19:51 | 2021-07-02 ავტორი: თამარ გონგაძე

“რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს” – სიმღერა, რომლის ავტორისა და შექმნის ისტორიაზე არაფერი იცოდნენ

“რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს” – სიმღერა, რომლის ავტორისა და შექმნის ისტორიაზე არაფერი იცოდნენ

“რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს” – ეს სიმღერა გოგი დოლიძის სავიზიტო ბარათია. საოცრად მღერის, მისთვის ჩვეული მოწიწებითა და სიყვარულით. მას შემდეგ ამ სიმღერის რამდენიმე ვერსია ჩაიწერა. ერთი კვირის წინ კი, სიმღერას ახალი სიცოცხლე, ლუკა თოფურიასთან ერთად სტეფანემ შესძინა. თავის სტილში, ძალიან სასიამოვნოდ მღერის, განწყობა მოაქვს. ვერსია ძალიან მოსწონს სიმღერის ავტორს, მარინა ლეკიშვილს.

 

სხვათა შორის, გოგის შესრულებით ისე უყვარდათ ეს სიმღერა, რომ საკმაოდ დიდი ხანი არავინ იცოდა, თუ ვინ იყო მისი ავტორი. ეს ქალბატონი მარინას “ბრალი” აღმოჩნდა. ხომ არსებობენ ადამიანები, ჩრდილში რომ ეკომფორტულებათ ყოფნა და საერთოდ არ აქვთ გამოჩენის ამბიცია. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვშია ისიც.

 

პროფესიით ეკონომ-გეოგრაფს არასდროს გასჩენია ამბიცია, რომ თავი კომპოზიტორად გამოეცხადებინა და საკუთარი ჰიტებით ეამაყა. უხაროდა თავისთვის, როდესაც მის სიმღერებს ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ…

 

მარინა ლეკიშვილის სულ შვიდი სიმღერა ამღერდა, რომელთა სათავეში “რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს” არის…

 

ის “პრაიმტაიმის” მკითხველს ამ ჰიტზე და გოგი დოლიძეზე უყვება.

 

მარინა ლეკიშვილი: – ეს სიმღერა 24 წლისამ დავწერე. აბსოლუტურად არანაირი ინსპირაცია არ მქონია, არც რაიმე ფაქტი უძღოდა წინ. შეყვარებულიც არ ვყოფილვარ. ეს იყო ჩემი ხასიათის და განწყობის სიმღერა. ალბათ, რომანტიკული ადამიანი ვარ.

 

მასთან ერთად მეორე სიმღერაც დავწერე, რომელიც აღარc კი მახსოვს. საერთოდ, ორი სიმღერა მაქვს მხიარული, დანარჩენი ყველა სევდიანია. თუმცა კარგ ხასიათზე რომ ვიყავი, მაშინ მაქვს დაწერილი.

 

რატომღაც ეგონათ, რომ “რაც ამ ქვეყნად” გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი. მაგრამ ასე არ ყოფილა. მე მას მივუძღვენი სიმღერა “წლები გადის”.

 

 

ჩემი მეგობარი ზურა ერისთავi, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა, იმ ზაფხულს, როდესაც სიმღერა დავწერე, ჩამაცივდა, რომ მესწავლებინა.

 

გულწრფელად რომ გითხრათ, ამ სიმღერაზე აქცენტი აღარც გამიკეთებია და არ მიმღერია. რომ არა ზურა, ეს სიმღერა ასეთი პოპულარული არც იქნებოდა.

 

გოგი დოლიძემდე ხუთი წლით ადრე, ეს სიმღერა, გადაცემა “ახალგაზრდულ ხმებში” ნანი გელოვანმა და ნუნუკა ფილიამ შეასრულეს.

 

შემდეგ 1987 წელს, თამრიკო ჭოხონელიძის დამსახურებით, გადაცემა “დუეტში”, გოგიმ ეს სიმღერა შეასრულა, თუმცა იმ დროს არცერთმა არ იცოდა, რომ ეს ჩემი სიმღერა იყო, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ვმეგობრობდით.

 

გოგი უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდა, მე უნივერსიტეტში ვმღეროდი. ერთად გვიმღერია კონცერტებზე. გოგის უნივერსიტეტში ვამღერებდით. შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. იმ წლებიდან ვიცნობდი, სანამ საქვეყნოდ ცნობილი “გოგი დოლიძე” გახდებოდა.

 

ჩემი გაცინება იოლია და გოგი კონცერტებზე მაცინებდა. ღია სივრცეებში ჩატარებულ კონცერტებზე, ხან რას და ხან რას მოიგონებდა, რომ სიმღერის დროს გავეცინებინე. მეც შუა სიმღერაში, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი.

 

2021-06-29"მაქვს განცდა, ხვალ რომ ვეღარ ვნახო!.." - გიორგი სუხიტაშვილს მეგობრის გარდაცვალებამ შიშები დაუტოვა

 

მოკლედ, შემდეგ გაიგო გოგიმ რომ ეს ჩემი სიმღერა იყო და ხშირად ასრულებდა. თუმცა არსად არ ჟღერდა ჩემი სახელი და გვარი. არც იყო საჭირო. მე კომპოზიტორი არ გახლავართ. არც პრეტენზია მქონია და არც მიზანი, რომ ჩემი აფიშირება მომხდარიყო. ეკრანზე არ მიყვარს გამოჩენა. ერთადერთი, რადიოში მივდიოდი.

 

– ეს სიმღერა, გოგის შესრულებით, ისეთი პოპულარული იყო, უცნაურია, რომ არ გსურდათ გამოჩენა.

 

– მერე რა? არ მინდოდა. მე ეს სიმღერა უბრალოდ დავწერე, ჩემთვის და არა მომღერლისთვის. სულ არ მიფიქრია, რომ რომელიმე სიმღერას სცენაზე შეასრულებდნენ. შემდეგ ჯემალ სეფიაშვილმა რომ გაიგო, რომ ჩემი სიმღერა იყო, უკვე მისი მითითებით, ყველგან იწერებოდა, რომ ავტორი მე ვიყავი.

 

– და სიმღერა “რაც ამ ქვეყნად” გოგი დოლიძის სავიზიტო ბარათად იქცა.

 

– გოგი იმაზე მეტ ემოციას გადმოსცემდა, ვიდრე მე მქონდა სიმღერაში ჩადებული. ორი ვარიანტი ჰქონდა, ერთში ცრემლებით მღეროდა. სულ მეუბნებოდა, მამი, შენ არ იცი, მე რომ არ სიმღერას ვმღერი, ქალები რა დღეში ვარდებიანო.

 

გოგის ძალიან უნდოდა ჩემი მეორე სიმღერის ჩაწერა – “აღარ მითხრა, მიყვარხარო”. ბათუმში მიდიოდა და ახლობელს უთხრა, მარინას ეს სიმღერა უნდა ჩავწეროო. მთხოვდა, არსად იმღერო, სანამ მე არ ჩავწერ, ეგ სიმღერა, თავისი ტექსტით და სათქმელით, ჩემი ცხოვრებააო. ისე უნდა “გავარტყა”, როგორც შენი იმ პირველი სიმღერითო… მაგრამ მალევე გარდაიცვალა კიდეც. ეს სიმღერა შემდეგ ლაშა ღლონტმა არაჩვეულებრივად შეასრულა.

 

 

– და სტეფანეს ვერსიაზე რას ფიქრობთ?

 

– სტეფანეს, როგორც მუსიკოსს, დიდ პატივს ვცემ. დამირეკა, თავისი სურვილის შესახებ რომ მითხრა, ძალიან გამიხარდა. მე ლუკა თოფურიაც და ლევან დეისაძეც ვიცოდი, თუმცა მთავარი ჩემთვის სტეფანე იყო. ვენდობი მის გემოვენებას. ზომიერია. და საბოლოო ვერსია რომ მოვისმინე, აღფრთოვანებული დავრჩი. ვუთხარი, ამ სიმღერას მეორე სიცოცხლე აჩუქე-მეთქი.

 

გაათანამედროვა და სხვა სტილშია. ამ სიმღერას, ბოლო წლებში, ბევრი ასრულებს და მიხარია, რომ მას ახალგაზრდები ასრულებენ.

 

გოჩა აბულაძე ერთადერთი კლასიკოსი შემსრულებელია (ბარიტონია), რომელმაც რომანსის ჟანრში იმღერა. აღფრთოვანებული ვარ. ჩვენი დამეგობრება ამ სიმღერის შესრულების შემდეგ მოხდა.

 

მგონია, რომ ამ სიმღერას სიცოცხლე გაუხანგრძლივდება. ძალიან მადლობელი ვარ ყველა მუსიკოსის, ვინც ჩემს სიმღერას მღერის.

 

Exclusive:
2021-09-27Exclusive: "კაბას ვიხდი, ვიცვამ ხალათს და ოპერაციაზე შევდივარ. ჩვენი დანის ქვეშ მოხვედრა, ყველას უხარია" - საოცარი ისტორია მოძღვარზე, რომელიც ოპერაციებს გალობით აკეთებს

 

– აღარ წერთ სიმღერებს?

 

– საკმაოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ამას თავისი განწყობა და ხასიათი უნდა. ყველა სიმღერა, თავისი ტექსტით, ხუთ წუთში მოდიოდა. ზურა გოცაძის ტექსტზე მაქვს ერთი სიმღერა, რომელსაც ტრიო “სიმი” ასრულებს.

 

არც ერთი სიმღერა მომღერლისთვის არ დამიწერია. ეგ კი არა, სიმღერა “აღარ მითხრა, მიყვარხარო” რომ დავწერე, ვერ ვეუბნებოდი გოგის, მოდი, მოგასმენინო-მეთქი.

 

ბოლო წელიწადი, მე და გოგი, თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით, მეგობრები ვიკრიბებოდით, დილამდე ვმღეროდით. როგორც შემოქმედი და პიროვნება, ისეთ პატივისცემას იმსახურებდა, ვერც გავუბედე, მოისმინე-მეთქი. მერე ისევ თვითონ გაიგო, რომ ახალი სიმღერა მქონდა. არ უნდა მომასმენინოო? – მკითხა და როგორი კანკალით ავდექი და როგორ ვუმღერე, არ მახსოვს.

 

სიმღერა რომ დავამთავრე, გოგის ხელზე ჰქონდა თავი ჩამოდებული. მაგ სიმღერას მე ვიმღერებ, არავისთან არ იმღეროო, მითხრა. სამწუხაროდ, არ დასცალდა.

 

 

მაღალი დონის შემსრულებელი იყო. მასთან ერთად სიმღერას ვერ ვბედავდი, თუ თვითონ არ მეტყოდა. დიდ პატივისცემას იმსახურებდა. დილამდე რომ ემღერა, ჩვეულებრივად არ იმღერებდა. გულს ბოლომდე ამოიღებდა და ბოლომდე დაიხარჯებოდა. სხვანაირად არ შეეძლო. სიმღერას არ გააუბრალოვებდა. ან დუეტში როგორ წარმოაჩენდა მეწყვილეს და თვითონ ჩრდილში რჩებოდა. სასწაული იყო.

 

გოგი სიმღერისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის იყო დაბადებული. და როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა, იმის ენით გადმოცემა არ შემიძლია, თუ რა დამემართა. დეპრესია კარგა ხანს გამყვა. ჩავთვალე, რომ ჩემი შემოქმედება გოგის წასვლასთან ერთად დასრულდა.

 

ის არ იყო ჩვეულებრივი პიროვნება. და მხოლოდ მე არ ვიყავი ამ დღეში. ყველას ეგონა, რომ გოგი მისი უახლოესი მეგობარი იყო. ყველამ თავისი გოგი დაკარგა.

 

– და გოგი რომ ცოცხალი ყოფილიყო, თქვენი ტანდემი ისევ გაგრძელდებოდა, როგორ ფიქრობთ?

 

– ალბათ. მე ასე მგონია. სტიმულს მაინც მომცემდა.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X