მებრძოლთან ერთად იშუშებდა. კიდევ ერთი დაქირავებული მებრძოლის დედამ „როიტერს“ უამბო, რომ მისმა შვილმა ასევე სერიოზული დაზიანებები  სირიაში მიიღო და სწორედ „სოგაზი“-ს კლინიკაში მკურნალობდა. არც სამხედროებმა და არც მათმა ოჯახებმა არ იციან ვინ გადაიხადა მკურნალობის ფული.

 

ვინ დგას „სოგაზ“-ის უკან

სადაზღვევო კომპანია „სოგაზი“ დაკავშირებულია „გაზპრომთან“. მისი ტოპ-მენეჯერებს და მფლობელებს შორის არიან ვლადიმერ პუტინის ნათესავები და სხვა ის პირები, რომლებიც მასთან  ახლო კავშირში არიან. მათ შორის, „სოგაზ“-ის წილს წარსულში ფლობდა პუტინის ბიძაშვილისშვილი მიხაილ შელომოვი. ახლა „სოგაზი“-ს აქციების 12,5 %-ს შელომოვის ვაჟი ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხაილ პუტინია, პრეზიდენტის ასევე ახლო ნათესავი. კრემლმა მათი ნათესაობა ოფიციალურად დაადასტურა. „სოგაზ“-ში აქციების პაკეტს ფლობს ბიზნესმენი იური კოვალჩუკი, რომლის ირგვლივ ვლადიმერ პუტინის „პეტერბურგელი მეგობრების წრე“ არის შეკრული.

 

ასევე, „სოგაზ“-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს „გაზპრომი“-ს მთავარი მმართველი ალექსეი მილერი. ის 90-იანებში პუტინთან ერთად, სანქტ-პეტერბურგის მერიაში მუშაობდა. კიდევ უფრო საინტერესოდ ჟღერს ინფორმაცია, რომელიც ვლადიმერ პუტინის სავარაუდო უფროს ქალიშვილს, მარია ვორონცოვას ეხება. ამ დრომდე არც ვორონცოვა და არც პუტინი ნათესაურ კავშირს საჯაროდ არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ. ცნობილია, რომ მარია ვორონცოვა ბიომედიცინით არის დაკავებული და სამედიცინო კომპანია „ნომეკო“-ს დამფუძნებელია.

ეს კომპანია კი „სოგაზის“ დამფუძნებლებში არის მითითებული. „სოგაზ“-ის კლინიკის გენერალური დირექტორმა ვლადისლავ ბარანოვმა, რომელსაც მარია ვორონცოვასთან საქმიანი ურთიერთობა აქვს, „როიტერი“-ს კითხვებს საკმაოდ უკმეხად უპასუხა. „დაივიწყეთ ჩვენი კლინიკების შესახებ, ეს ჩემი რჩევაა თქვენთვის.“-ასეთი პასუხი გასცა მან „როიტერ“-ს. ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, „სოგაზ“-მა, პუტინის ქალიშვილმა და კრემლმა, წერილობით კითხვებს დაჭრილი დაქირავებული მებრძოლეების მკურნალობის შესახებ საერთოდ არ უპასუხეს.

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებას კვლავ მოითხოვს! - რა წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში
2020-05-26რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებას კვლავ მოითხოვს! - რა წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში

რუსეთმა სირიაში სამხედრო ძალები ოფიციალურად 2015 წლის შემოდგომაზე შეიყვანა, 2019 წლის სექმტებერში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ომი დასრულებულია, თუმცა რუსები ჯერ კიდევ რჩებიან სირიის ბაზებზე. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლიდან სირიის ოპერაციაში 40 რუსი სახმედრო დაიღუპა. ამ მონაცემებში არ თვლიან იმ დაღუპულებს, რომლებიც „არც არსებობენ“.

 

თუმცა, არაოფიციალურად ცნობილია, რომ სირიაში „ვაგნერიდან“ რამდენიმე ასეული დაიღუპა. ასევე, ოფიციალურად უცნობია თუ რამდენი მათგანი დაიჭრა და სად მკურნალობენ მათ. კრემლი არასოდეს ადასტურებს, რომ სირიაში, ლიბიაში თუ სხვაგან თავის „მწვანე კაცუნებს“-„მავნე კაცუნებს“ აგზავნის. ისინი ხომ აღლუმებზე გამოსაყვანად არავის სჭირდება…არც მათ გადასარჩენად არის საჭირო სპეცოპერაციების ჩატარება, იომონ ფულისთვის და სიკვდილის მერე კომპენსაციებისთვის. ასე გადაწყვიტეს ვლადიმერ პუტინმა და მისმა მზარეულმა, „ვაგნერ“-ის შემქნელმა ევგენი პრიგოჟინმა.

ვალერიან გობრონიძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X