02:05 | 2020-07-02 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რაც ყველაზე ნათლად მახსოვს, ჩემი სისხლია! – დავით თევზაძე 27 წლის წინ მომხდარ ტამიშის ბრძოლაზე

რაც ყველაზე ნათლად მახსოვს, ჩემი სისხლია! – დავით თევზაძე 27 წლის წინ მომხდარ ტამიშის ბრძოლაზე

27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოჩამჩირეში, ტამიშში სისხლისმღვრელ ბრძოლას ქართველი ჯარისკაცები ემსხვერპლნენ.

 

1993 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე, დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა.

 

ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნველყოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს.

 

დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. ჩრდილიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია.

 

შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა.

კომუნიზმის შიზოფრენია: ნაწყვეტი ქართველი წითელარმიელის მოგონებიდან
2020-06-17კომუნიზმის შიზოფრენია: ნაწყვეტი ქართველი წითელარმიელის მოგონებიდან

მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა შეძლეს დესანტის მოგერიება, შეინარჩუნეს პოზიციები და მთლიანად გაანადგურეს საზღვაო დესანტი.

 

სწორედ ამ დღეს იხსენებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„სულ რამოდენიმე საათში, დილის 6-ზე, 27 წლის წინ, ოჩამჩირელი არტილერისტების მიერ გასროლილმა ჭურვმა, კინდღის ბაზაზე მყოფნი, ერთბაშად წამოგვყარა და ასევე ერთბაშად, იქვე, დაგვყო ზეცად ამაღლებულებად და დარჩენილებად… თუმცა მაშინ, არც ერთმა არ ვიცოდით ეს….

 

დღეს 2 ივლისია. ტკივილისა და სიამაყის დღე და დღეს, 27 წლის შემდეგ არ ვიცი რა დარჩა უფრო მეტი: სიამაყე თუ ტკივილი: ერთნაირად მეამაყება და მტკივა, ერთნაირად ბედნიერიც ვარ და დათრგუნულიც

 

მაშინ, დილის 6 საათზე, არავინ ვიცოდით რა იქნებოდა ერთ საათში, ორში, დღის ბოლოს. მაშინ, დილით 6 საათზე არავინ ვიცოდით ვის შეუძღვებოდა განგება მარადისობაში, თუმცა ეს არც იყო მთავარი. მთავარი იყო ჩვენი თავმოყვარეობა, მტრის სიძულვილი და მტკიცე გადაწყვეტილება, გვებრძოლა…

 

როდესაც ღამემ გაგვყარა მებრძოლები, უკვე ვიცოდით, რომ გამარჯვებულები ვიქნებოდით აუცილებლად, თუმცა წინ უამრავი მძიმე დღე, სასტიკი შეტაკება, უამრავი სისხლი და უამრავი ტკივილი იდო. წინ იდო უკვდავი ეპოპეა ანუაარხუს დაცვისა, პატარა ბორცვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის.

 

ხშირად, როდესაც მთხოვენ, გაიხსენე რამე, ჩუმად ვარ … ჩუმად ვარ იმიტომ რომ იმ დღეებიდან, ის რაც ყველაზე ნათლად მახსოვს, ჩემი სისხლია, რომელსაც გამომშრალი მიწა ისრუტავს… არაა მოსაყოლი… ვიცი…

 

რას განვიცდიდი?

 

განგება ყველას არ აძლევს შანსს ის ბედნიერება განგაცდევინოს, როდესაც იცი რომ შენი მიწაში ჩასული სისხლი წინაპართა სისხლს ფიზიკურად უერთდება …

 

მე მომცა ეს შანსი და სანამ გონებას დავკარგავდი, ბედნიერებას განვიცდიდი… საქართველოსთვის მეოცე საუკუნის უდიდესი ბრძოლის თანამონაწილის ბედნიერებას … როგორ ავხსნა ეს სხვასთან?

 

ამიტომაც დღეს, 2020 წლის 2 ივლისს, გმირთა მემორიალთან ვინც შევიკრიბებით, ამას ყველაფერს უთქმელად გავიხსენებთ…

 

მენატრებით ძმებო, დარჩენილნო და წასულნო. ის ძველი ურთიერთობები მენატრება, სუფთა და გულწრფელი. ახლა დროც შეიცვალა და ბევრი ჩვენგანიც.

მშვიდობისთვის მოუმზადებლები აღმოვჩნდით ჩვენ.. .“ – წერს დავით თევზაძე.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

X