10:32 | 2020-07-22 ავტორი: Prime Time

რესტორნებში ქორწილები მაინც ტარდება… დედოფლის კაბას არ აცმევენ… თავს ვიტყუებთ! – რეგულაციებს შეწირული სარიტუალო ბიზნესი

რესტორნებში ქორწილები მაინც ტარდება… დედოფლის კაბას არ აცმევენ… თავს ვიტყუებთ! – რეგულაციებს შეწირული სარიტუალო ბიზნესი

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ბევრ ადამიანს შეუქმნა დასაქმების პრობლემა. მართალია შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა, მაგრამ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი სფეროები, რომლებსაც არსებული შეზღუდვები მუშაობის განახლების უფლებას არ აძლევს. ერთ–ერთი ასეთი სარიტუალო დარბაზებია.

 

სარიტუალო დარბაზების მუშაობა საგანგებო მგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მარტში შეჩერდა და დღემდე უცნობია, როდის შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.

 

ბათუმის სხვადასხვა უბანში მდებარე სარიტუალო დარბაზების მეპატრონეებმა და იქ დასაქმებულმა ადამიანებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან ისეთი რეგულაციების მიღება მოითხოვეს, რომლებიც მუშაობის განახლების შესაძლებლობას მისცემს.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციები დააანონსეს.

 

„პრაიმტაიმი“ აქციის რამდენიმე მონაწილეს ესაუბრა. ისინი იმ პრობმელების შესახებ გვიყვებიან, რომლის წინაშეც პანდემიის შედეგად აღმოჩნდნენ და დღემდე გაურკვეველ სიტუაციაში არიან.

 

სარიტუალო დარბაზ „სამოთხეს“ მეპატრონე ჯემალ ქარცივაძე 2011 წლიდან ამ ბიზნესშია. ის შიშობს, რომ თუ რეგულაციები ამ ფორმით კიდევ გაგეძელდება, საკუთარი ბიზნესისა და ქონების დათმობა მოუწევს.

 

„2011 წლიდან ვმუშაობთ. მარტის თვიდან ვართ გაჩერებული და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რა იქნება. ჩემთან ორმოცდაათი ადამიანია დასაქმებული. მართალია, ხელისუფლების გადაწყვეტილებით  200– ლარიან დახმარებებს იღებენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო შეღავათია.

 

ეს ბიზნესი ყველას კრედიტებით აქვს დაწყებული. გვაქვს ძალიან დიდი სესხი, მართალია ეს სამი თვე გადაგვივადა ბანკმა, მაგრამ პროცენტს პროცენტი დაემატა და უფრო გაგვეზარდა გადასახადი.

 

როგორც ვხედავთ, არ აპირებენ ჩვენი საქმიანობის გახსნას. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ მოგვიწევს რაღაცების გაყიდვა, შეიძლება, ქონების და დარბაზებისაც კი, ან ბანკი წაიღებს.

 

ასობით ადამიანია დასაქმებული თითოეულ დარბაზში და ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის. იმ ხალხის უკან ოჯახებია. ჩვენს საქმიანობასთან მთელი რიგი სფეროებია მიბმული.

 

ჩვენ ვამუშავებთ ბაზარს, ტანსაცმლის მაღაზიებს, სალონებს, საქორწილო კაბების სალონებს, საკონდიტროებს, მანქანების გაქირავებას, დიზაინერებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს.

 

გვჭირდება ისეთი რეგულაციები, რომელიც მოგვცემს მუშაობის საშუალებას. ჩვენ ვართ მწვანე ზონაში, უკვე დროა, რომ გავხსნათ ეს ბიზნესიც.

 

მე 700 –კაციანი დარბაზი მაქვს, რომ მომცენ ნება, ერთ მაგიდასთან დავსვა 6 კაცი, ორმეტრიანი დაცილება მაგიდებს შორის, ამ შემთხვევაში, ჩემს დარბაზში 350 ადამიანს თავისუფლად მივიღებ.

 

შეძენილი გვაქვს დისტანციური თერმომეტრი, დეზობარიერები, სითხეები. შემოსასვლელში იქნება ერთი ადამიანი, რომელიც სიცხეს გაუზომავს, დეზინფექციას გააკეთებს და საეჭვო სიმპტომების მქონეს დარბაზში არ შეუშვებს.

 

დღეიდან ღია სივრცეში 100-კაციანი ქორწილების და ქელეხების ჩატარება დასაშვები ხდება
2020-07-20დღეიდან ღია სივრცეში 100-კაციანი ქორწილების და ქელეხების ჩატარება დასაშვები ხდება

 

რესტორნებში ქორწილები მაინც ტარდება. დედოფლის კაბას არ აცმევენ. თავს ვიტყუებთ, თვალებში ნაცარს ვიყრით? ჩვენ ამხელა შენობები გვაქვს, კრედიტებს ვიხდით, გადასახადებს ვიხდით.

 

რაში აწყობს მთავრობას, გაჩერებული რომ ვართ და შემოსავალს ვკარგავთ ჩვენც და სახელმწიფოც. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს მდგომარეობას. ჩემი აზრით, მთავრობას უნდა, რომ ხალხი კმაყოფილი ჰყავდეს. თუ ამ სფეროს გახსნის, რა თქმა უნდა, რეგულაციებით, ჩვენც კმაყოფილი ადამიანების რიცხვს მივემატებით.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ აგვისტოს უფრო ფართომასშტაბიანი აქცია გვაქვს დაგეგმილი და გავაგრძელებთ ბრძოლას“– აცხადებს ჩვენთან საუბარში ჯემალ ქარცივაძე.

 

სატირუალო ბიზნესთან დაკავშირებულია სხვა რამდენიმე სახის ბიზნესიც. მათ შორის არის სადედოფლო კაბებისა და საქორწინო თაიგულების გაყიდვა–გაქირავება. აკრძალვების გამო მძიმე დღეში აღმოჩნდნენ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებიც.

 

ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, ამბობს, რომ მისი ოჯახი შიმშილის პირასაა და უკვე სასოწარკვეთილი ელოდება, როდის გამოასახლებს ბანკი ბინიდან.

 

ნატალი (სახელი შეცვლილია): „ბიზნესის დასაწყებად სესხი გამოვიტანე და ეს სესხი უზრუნველყოფილია ჩემი ქონებით. მეგონა, რომ ავაწყობდი საქმეს და ვალს ნელ–ნელა გავისტუმრებდი. შევიძინე სადედოფლო კაბები, შემოვიტანე აქსესუარები, დავიქირავე მუშახელი.

 

მართალია ბანკმა ვალის გადახდა გადაგვივადა, მაგრამ აწი ხომ უნდა გადავიხადო. რაც მქონდა შემორჩენილი, ისისც დავხარჯე ბავშვების საკვებში.

 

ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და მშიერი ხომ არ დავიხოცებოდით? ვეკითხები ახლა ხელისუფლებას, რა უნდა ვქნათ, როგორ ვიცხოვროთ, რა ვჭამოთ და რაც მთავარია, როგორ გადავიხადო ბანკის სესხი? თუ არ გადავიხდი, ხომ მოვა და გამომიშვებს ბინიდან.

 

უიმედო მდგომარეობაში ვარ და ასეთ დღეშია ყველა, ვისაც ეს ბიზნესი ჰქონდა წამოწყებული, ჩემთან ვინც მუშაობდა, იმათაც გაუსაძლისი მდგომარეობა აქვთ. შეიძლება კოვიდმა არც დაგვხოცოს და შიმშილით სიკვდილი კი გვემუქრება , თუ ასე გაგრძელდა.“

 

ამ ბიზნესში დაქირავებული ადამიანები მართლაც ურთულესი პრობლემები ს წინაშე არიან. ერთადერთ ხსნად რეგულაციების მოხსნა და მუშაობის განახლება ესახებათ.

 

მაყვალა ბოლქვაძე, სარიტუალო დარბაზ „დაისის“ თანამშრომელი გვიყვება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც, ფაქტობრივად უძლური აღმოჩნდა:

 

„ძალიან გვიჭირს. ვერც ერთი თანამშრომელი ვერ მუშაობს . ყველგან რაღაც გაიხსნა, ჩვენი საშველი კი არ არის. არავინ პატრონი არ არის, ერთი თეთრი დახმარება არ მიმიღია. მარტის შემდეგ სახლში ვზივართ სამოცი თანამშრომელი. თავი ძლივს გავიტანეთ გაჭირვებით, ვიღაცა თუ სამადლოდ რაღაცას წამოგვეშველება, ისაა ჩვენი გადარჩენა. მე მოხუცი ვარ, მეუღლე ახალი გარდაცვლილია.  მერიას მივმართე დახმარებისთვის, მაგრამ არავინ  არ მოსულა. ჩემმა თანამშრომელმაც დარეკა ორჯერ, ავადმყოფი შვილი ჰყავს. მოვალთო, მაგრამ დღესაც მოდიან მერიიდან. ჩვენ გვინდა სამუშაო. თუ პატარა დარბაზებში და კაფეებში შეიძლება 200–300 –კაციანი, ამხელა დარბაზში არ შეიძლება? თუ არ მოგვაქცევენ ყურადღბას, ყველანაირ ხერხს მივმართავთ , იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მშიერი ვართ. თავი როგორ გავიტანო, მათხოვრობა დავიწყო?“.

500-კაციანი ქორწილი ხადაში - გახდება თუ არა ის ახალი კლასტერის მიზეზი
2020-07-20500-კაციანი ქორწილი ხადაში - გახდება თუ არა ის ახალი კლასტერის მიზეზი

ეს ადამიანები ხელისუფლებას სთხოვენ, გაითვალისწინოს მათი გაუსაძლისი პირობები და უახლოეს დღეებში რეგულაციები შეცვალოს. მართალია, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პრობლემებს აქციები ვერ უშველის. ეს თვითონაც კარგად იციან და სახელმწიფოს მხრიდან დახმარების იმედი აქვთ.

 

უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღია სივრცეში ასკაციანი საქორწინო რიტუალების ჩატარება ნებადართულია. ეს ნაწილობრივ შეამსუბუქებს იმ ბიზნესის მდგომარეობას, რომელიც დაკავებულია საქორწინო კაბების, აქსესუარებისა და თაიგულების გაყიდვა–გაქირავებით. თუმცა ბათუმში ღია ცის ქვეშ ასეთი მრავალრიცხოვანი რიტუალების ჩასატარებელი ადგილი თითქმის არ არსებობს. ამასთანავე,რეგულაციების ამ სახით შემსუბუქება სარიტუალო ბიზნესით დაკავებულებს ვერანაირ შეღავათს ვერ მისცემს.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X